უკეთესის იმედით - 10 აგვისტოს ეროვნული პირველობა იწყება

AutoSharing Option
10 აგვისტოს ორი მატჩით საქართველოს მორიგი ეროვნული ჩემპიონატი გვეწყება და იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი სეზონი წინაზე უფრო საინტერესო და რაც მთავარია, ნაკლებად სკანდალური გამოდგება.

შეგახსენებთ, უმაღლეს ლიგაში ამჯერადაც 12 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც თავდაპირველად ორ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყოფიან.

გადაწყდა, რომ ჩემპიონატის პირველი ეტაპი, ანუ 22 ტური, ამ წლის ბოლომდე უნდა მოესწროს და ამიტომ საქართველოს თასის გათამაშება 2013 წელს დაიწყება.

თუ ვინ არიან ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები და ვინ შემოიფარგლება უფრო მოკრძალებული მიზნებით, ამის შესახებ ბოლო პერიოდში
ხშირად დაგვიწერია და სეზონის მსვლელობისასაც ხშირად ვიმსჯელებთ. ერთი შეხედვით კი, უმაღლეს ლიგას ამ მომენტისთვის "დიდი ხუთეული" ჰყავს - "ზესტაფონი", "დილა", "მეტალურგი", "ტორპედო" და "დინამო".

წესით, მათ ზეექვსეულში შესვლა არ უნდა გაუჭირდეთ, იქ მოსახვედრი ბოლო საგზურისთვის კი უშეღავათო ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

კარგია, რომ წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით, ნაკლებად იქნება ე.წ. მნიშვნელოვანი და უსარგებლო მატჩები. ახალ სეზონში ყველა ქულა ფასეული იქნება და აუტსაიდერებთან მოპოვებული გამარჯვებები აღარავის გაუუქმდება.

ეს სულაც არ არის იმის გარანტია, რომ გარიგებული მატჩების რაოდენობა იკლებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბინძურ გარიგებებში ჭიპმოჭრილი ხელმძღვანელებისა თუ მწვრთნელების ხელში ერთით ნაკლები იარაღი იქნება.

თუ როგორ ამართლებს ახალი სისტემა, ამას უშუალოდ სეზონის მსვლელობისას შევიტყობთ, მაგრამ იმის თქმა აქედანვე შეგვიძლია, რომ ჩემპიონატის წინა ფორმატზე უკეთესი იქნება ერთი მარტივი მიზეზის გამო - იმაზე უარესის მოგონება წარმოუდგენელია.

ახლა კი ორიოდე სიტყვით 10 აგვისტოს გასამართ მატჩებსაც შევეხოთ. საქმეში პირველად ის გუნდები ჩაერთვებიან, რომლებსაც საევროთასო ამბიციები ნაკლებად აქვთ და აქცენტს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე აკეთებენ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთმანეთს მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდებიან და შესაბამისად, ბოლნისსა და ფოთში ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, "სიონმა" უმაღლეს ლიგაში დარჩენა დაძაბული ბრძოლების შედეგად მოიპოვა. ძალიან სუსტად ჩატარებული პირველი ეტაპის შემდეგ ბოლნისელებმა შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერეს და პლეი აუტში საწადელს მიაღწიეს.

ისიც სათქმელია, რომ მათ მიზნის მიღწევაში წინა ჩემპიონატის რეგლამენტმაც შეუწყო ხელი - პლეი აუტი ხომ გუნდებმა განულებული ქულებით დაიწყეს.

"ბათუმი" უმაღლეს ლიგას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და საინტერესოა, როგორი გამოდგება აჭარული კლუბის სტარტი.

Sportall.Ge

არანაკლებ უშეღავათო ბრძოლას უნდა ველოდოთ ფოთში. სხვების მსგავსად, შემადგენლობის გასაძლიერებლად "კოლხეთისა" და "ჩიხურას" მესვეურებმაც იშრომეს და ბუნებრივია, შედეგიანი სტარტი ამ გუნდებისთვისაც მნიშვნელოვანია.

პირველი ტურის მთავარი მოვლენები და გამოკვეთილი ცენტრალური მატჩი კი ხვალ გველის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სუსტია ფეხბურთის ფედერაცია...კიდევ ?!!!----,,მჯერადაც 12 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც თავდაპირველად ორ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყოფიან.

გადაწყდა, რომ ჩემპიონატის პირველი ეტაპი, ანუ 22 ტური, ამ წლის ბოლომდე უნდა მოესწროს და ამიტომ საქართველოს თასის გათამაშება 2013 წელს დაიწყება,,---არ მოაქვს შედეგი ასეთი სისტემით ჩატარებას, ამასაც ვერ ხედავთ?!---საქართველოს ჩემპიონატში გინდა 12 თუ 14 გუნდი ითამაშებს,მათ უნდა ითამაშონ 4 წრე,ყოველგვარი დაყოფის გარეშე და ასე გამოვლინდეს ჩემპიონი,თორე არათუ ევროპულ სარბიელზე ვეღარაფერს ვაკეთებთ,საქართველოში ფეხბურთის პოპულარობა საგრძნობას დაეცა...რაც უნდა გამოსწორდეს თამაშების რაოდენობის გაზრდითბ და ქართველი ფეხბურთელების ბოლოსდაბოლოს ფიზიკურად გაძლიერებასმათთვის ,საჯირო იქნება მეტი ფიზიკური ვარჯიში!!!
glaxuna
16:09 10-08-2012
0
კოლხეთი - ჩიხურა 17:00ზე იწყება თუ 17"30 ზე?
bacardi
14:45 10-08-2012
0

სიახლეები პოპულარული