ზუგდიდში ქულების კარგვა არავის მოეწონებოდაო...

AutoSharing Option
მეორე ტურია, ზუგდიდური კლუბი შინ მხოლოდ ქულას სჯერდება. ეს შეხვედრაც მასპინძელთა აშკარა უპირატესობით დაიწყო და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მაყურებელმაც საკუთარი გუნდის გამარჯვება თითქოს წინასწარ ირწმუნა. გადახალისებული შემადგენლობის მიუხედავად, "ბაიას" მეტოქესთან შედარებით სერიოზული უპირატესობა ჰქონდა. პირველ ტაიმში "სპარტაკს" მოედნის ცენტრის გადალახვაც უჭირდა. გრიშიკაშვილს კი თავიდანვე უამრავი საქმე ჰქონდა - ეხვაიას, გუგუჩიას, წურწუმიასა და აკობიას ახლო თუ შორეულ დარტყმებს ცხინვალელთა კარის დარაჯი, ზოგჯერ დამაჯერებლად, ზოგჯერაც რის ვაი-ვაგლახით იგერიებდა.

"ბაიაში" აქტიურობით გამოირჩეოდა მცირე ტრავმის შემდეგ ძირითადში დაბრუნებული ჩხეტიანი, რომელიც ცხინვალელთა გოლკიპერსა და
დაცვას მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. გრიშიკაშვილს არა ერთი პრობლემა შეუქმნა კვეკვესკირი-გოგობერიშვილის დუეტმაც, მაგრამ... მასპინძელთა ბომბარდირის მეგრელაძის არყოფნის გამო, საგოლე მომენტების რეალიზაცია ვერ ხერხდებოდა...

მეორე ტაიმიც "ბაიას" სწრაფი შეტევებით დაიწყო და მალევე ანგარიშიც გაიხსნა. ერთ-ერთი შეტევისას "სპარტაკის" ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და არბიტრს 11-მეტრიანზე არ უყოყმანია. პენალტი უნაკლოდ შეასრულა გუგუჩიამ და სამი ქულის მოსაპოვებლად გუნდს დიდი სტიმულიც მისცა, თუმცა... სწორედ ამის შემდეგ მოდუნდნენ "ბაიას" ფეხბურთელები, თანდათან მათ მოედნის ცენტრზე კონტროლიც დაკარგეს და დაცვაშიც არადამაჯერებლები გახდნენ.

სტუმრებმა კი მეტოქის ამგვარი მდგომარეობა სათავისოდ გამოიყენეს და 15 წუთში წონასწორობაც აღადგინეს, ოღონდ, არა - მასპინძელთა დახმარების (რბილად რომ ვთქვათ) გარეშე. შეცვლაზე შესულმა ბოლქვაძემ კუთხურიდან ისე სახიფათოდ ჩაახვია ბურთი, ჭიჭვეიშვილმა მოგერიების ნაცვლად საკუთარ კარში ჩაჭრა.

ამის შემდეგ ზუგდიდელები კვლავ გააქტიურდნენ. სიხარულიას ზუსტი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გუგუჩიამ გრიშიკაშვილს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ "ბაია" მცველებმა გადაარჩინეს. შემდეგ წურწუმიას გადაცემა ახალაიამ კინაღამ გოლით დაასრულა - ამ ეპიზოდში გრიშიკაშვილმა იყოჩაღა.

დაძაბულობამ კულმინაციას მატჩის ბოლოს მიაღწია, როცა "ბაიას" ბოლო შეტევისას გრიშიკაშვილმა კუკავას ბურთი პირდაპირ ფეხიდან ააცალა. ამ დროს ზუგდიდელთა შემტევის ფეხი მეკარეს სახეში მოხვდა, რამაც, ცხადია, ძლიერ გააღიზინა და კუკავასკენ გაიწია კიდეც...
საბედნიეროდ, მცირე კონფლიქტი მალევე ამოიწურა და თამაშის განახლებისთანავე საფინალო სასტვენიც გაისმა...


მატჩის შემდეგ

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): "მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს პირველ ნახევარში აშკარად ვაჯობეთ, რასაც ვერ დავუკარგავ ფეხბურთელებს, მთავარია თამაშისთვის განკუთვნილი 90 წუთი და მსაჯის მიერ დამატებული დრო. არადა, გოლის შემდეგ ჩვენმა ბიჭებმა საქმე მოთავებულად მიიჩნიეს და ამის გამო დავისაჯეთ კიდეც. დავინახე გულგრილობა და ზედაპირულობა ცალკეული ფეხბურთელების მხრიდან, რასაც მომდევნო შეხვედრაში აუცილებლად მოჰყვება კორექტივები. ეს შედეგი ზუგდიდელ ქომაგებს, მით უმეტეს საკუთარ მოედანზე, ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებს. მოწინააღმდეგე გუნდს კი დამსახურებულ ქულას ვულოცავ".

გოჩა ჩიქოვანი (სპარტაკი): "ვერავინ იტყვის, რომ დღეს ცუდი თამაში იყო. პირველ ნახევარში მეტოქე აშკარად გვჯობდა და ამის შედეგი იყო ალბათ ის, რომ მეორე ტაიმის დასაწყისშივე გოლი გავუშვით. შემდეგ ჩვენც გამოვასწორეთ თამაშის ხარისხი და ანგარიშის გათანაბრებაც მოვახერხეთ. ზუგდიდში ქულის მოპოვებით ძალიან კმაყოფილი ვარ. არ ვიცი, ვინ დამეთანხმება ამ მოსაზრებაში, მაგრამ შედეგი ლოგიკურად მიმაჩნია".


ბაია 1
სპარტაკი 1

25.09. ზუგდიდი. გ. თუთბერიძე. 1 000 მაყურებელი
1:0 გუგუჩია (48-პენ), ჭიჭვეიშვილი (66. ავტოგოლი)

ბაია სპარტაკი
4-1-4-1 4-4-2
ზუხბაია გრიშიკაშვილი
კვეკვესკირი ჭაფოძე
ჭიჭვეიშვილი მგელაძე
კვესეიშვილი ბოიომო
აკობია კორსანტია
გოგობერიშვილი კაშია
წურწუმია შონია
ჩხეტიანი ხაჭვანი
სიხარულია ჩალაძე
გუგუჩია დეკანოიძე
ეხვაია ბუზალაძე

ბაია
76. სიხარულია - ლომია
81. ეხვაია - ახალაია
89. გუგუჩია - კუკავა
სათადარიგოები: ზარქუა, კანდელაკი, ვართაგავა, დოლიძე

სპარტაკი
30. ბუზალაძე - კლოვისი
65. ხაჭვანი - ბოლქვაძე
79. კაშია - მაისურაძე
სათადარიგოები: დაუშვილი, აქუბარდია, სარალიძე

გაფრთხილება: წურწუმია (25), კვესეიშვილი (41), კორსანტია (58), ჩალაძე (62), კუკავა (90)
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი


ლაშა გოგილავა
ზუგდიდიდან


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული