იური გაბისკირია – შესაძლოა, მახარაძე შემდეგ ტურში დაგვიბრუნდეს

AutoSharing Option
თემურ მახარაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. ამიტომ გუშინ, "სამტრედიასთან" მატჩის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებელ იური გაბისკირიას დავუკავშირდით, რომელიც მახარაძის უახლოესი ადამიანია.

- ბატონო იური, მახარაძე გუნდიდან წავლას აპირებს თუ რეალურად რა ხდება?
- გეტყვით, რაც მოხდა: მახარაძემ "კოლხეთთან" წაგება იმდენად განიცადა, რომ ეს ორმატჩიანი პაუზა აუცილებლად სჭირდებოდა. მთელი გუნდი გვერდში ვუდგავართ და გესმის, რომ ასეთი მარცხი მძიმედ განიცადა. რამდენი წელია მთავარ მწვრთნელად მუშაობს და მგონი, "ოლიმპში" კი არა, 1:5 არც ერთი გუნდით არ წაუგია. კარგად მახსოვს, ქუთაისის "ტორპედოში"
ვიყავი, პირველ ლიგაში მოსკოვის ცსკა-სთან 1:8 რომ წავაგეთ. ეს იყო ნამდვილი კატასტროფა და ფეხბურთელებმა ძალიან განვიცადეთ. დიდი ანგარიშით წაგება მწვრთნელისთვის კიდევ უფრო მეტი დარტყმაა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ოლიმპს" საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პირობები გააჩნია, ქვეყნის ჩემპიონია და მწვრთნელისთვის ეს ანგარიშით წაგება რთული გადასატანი აღმოჩნდა. ფოთელებთან მატჩის შემდეგ, გასახდელში ისე საშინელ დღეში იყო, მისი ყურებით მე გავხდი ცუდად. "კოლხეთი" კარგი გუნდია და კარგი მწვრთნელიც ჰყავს, მაგრამ ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ. სეზონის მსვლელობის დროს, ხდება ასეთები, გარკვეულ პერიოდში გუნდს ჩავარდნა აქვს. თუმცა, ვიღაც მაინც გამოჩნდება და სხვებს აიყოლიებს. ფოთში კი ყველა გამოფიტული იყო. ალბათ, ისიც შეცდომა იყო, რომ შუადღისას გავემგზავრეთ და ბიჭები მოედანზე გამოფიტულები გავიდნენ.

- მახარაძე "სამტრედიასთან" მატჩს ესწრებოდა?
- სტადიონზე არ იყო, ცუდად არის. თუმცა ტელეფონით გამუდმებით ვუკავშირდებოდით. ის არსად არ მიდის, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. "ოლიმპის" ხელმძღვანელობაც ამ აზრზეა. ან საიდან მოიტანეს, მუმლაძე მოდისო? მახარაძე არსად წასულა, პატარა პაუზა სჭირდებოდა. ველაპარაკე და ვიცი, რომ დაბრუნდება.

- თუ არ მიდის, მაშინ როდის დაბრუნდება?
- არაა გამორიცხული 3 ოქტომბერს ბოლნისის "სიონთან" გუნდი მოედანზე ბატონმა თემურმა გაიყვანოს, თუმცა, ჯერ ზუსტად მაინც ვერ გეტყვით.

- დღეს "სამტრედიასთან" კარში ბათიაშვილი იდგა, ეს ფაქტი და გია ჭანტურიას დაბრუნება გია ბედიაშვილის გაშვებას ხომ არ ნიშნავს?
- არა, რატომ უნდა გავუშვათ? ბედიაშვილზე ნაკრების შემდეგ დაგვიბრუნდება და მის გაშვებას არავინ აპირებს. ან ბათიაშვილის დაყენება რა გასაკვირია, არავიზე ნაკლები მეკარე არაა, დღეს პენალტი აიღო და ძალიან კარგად ითამაშა.

- სამი მეკარე გეყოლებათ?
- ჭანტურიამ ვარჯიში დაიწყო, სათანადო ფორმას აკრიფავს და იმედია, მალე სათამაშოდ მზად იქნება. აბა, რისთვის მოვიყვანეთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული