საქართველოს პრემიერლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა, ევროტურნირები - ზაფხულის განმავლობაში თავშესაქცევი ბევრი გვქონდა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ ყოველივე ამან ახალი სეზონის მოლოდინი გააუფერულა.

ავად თუ კარგად, ქართული ფეხბურთის დონეს, უპირველესად, მაინც ეროვნული ჩემპიონატი განაპირობებს და ამიტომაც მისი სტარტი ნამდვილად არ არის ერთი რიგითი მოვლენა.

პირველები...
ფორმატშეცვლილი უმაღლესი ლიგა გასულ პარასკევს ორი მატჩით გაიხსნა და მასპინძელმა ერთგანაც ვერ გაიმარჯვა.

ბოლნისში "სიონისა" და "ბათუმის" დაპირისპირება უხვგოლიანი და ემოციური გამოდგა და საბოლოოდ, თანაბარი დონის გუნდების დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა.

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა "ჩიხურამ" კი ფოთში
"კოლხეთს" 2:0 სძლია და კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი მოლოდინი იმის შესახებ, რომ მხოლოდ ელიტაში დასარჩენად ბრძოლას არ დასჯერდება და უფრო მაღალ მიზნებსაც შეეჭიდება - მაგალითად, უმაღლესი ლიგის საუკეთესო ექვსეულში მოხვედრას.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში პირველი გაძევებული არა რომელიმე ფეხბურთელი, არამედ "სიონის" მთავარი მწვრთნელი ხვიჩა ქასრაშვილია. ხოლო პირველი მოთამაშე, რომელსაც ახალ სეზონში წითელი ბარათი უჩვენეს, შაბათს ვიხილეთ - "ტორპედო"-"ზუგდიდის" შეხვედრის მიწურულს მოედანი სტუმართა წევრ ვალიკო ტყემალაძეს დაატოვებინეს.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ახალ ჩემპიონატში გატანილი პირველი გოლის ავტორიც - ეს "ზესტაფონიდან" "ჩიხურაში" ახლად გადასული გამოცდილი მცველი ედიკ საჯაია გახლავთ, რომელმაც "კოლხეთის" კარი მე-11 წუთზე დალაშქრა.

გამარჯვებული ფავორიტები
პირველი ტურის ყველაზე საინტერესო ამბები კი მეორე დღეს მოხდა. უპირველესად, რა თქმა უნდა, "მეტალურგისა" და "დინამოს" დაპირისპირება უნდა ვახსენოთ, სადაც ნებისმიერი შედეგი იყო მოსალოდნელი.

ნაყოფი დედაქალაქელთა შემართებამ გამოიღო და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა სეზონი ისე დაიწყო, რომ საკუთარ ქომაგებს ბოლოდროინდელი ჩავარდნის წარმატებით დაძლევის იმედი გაუჩინა.

Sportall.Geდუშან უჰრინმა ქართული კარიერა გამარჯვებით დაიწყო და ვნახოთ, როგორი იქნება "დინამოს" შედეგები უახლოეს ტურებში.

ფაქტია, რომ უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი კლუბების რაოდენობა არცთუ მცირეა და შედეგიან სტარტს თითოეული მათგანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, ამ კატეგორიის გუნდებში "მეტალურგსაც" მოვიაზრებთ.

არანაკლებ წარმატებული ქართული დებიუტი გამოუვიდა "ზესტაფონის" გერმანელ მარცხენაფლანგელ პატრიკ მილხრაუმს, რომელმაც მარტვილის "მერანთან" მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

უდავოა, რომ "ზესტაფონი" საკმაოდ კვალიფიციური ლეგიონერით გაძლიერდა და მისი სხვა შეხვედრებში ხილვაც უდავოდ საინტერესო უნდა იყოს.

რაც შეეხება თვით "ზესტაფონს", ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობის შემდეგ საქართველოს ჩემპიონს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებოდა. დანარჩენს კი უახლოესი ტურები გვიჩვენებს - თვალნათლივ დავინახავთ, როგორ შეხვდნენ სეზონის სტარტს ფეროელები.

არანაკლებ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "ტორპედომ", რომლის შემადგენლობაშიც ევროტურნირებიდან გამოთიშვის შემდეგ ბევრი ცვლილება მოხდა.

ქუთაისელებმა კურსი კიდევ უფრო გაახალგაზრდავებისკენ აიღეს, თუმცა, რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სეზონში შედეგის მიღწევა არ სურთ.

"ტორპედომ" არანაკლებ გადახალისებულ "ზუგდიდს" დაძაბულ ბრძოლაში სძლია და სხვა ფავორიტების მსგავსად, კარგი სასტარტო განწყობა შეიქმნა.

ეფექტურიც და აუცილებელიც
ღამის განათებაზე თამაში მხოლოდ ეფექტურობისთვის არ არსებობს. ზაფხულში იგი ფეხბურთელებსა და მაყურებლებს მაღალი სიცხისგან იცავს და შესაბამისად, უფრო ხარისხიანი და სწრაფი ფეხბურთის გარანტიაცაა.

ზესტაფონსა და ქუთაისში პირველი ტურის მატჩები სწორედ ხელოვნური განათების თანხლებით ჩატარდა, რუსთავში კი, იმის მიუხედავად, რომ განათების სისტემა იქაცაა დამონტაჟებული, ეს ვერ მოხერხდა.

იმედია, "ფოლადზე" ეს პრობლემა დროულად მოგვარდება და ყოველთვის თუ არა, იქ ტურის ცენტრალური შეხვედრების საღამოს საათებში ჩატარება მაინც მოხერხდება.

ზოგადად კი, ქართულ კლუბებს კვლავ აწუხებთ სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები - რამდენიმე სტადიონი, სადაც საქართველოს ჩემპიონატის მატჩები ტარდება, თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. რაც შეეხება ტექნიკურ ცენტრ "ბასას", იგი საკმაოდ ნორმალური დონის საწვრთნელი ბაზაა, მაგრამ სტადიონი ნამდვილად არ არის და იმედია, სულ მალე იქ უმაღლესი ლიგის შეხვედრების გამართვის საჭიროება აღარ დადგება.

Sportall.Geტური სენსაციით დასრულდა
თითქოს გამარჯვებულ ფავორიტთა რიცხვს "დილაც" უნდა შეერთებოდა, მაგრამ ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე გორელებმა "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩში არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს და დაუწერელი საფეხბურთო კანონიც ამოქმედდა.

მართალია, ევროპის ლიგაზე ჩატარებული მძიმე შეხვედრის შემდეგ "დილას" მხრიდან ძალების დაზოგვა სავარაუდო იყო, მაგრამ "ბასაზე" გამართული მატჩის შედეგი მაინც მოულოდნელია.

"ვიტ ჯორჯიას" "მეორე ნომრად" თამაში წარმატებით გამოუვიდა და ვეტერინარებმა, რომლებსაც ახალ სეზონში ზეამოცანები ნამდვილად არ ამოძრავებთ, ჩემპიონატი ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყეს.

საქართველოს პრემიერლიგის I ტურის მატჩები
დილა-ვიტ ჯორჯია 0:1 - ევროპა მსხვერპლს მოითხოვს
მეტალურგი-დინამო 0:1 - დუშან უჰრინის სამქულიანი დებიუტი
ტორპედო-ზუგდიდი 1:0 - მასპინძლების მძიმე გამარჯვება
ზესტაფონი-მერანი 3:1 - წარმატების ფაქტორი: კლასი და გამოცდილება

კოლხეთი-ჩიხურა 0:2 - საჩხერული ოცნება
სიონი-ბათუმი 2:2 - ყველამ ჩვენთან უნდა ისწავლოს მსაჯობა?


Sportall.Ge


Sportall.Ge

არცთუ მოსაწყენი სტარტი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული