უმაღლესლიგელთა თავკაცები თურქეთში

AutoSharing Option
ზეგ გამთენიისას საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ცხრა კლუბის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ გაიოზ დარსაძესთან ერთად თურქეთში გაემგზავრება, სადაც უეფას მიერ დაფინანსებულ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას, რაც ქართველი სპეციალისტებისა და მათი კლუბებისთვის სრულიად უსასყიდლოა. პროგრამის ფარგლებში ისინი გაეცნობიან თურქული ფეხბურთის სპეციფიკას, მართვის სტილს და რა თქმა უნდა, სამწვრთნელო მეთოდებს. ერთადერთი უმაღლესლიგური კლუბი, რომელსაც თურქეთში წარმომადგენელი არ ეყოლება, ცხინვალის "სპარტაკია". ცნობისათვის, პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს რამაზ მუმლაძეც, რომელმაც მართალია, "ტორპედო" რამდენიმე დღის წინ დატოვა, მაგრამ მისი თურქეთში გამგზავრება მანამდე იყო
გადაწყვეტილი და მუმლაძეს ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე უარი არ უთქვამს.

"თურქებისგან ბევრი გვაქვს სასწავლი. მოხარული ვარ, რომ უეფა ასეთ სასარგებლო ღონისძიებებს აფინანსებს. ამჯერად თურქეთში საქართველოს, ისრაელისა და მალტის წარმომადგენლები მივდივართ. საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანი პროგრამა გვაქვს. გავეცნობით იქაურ გამოცდილებას და შევეცდებით, მიღებული ცოდნა ჩვენს საქმიანობას მოვახმაროთ", - გვითხრა გაიოზ დარსაძემ.
ქართველი მწვრთნელები თბილისში 8 ოქტომბერს დაბრუნდებიან და ამის შემდეგ მათ ვიზიტზე უფრო ვრცლად გიამბობთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული