დავით დიღმელაშვილი: მოგებაში ქომაგები უნდა დაგვეხმარონ

AutoSharing Option
დღეს ქუთაისში დიდი ხნის მონატრებული ქართული "ელ კლასიკოა" - ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ. დაუფიქრებლად შეიძლება ითქვას, ეს გუნდები აუტსაიდერებიც რომ იყვნენ, მათი დაპირისპირება ქართული ფეხბურთისთვის ყოველთვის გამორჩეული მოვლენა იქნება. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ქუთაისის "ტორპედოს" ნახევარმცველი დავით დიღმელაშვილი, რომელიც ორი წლის წინ თბილისის "დინამოს" კაპიტანი გახლდათ და წესით, ყოფილი გუნდთან საკუთარი ანგარიში უნდა ჰქონდეს გასასწორებელი...

- დავით, ყოფილ კლუბთან შეხვედრას უთუოდ განსაკუთრებული ინტერესით ელოდებით...
- ეს ჩემთვის რიგითი კალენდარული შეხვედრა იქნება. შევეცდებით, ზედიზედ მეორე მოგებით "ტორპედოს" გულშემატკივარი გავახაროთ. ამ
თამაშს არანაირი ზედმეტი ემოცია და დატვირთვა არ ახლავს.

- არანაირი? ეს ხომ ყველაზე პრინციპული ქართული დაპირისპირებაა?
- მე გეუბნებით ჩემი გადასახედიდან, "დინამოში" ჩემი მეგობრები თამაშობენ და არა მტრები. ისედაც, "დინამო" ჩემთვის უკვე განვლილი ეტაპია. ქუთაისის "ტორპედოსა" და "დინამოს" ურთიერთობებიდან გამომდინარე თუ გაინტერესებთ, ცხადია, მატჩი თავისთავად პრინციპულია და ამას ჩემი მტკიცება არ სჭირდება.

- ცხინვალის "სპარტაკთან" მოგებით ფსიქოლოგიური პრობლემები დაძლიეთ?
- მიმაჩნია, რომ ახლა ბევრად უკეთ ვართ, რადგან მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა. მდგომარეობიდან საბოლოოდ გამოსვლისთვის "დინამოსთან" მოგება გვჭირდება.

- მართალია, რომ გუნდში ფიზმომზადების მწვრთნელის არარსებობის გამო ტორპედოელები ფიზიკურად კარგად ვერ გამოიყურებით?
- ასეთი რამ აქამდეც მოვისმინე და მიკვირს, ვინ ამბობს ასეთ სისულელეს?! ფიზმომზადების მწვრთნელი არ გვყოლია, მაგრამ საქართველოში ასე ხომ ბევრი გუნდია? არც ჩვენ ვართ ცუდად მომზადებულები.

- რა შეცვალა გია გიგატაძემ ისეთი, "სპარტაკთან" მატჩი რომ მოიგეთ?
- ეს ჩვენი ღირსების თამაში იყო. მოგება თითოეულ ჩვენგანს სჭირდებოდა. გიგატაძისა და მუმლაძის ხათრით ვითამაშეთ. ახალი მწვრთნელის დანიშვნამაც იმოქმედა და ძველისთვისაც თავი დავდეთ... გულწრფელად გეუბნებით, ბიჭები მუმლაძის ამბავს ძალიან განვიცდით, რადგან ქუთაისში რაღაც უცნაური უიღბლობა დაებედა. წესიერი კაცია და ამდენი წაგების შემდეგ გუნდში დარჩენის შერცხვა, თორემ არავინ უშვებდა. არადა, მუმლაძეზე ვერავინ იტყვის, რომ დაბალი დონის სპეციალისტია. მის ხელში "ვიტ ჯორჯია" სერიოზულ გუნდად ჩამოყალიბდა.

- რას ფიქრობთ, როდის იქნებით სასურველ ფორმაში?
- ეს ყველაფერი თამაშებზეა დამოკიდებული. უკეთესობას უკვე ვგრძნობ.

- უშუალოდ მატჩზეც ვილაპარაკოთ. "დინამოს" მინუსებზე რას იტყვით?
- მინუსი აბსოლუტურად ყველა გუნდს აქვს და მათ შორის, "დინამოსაც". თუმცა ამაზე ხმამაღლა კი არ ვილაპარაკებთ, მის გამოყენებას შევეცდებით.

- შეუძლია "ტორპედოს" "დინამოს" ძლევა?
- ამას თამაში გვაჩვენებს. ისე, ბევრ გუნდში მითამაშია და თამამად ვიტყვი, რომ "ტორპედო" პერსპექტიული, თუმცა ძალზე უიღბლო გუნდია. საბედნიეროდ, "სპარტაკთან" დათარსული ეტაპი დავძლიეთ. სერიოზული კრიზისი და არეულობა ჩვენთან არასდროს ყოფილა. უბრალოდ, დასალაგებლად დრო გვჭირდებოდა. თავიდან ერთმანეთის არც გვესმოდა. ახლა "დინამოს" თუ მოვუგებთ, გუნდში აღმასვლა დაიწყება... სხვათა შორის, გამოცდილ ბიჭებთან ერთად, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს - ქემუხტაშვილი, საბანაძე, გიგაური... თუ იშრომებენ, ძალიან დიდი მომავალი ექნებათ. უნიჭოები რომ ყოფილიყვნენ, 17-18 წლის ბიჭებს უმაღლეს ლიგაში არც ათამაშებდნენ.

- სტადიონზე ბევრ მაყურებელს ელით?
- ჩვენ საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს, რომელმაც გუნდის თანადგომა იცის და დარწმუნებული ვარ, ტრიბუნები შეივსება. ქომაგთა დახმარებით გამარჯვების მიღწევა შესაძლებელი იქნება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს დინამომ ქვაქვაზე არ უნდა დატოვოს ტორპედოსგან,უეჭველი სამი ქულა გვინდა და ოლიმპის წაგება,და ლიდერები ზესტა და დინამო იქნება,მე დინამოს ქომაგი ვარ მარა თუ დინამომ ვერ მოახერხა მოგება მაშინ სამართლიანი იქნება ზესტას ჩემპიონობა ,იმსახურებს.
tbiliseli
18:41 02-10-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული