"ამ ორგანიზაციასთან პარტნიორობა სამი თვის წინ დავიწყეთ. შეგვპირდნენ, ფორმებს გიყიდითო და "ოლიმპთან" მატჩამდე საჩუქრად გადმოგვცეს კიდეც. ამისთვის, "წყალკანალს" სამტრედიელი გულშემატკივრების სახელით უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. თუმცა მათ კლუბის გენერალურ სპონსორობაზე არაფერი უთქვამთ. ასე რომ, ხმები - ჩვენთან სპონსორის მოსვლის თაობაზე, ტყუილია.
გუნდში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ერთი ის ვიცი, რომ 3 ოქტომბერს შინ ზუგდიდის "ბაიას" ვუმასპინძლებთ, მაგრამ ამის მერე რა იქნება, წარმოდგენა არ მაქვს. სპონსორი კვლავ არ ჩანს. ასეთ ვითარებაში ხვალინდელ პერსპექტივაზე როგორ ველაპარაკო ფეხბურთელებს და მოედანზე გასვლა ვთხოვო, როცა კვების საკითხების მოგვარებასაც ვერ ვახერხებთ? თუკი იმდენ ქულას დავკარგავთ, რომ მეორე წრეში თამაში აზრს დაკარგავს, მერე სპონსორის მოსვლას აზრი აღარ ექნება და ასეთ მდგომარეობაში უმაღლეს ლიგაში თამაში ქართული ფეხბურთისა და სამტრედიელების შეურაცხყოფა იქნება. გასვლით მატჩებს ვინ ჩივის, დიდი ჯიხაიშის საწვრთნელ ბაზაზე მისვლასაც ვეღარ ახერხებენ ფეხბურთელები. დახმარებას მხოლოდ იმერეთისა და რაიონის ხელმძღვანელობა გვპირდება, თუმცა მხოლოდ ხელფას-პრემიებით სეზონის ჩატარება შეუძლებელია. ვშიშობ, გუნდი არ დაგვეშალოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"