თუკი გასულ სეზონში ქვემოქართლური დერბი მიზეზთა გამო, ნაკლებად საინტერესო იყო და არც მისი
გუნდების შემადგენლობაში ბევრი სიახლე არ გვინახავს. შეგახსენებთ, რომ მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე "ოლიმპს" ხანმოკლე განშორების შემდეგ დაუბრუნდა, "სიონის" ძირითადში კი ნემსაძე ვიხილეთ, რომელიც ჩემპიონატის პირველივე ტურში დაშავდა და მას შემდეგ 90 წუთი აღარ უთამაშია.
გუშინდელი მატჩი კი საკმაოდ ხარისხიანი გამოდგა. ბრძოლა მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის მიმდინარეობდა და იმის მიუხედავად, რომ საგოლე მომენტები არცთუ ხშირად იქმნებოდა, შეხვედრა მაინც უაღრესად სანახაობრივი იყო.
საწყის წუთებში მოდებაძე დაემუქრა მასპინძელთა კარს და "სიონის" კარის დარაჯმა ბობღიაშვილმა იმარჯვა. სამაგიეროდ, ამ ორი ფეხბურთელის მომდევნო დაპირისპირებაში უკვე მოდებაძემ იმარჯვა. მან ბოლქვაძისგან მიიღო გამოზომილი გადაცემა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. ტაბლოზე 0:1 სულ ოთხიოდე წუთი იყო დაფიქსირებული. "ოლიმპის" საჯარიმოში შექმნილი არეულობით უმეთვალყურეოდ მიტოვებულმა გოცირიძემ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეკარეებს საქმეში ჩართვა არცთუ ხშირად უხდებოდათ. პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი მეტი არაფერი მომხდარა და ბევრი რეალური საგოლე მცდელობა არც შესვენების შემდეგ დაფიქსირებულა. თამაშის გამორჩეული ფეხბურთელი კი ვლადიმერ უგრეხელიძე იყო. ალბათ გახსოვთ 2005/06 წლების სეზონი, როცა "სიონმა" საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. მაშინ ვერცხლისწყალივით მოძრავი ახალგაზრდა მარცხენა გარემარბი ბოლნისელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო, მას შემდეგ კი უგრეხელიძე "დაიკარგა" - აღარც "სიონში" გამოირჩეოდა და ვერც მეზობელ აზერბაიჯანში მიაღწია განსაკუთრებულ წარმატებას. ყოველივე ამის შემდეგ ძველებურთან მიახლოებულ ფორმაში შესვლა ნამდვილად აღსანიშნავი ამბავია. გუშინ უგრეხელიძემ "ოლიმპს" უამრავი თავსატეხი გაუჩინა და რაც მთავარია, ულამაზესი "მაკრატელათი" გაამარჯვებინა მშობლიური ქალაქის გუნდს. სამწუხაროა, რომ ამჟამად ქართული ტელეარხებით უმაღლესი ლიგის მატჩების მიმოხილვა აღარ გადაიცემა და შესაბამისად, ქართველი გულშემატკივარი ამ შესანიშნავ გოლს ვერ ნახავს.
ბუნებრივია, "ოლიმპს" თამაშის გადასარჩენად ცდა არ დაუკლია, მაგრამ ვერას გახდა - ყიფიანის გუნდი მხოლოდ შეტევაში არაა ეფექტური, დაცვაშიც მაღალ დონეზე მოქმედებს. მეორე ტაიმში გატანა "სიონს" უფრო შეეძლო - გოცირიძის დარტყმა ბათიაშვილმა მოიგერია.
"ოლიმპი", რომელმაც აშკარად ვერ აჩვენა ჩემპიონისთვის საკადრისი ფეხბურთი, ამ მარცხით ერთპიროვნულ "ზესტაფონს" უკვე საგრძნობლად ჩამორჩა, "სიონმა" კი კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლას არ დასჯერდება.
სიონი 2
ოლიმპი 1
03.10. ბოლნისი. თ. სტეფანია. 200 მაყურებელი
0:1 მოდებაძე (36. ბოლქვაძის პასით), 1:1 რ. გოცირიძე (40), 2:1 უგრეხელიძე (60)
სიონი ოლიმპი
4-5-1 4-5-1
ბობღიაშვილი ბათიაშვილი
კობაური თ. ღონღაძე
ორბელაძე ა. კვახაძე
გ. თარგამაძე ქემოკლიძე
რაქვიაშვილი ჯაფარიძე
ქურასბედიანი რეხვიაშვილი
ლ. ვაშაკიძე დობროვოლსკი
ლ. ნოზაძე ბოლქვაძე
ნემსაძე ქავთარაძე
უგრეხელიძე რაზმაძე
რ. გოცირიძე მოდებაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
გ. ყიფიანი თ. მახარაძე
შეცვლები
57. ქურასბედიანი - ლ. ჭელიძე
82. რ. გოცირიძე - ვ. ისიანი
90. უგრეხელიძე - ლ. ჩხეტიანი
სათადარიგოები: მერლანი, სანიკიძე, ბობოხიძე, გ. თოდუა.
შეცვლები
46. დობროვოლსკი - გ. ნუგ. ჭელიძე
63. რაზმაძე - უგულავა
79. ბოლქვაძე - ახალკაცი
სათადარიგოები: ბედიაშვილი, ხოჭოლავა, ბერიაშვილი
გაფრთხილება: რ. გოცირიძე (5), უგრეხელიძე (11), ქემოკლიძე (55), კობაური (84), უგულავა (85)
არბიტრი: ლ. სილაგავა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"