რა შემთხვევაში იმუშავებს მაქაბის მწვრთნელი ქუთაისის ტორპედოში?

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ცნობილია, რომ რამაზ მუმლაძის ნაცვლად გუნდს დროებით "ტორპედოს" დუბლების მთავარი მწვრთნელი გია გიგატაძე ავარჯიშებს. პარალელურად, "ვისოლის" თავკაცები ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. გუშინდელ ნომერში გაუწყეთ, რომ მათი წარმომადგენელი ჰაიფას "მაქაბის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტ გიორგი დარასელიას დაუკავშირდა. ეს ინფორმაცია დარასელიამ თავადვე დაგვიდასტურა. ამას გარდა, ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილ მოთამაშეს სხვა თემებზეც ვესაუბრეთ...

- როგორც გავიგეთ, ქუთაისის "ტორპედოდან" დაგიკავშირდნენ და მთავარი მწვრთნელის პოსტი შემოგთავაზეს...
- ქუთაისის "ტორპედოდან" ერთხელ მართლაც დამიკავშირდნენ, მაგრამ არა ხელმძღვანელები, არამედ, მათი წარმომადგენელი. ეს პიროვნება
დაინტერესდა - რამე რომ იყოს, ჩვენთან ხომ არ იმუშავებდიო?

- და მერე, "რამე რომ იყოს", იმუშავებდით ქუთაისის "ტორპედოში"?
- გააჩნია, რა პირობებს შემომთავაზებენ...

- ვეჭვობთ, ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის შემდეგ საქართველოში მუშაობას დათანხმდეთ. თუმცა ქუთაისის "ტორპედოში" დღეს საუკეთესო პირობებს ქმნიან...
- იცით, ცხოვრებამ თავისი მოიტანა. საქართველოდან წასვლისა და ისრაელში მუშაობის შემდეგ საკმაოდ შევიცვალე. ახლა უკვე კარგად ვიცი, რა მინდა წარმატების მისაღწევად და რა უნდა მოვითხოვო. აქვე განვმარტავ, რომ საქმე მხოლოდ ჩემი ხელფასი არ არის. ჰაიფას "მაქაბიდან" სხვა კლუბში თუ მიდიხარ, ზუსტად ის პირობები და საფეხბურთო გარემო მაინც უნდა დაგხვდეს, რასაც შეეჩვიე. სხვაგვარად, ძნელია მუშაობას გული დაუდო და წარმატებებს მიაღწიო. ადვილია მხოლოდ საკუთარი ხელფასის მოთხოვნა, მაგრამ ასე მხოლოდ არასერიოზული მწვრთნელი თუ გააკეთებს, რომელიც მხოლოდ ფულზე ფიქრობს და არა - შედეგზე... წლებია ისრაელში ვმუშაობ და ბუნებრივია, საქართველოში დაბრუნებაზე ბევრჯერ მიფიქრია. თუმცა მინდა, ჩემს ქვეყანაშიც იყოს "მაქაბის" მსგავსი კლუბი, ამბიციები და საფეხბურთო ატმოსფერო. სხვათა შორის, კლუბის წარმომადგენლის დაკავშირებამდე ბევრისგან მსმენია, რომ "ვისოლის" ხელმძღვანელობამ ქუთაისის "ტორპედოს" სერიოზულად მიხედა.

- მოდით, დავაკონკრეტოთ - "ტორპედოს" წარმომადგენელმა პირდაპირ მთავარი მწვრთნელობა შემოგთავაზათ თუ უბრალოდ თქვენი პოზიციით დაინტერესდა?
- მე ჩემი სამუშაო პირობები ვუთხარი და ლაპარაკი ამით დასრულდა. ეს იყო წინასწარი საუბარი და მეტი არაფერი, ჯერ მოლაპარაკებასაც ვერ დავარქმევ. კონკრეტული არც პასუხი მითქვამს და არც წინადადება ყოფილა, თანაც, ჰაიფას "მაქაბისთან" ჯერ კიდევ კონტრაქტი მაკავშირებს.

- და როდის მთავრდება ეს კონტრაქტი?
- სეზონის ბოლოს, მაისში. "ტორპედოს" წარმომადგენელმა ყველაფერი ამიხსნა. "ვისოლის" ხელმძღვანელების კარგად მესმის - კლუბი აიყვანა კომპანიამ, რომელიც ფიქრობს, დახარჯული თანხა რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენოს და ისეთი მწვრთნელი სჭირდებათ, ფულს წყალს რომ არ გაატანს. "მაქაბია" სწორედ იმის მაგალითი, როგორ შეიძლება ინვესტიცია ეფექტური გახდეს - მისი პრეზიდენტი უკვე 28 წელია ფლობს კლუბს და ძლიერი სტრუქტურა ააწყო, შეკრიბა თანამოაზრეები და თითოეული დახარჯული ცენტი კლუბის განვითარებას ემსახურება. კარგია, რომ საქართველოშიც არიან თანამედროვედ მოაზროვნე ბიზნესმენები. თან "ტორპედო" ხომ ჩემთვის უცხო კლუბი არ არის, ქუთაისში წლების განმავლობაში ვთამაშობდი და მისი აღორძინება ძალიან გამიხარდება.

- საქართველოში მუშაობა არ გსურთ?
- როგორ არ მსურს? ძნელია სულ უცხოეთში ყოფნა, მაგრამ... სამუშაო პირობებიც ხომ აუცილებელია?

- "ტორპედომდე" რომელიმე ქართულ კლუბში მუშაობა არ შემოუთავაზებიათ?
- ეს იყო რამდენიმე წლის წინ, როცა მწვრთნელობას ვიწყებდი. თუმცა მაშინ რომ დავთანხმებულიყავი, მუშაობის უფლება არ მექნებოდა, რადგან მხოლოდ B კატეგორიის ლიცენზიას ვფლობდი, ამიტომ ისრაელში დარჩენა და სწავლის გაგრძელება ვამჯობინე.

- რომელ გუნდში გიწვევდნენ?
- სოხუმის "დინამოში", რომელიც უმაღლეს ლიგაში გადავიდა და გოჩა ჟორჟოლიანთან ერთად შემომთავაზეს მუშაობა.

- საქართველო-ისრაელის შეხვედრას დაესწარით და საინტერესოა, ჩვენს ნაკრებზე როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ჯერ ერთი, თემურ ქეცბაიას თითოეული ჩვენგანისგან მადლობა ეკუთვნის, სამშობლოში რომ დაბრუნდა. წინა ციკლის შემდეგ საქართველოს ნაკრები აშკარად შეცვლილი და გაძლიერებულია. სხვათა შორის, ამასწინათ ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფერნანდესმა მთხოვა, შენთან სალაპარაკო მაქვსო - კაცი გაოცებული იყო, წინა ციკლში თქვენების ყველა შეხვედრა ვნახე და ქეცბაიამ როგორ მოახერხა გუნდის ასე გარდაქმნა, კინაღამ მოგვიგესო. ქეცბაიაზე ძალიან კარგად ილაპარაკა - ეტყობა, ძლიერი სპეციალისტია, სხვაგვარად, ნაკრები ასე ვერ შეიცვლებოდაო და ასე შემდეგ. მართალიც არის, თემური როგორი გულიანი ბიჭი და ფეხბურთელიც იყო, ისეთივე გუნდს აყალიბებს და ჩვენი ეროვნული ნაკრების პროგრესი ყველასთვის აშკარა გახდა. საბერძნეთთან გასვლაზე ფრე იოლი ნამდვილად არაა. ერთადერთი, რაც ფერნანდესმა კარგად ვერ გაიხსენა, ჩვენი ეროვნული სტადიონის მოედანი იყო - თამაში ძალიან გაგვიჭირდაო. თემურის წარმატება ყველას გაგვიხარდება და მას სწორედ ამას ვუსურვებ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
მემგონი აჯობებს დარასელიასთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის თუ ეს კაცი მაკაბიში დარჩება,ტორპედოს უამისოდაც ეშველება,და იქ დარჩენიტ დიდი სანსია კარგი სადნო სპეციალისტი ჩამოყალიბდეს და შოთას და ქეცბაიას შემდეგ კიდევ გვეყოლება აღიარებული ქართველი სპეციალისტი რაც უფრო გამოადგება ქართულ ფეხბურთს.
tbiliseli
10:03 29-09-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული