საქართველოს პრემიერლიგა. II ტურის წინათქმა: ორი ინტრიგა პარალელურ რეჟიმში

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი ძალებს იკრებს, მეორე ტური კი ერთბაშად ორ ცენტრალურ მატჩს გვთავაზობს.

"დინამო"-"ტორპედო" ქართული ფეხბურთის მთელი ისტორიის განმავლობაში იყო გამორჩეული დაპირისპირება, "ზესტაფონი" და "მეტალურგი" კი ბოლო წლებია, ჩვენს ჩემპიონატში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან, წინა სეზონში განვითარებულმა მოვლენებმა კი მათ ბრძოლას დამატებითი მუხტი შესძინა.

18 აგვისტოს გასამართი შეხვედრებში საინტერესო სხვაც ბევრი მოხდება და თავისი წილი ინტრიგა თითოეულ მატჩს იქნება.

ასე რომ, ქართველ გულშემატკივარს ისღა დარჩენია, სასურველი თამაში შეარჩიოს და თვალი ადევნოს, ვინ როგორი ფორმით შეხვდა ახალ სეზონს.

ქართული კლასიკო ახალი გმირებით
Sportall.Ge

"ქართული
კლასიკო" - ასე უწოდეს "დინამოსა" და "ტორპედოს" საფეხბურთო ბრძოლას და ამ ორი კლუბის ურთიერთშეხვედრები მართლაც ყოველთვის ამართლებდა ამ აღმატებულ სახელწოდებას.

იყო დრო, როცა "ტორპედო" ვერ იბრძოდა უმაღლესი მიზნებისთვის, "დინამოს" ჩავარდნებიც გვახსოვს, მაგრამ მათ დაპირისპირებებს ფასი არასდროს დაჰკარგვია.

ბუნებრივია, "ქართული კლასიკო" განსაკუთრებით საინტერესო და მძაფრი მაშინ გამოდიოდა, როცა მის ორივე მონაწილეს სერიოზული ამოცანები ამოძრავებდა და თამამად შეგვიძლია, ამჟამინდელი სიტუაცია სწორედ ასე შევაფასოთ - მართალია, გასულ სეზონში ჩემპიონობასთან ახლოს არც "ტორპედო" ყოფილა და "დინამო" საერთოდ ევროტურნირებს მიღმა დარჩა, მაგრამ ბოლოდროინდელი ამბები გვაფიქრებინებს, რომ ორივე მათგანს ახალ სეზონში მეტის მიღწევა შეუძლია.

"დინამო" ახალ სეზონს ახალი მწვრთნელითა და საინტერესო ტრანსფერებით ხვდება, "ტორპედოში" კი გაახალგაზრდავების პროცესი გრძელდება.

გასულ სეზონში ოთხი ურთიერთშეხვედრიდან ორი ქუთაისელებმა მოიგეს, ერთი - დედაქალაქელებმა, ერთი კი ფრედ დასრულდა. ყველაზე გადამწყვეტი ჩემპიონატის მიწურულს თბილისში გამართული მატჩი იყო, სადაც მესამე ადგილისა და ევროპის ლიგის საგზურის ბედი წყდებოდა. გამარჯვება და ევროასპარეზზე გასვლა მაშინ "ტორპედომ" შეძლო.

მიმდინარე ჩემპიონატი ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო და თუ დღეს რომელიმე მოიგებს, უმაღლეს ლიგას სათავეშიც ჩაუდგება.

ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი და წინა სეზონის გამოძახილი
Sportall.Ge

ჩემპიონატის ყოვლად უაზრო სისტემა, დებულებაში გაპარული ლაფსუსები, თანაბარქულიან კონკურენტებს შორის ლიდერად გამოცხადებული "მეტალურგი", რუსთაველთა საჩემპიონო ზეიმი ბოლო ტურში და მეორე დღეს ფედერაციის მიერ ჩემპიონად გამოცხადებული "ზესტაფონი" - ყოველივე ეს გასული სეზონის ფინიშის მოკლე ქრონოლოგია, უფრო ზუსტად კი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელია.

ბუნებრივია, ამაში კლუბებს იოტისოდენა დანაშაულიც არ მიუძღვით, მათაც და მათმა გულშემატკივრებიც უდიდესი სტრესი დაუმსახურებლად გადაიტანეს.

ფაქტია, რომ ხელოვნურად დაძაბულმა წინა ჩემპიონატის შემდეგ, "ზესტაფონისა" და "მეტალურგის" ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ბევრი რამ შეიცვალა და მათ შორის გასამართი მატჩის მოლოდინიც გაამძაფრა.

ისე კი, წინა სეზონში ზესტაფონელებმა რუსთაველებს უშუალო ბრძოლაში შთამბეჭდავად აჯობეს - სათასო მატჩების ჩათვლით, "ზესტაფონი" და "მეტალურგი" ერთმანეთს ექვსჯერ შეხვდნენ და აქედან ფეროელებმა ოთხჯერ გაიმარჯვეს, ორი თამაში კი ფრედ დასრულდა.

ბუნებრივია, ეს სტატისტიკა საქართველოს მოქმედ ჩემპიონს დღევანდელი წარმატების გარანტიას სულაც არ აძლევს. "დინამოსთან" განცდილი სასტარტო მარცხის შემდეგ "მეტალურგს" მდგომარეობის გამოსწორება მართებს და წესით, მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს.

"ზესტაფონმა", შეგახსენებთ, ჩემპიონატი მარტვილის "მერანთან" საშინაო გამარჯვებით დაიწყო და ამჯერადაც საკუთარი მოედნის ფაქტორის სათანადოდ გამოყენებასა და ერთპიროვნულად გალიდერებას შეეცდება.

რეპეტიცია, სადაც შედეგიც საჭიროა
Sportall.Ge

რა თქმა უნდა, მეორე ტურისადმი ინტერესი ორი ცენტრალური მატჩით არ ამოიწურება. ევროსარბიელსა და შინაურ საქმეებზე ერთდროულად კონცენტრირება ძალიან ძნელია, მაგრამ პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" შეხვედრამდე "დილას" მაინც მართებს ეროვნული ჩემპიონატისთვის ყურადღების მიქცევა და ქულათა მარაგის შევსება.

წინააღმდეგ შემთხვევაში გორელები, რომლებმაც უმაღლესი ლიგა "ვიტ ჯორჯიასთან" მარცხით დაიწყეს, ლიდერებს უკვე საკმაო სხვაობით ჩამორჩებიან.

უმაღლეს ლიგაში აღზევებული "ჩიხურა" რომ მოკრძალებული ამოცანებით არ დაკმაყოფილდება, ეს ფოთში გამარჯვებითაც დაგვანახა და წესით, "დილასაც" დიდი წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს.

ორი ცენტრალური შეხვედრის მსგავსად, არც ამ მატჩის მიმდინარეობა და შედეგი უნდა იყოს უინტერესო.

* * *
Sportall.Ge

"ვიტ ჯორჯია" "დილას" დამარცხების შემდეგ მარტვილს ესტუმრება და იქაურ "მერანთან" შეეცდება მონაგარის გაზრდას.

"მერანის" მიზანი გამარჯვებაა. მარტვილელებმა ჩემპიონატი ზესტაფონში განცდილი მარცხით დაიწყეს და ახლა საკუთარი ქომაგების გახარებას შეეცდებიან. შეგახსენებთ, წინა სეზონში "მერანი" შინ განსაკუთრებულად ძლიერად თამაშობდა და იქ ბევრი ფავორიტიც გაამწარა.

* * *
Sportall.Ge

ბოლნისსა და განმუხურში ის გუნდები ითამაშებენ, რომლებსაც გამარჯვებათა გრაფაში ნული უწერიათ და ბუნებრივია, ამ ხარვეზის გამოსასწორებლად იბრძოლებენ.

Sportall.Ge

"ზუგდიდიც", "ბათუმიც", "სიონიცა" და "კოლხეთიც" მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდები არიან და საკუთარი ამბიციების დამტკიცება უპირველესად, სწორედ მსგავს მატჩებში მოუწევთ.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზუგდიდმა გერბი შეცვალა? ან მაგას ბაია არ ერქვა? ზუგდიდის ბაია იყო და სად გააქრეთ ბაია :)
prince 10
13:45 18-08-2012
0

სიახლეები პოპულარული