არმაზ ჯელაძე: ბოლნისის "სიონის" გაწვრთნა ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევაა

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ხვიჩა ქასრაშვილმა დატოვა. გამოთავისუფლებულ თანამდებობაზე დანიშვნის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი არმაზ ჯელაძე იყო და ეს მოლოდინი გამართლდა - იგი ბოლნისელთა ახალი თავკაცია.

სამწვრთნელო კარიერა ჯელაძემ ამბროლაურის "რაჭაში" დაიწყო, რასაც რუსთავის "მეტალურგში" გატარებული წლები მოჰყვა, სადაც უმეტესად, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ბოლო პერიოდში კი "მეტალურგის" დუბლშემადგენლობას წვრთნიდა. იგი სამწვრთნელო A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელია.

ჯელაძე ახალ პოსტზე მუშაობას დიდი ენთუზიაზმით იწყებს და იმედოვნებს, რომ მისი ეს ნაბიჯი გამართლებული აღმოჩნდება.

"ლელო" "სიონის" ახალ მთავარ მწვრთნელთან ინტერვიუს გთავაზობთ.

-
უპირველესად, "სიონის" თავკაცად დანიშვნას გილოცავთ. მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს შეთავაზება?

- მადლობა მოლოცვისთვის. ნამდვილად მოულოდნელი იყო, როცა "სიონიდან" დამიკავშირდნენ და გუნდის მთავარი მწვრთნელობა შემომთავაზეს. გადაწყვეტილების მიღებამდე დიდხანს არ მიფიქრია.

ჩემთვის "სიონში" მუშაობა უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, დიდი პატივი და გამოწვევაა და შევეცდები, ჩემი შრომით ბოლნისელი გულშემატკივრები გავახარო და მათი პატივისცემა დავიმსახურო.

კლუბის ხელმძღვანელობას კი ასეთი ნდობისთვის დიდ მადლობას ვუხდი.

- როგორ კონდიციებში დაგხვდათ გუნდი და რისი გაკეთება მიგაჩნიათ საჭირო წარმატებისთვის?
- აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი წინამორბედის, ხვიჩა ქასრაშვილის ღვაწლი - მან კარგად მომზადებული გუნდი დამახვედრა. დანარჩენი კი უკვე ჩემზე, მთლიან სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებზეა დამოკიდებული - ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ სეზონი მაღალ დონეზე ჩავატაროთ.

- როგორია თქვენი სამწვრთნელო გემოვნება?
- გუნდს ყოველი მატჩისთვის დავალებებს იმის მიხედვით მივცემ, თუ როგორ მეტოქესთან გვექნება საქმე. ზოგადად კი, შემტევი და კომბინაციური ფეხბურთის მიმდევარი ვარ და მიმაჩნია, რომ ქართველებს წარმატებას სწორედ ამ სტილში თამაში მოგვიტანს.

- "სიონში" ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებთანაც საერთო ენის გამონახვა, ალბათ, არ უნდა გაგიჭირდეთ...
- დიახ, ისინი, ფაქტობრივად, ჩემი თაობის წარმომადგენლები არიან და მათი თანადგომის დიდი იმედი მაქვს. "სიონის" ყველა ფეხბურთელმა თბილად მიმიღო. ყველას კარგად გვესმის, რომ წარმატების მისაღწევად პროფესიონალიზმი და დისციპლინა აუცილებელია.

მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ. ნამდვილად გვაქვს ის რესურსი, რაც კარგი შედეგების მიღწევისთვის არის აუცილებელი.

- კლუბის ხელმძღვანელობამ კონკრეტული მიზანი თუ დაგისახათ?
- ამ სეზონში ჩვენი პროგრამა-მინიმუმი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა იმის პოტენციალიც გვაქვს, რომ ჩემპიონატის ექვს საუკეთესო გუნდში მოსახვედრად ვიბრძოლოთ.

- უახლოეს დღეებში "სიონის" შემადგენლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ხომ არ უნდა ველოდოთ?
- შემადგენლობის კარდინალური გადახალისება ნამდვილად არ იგეგმება, მაგრამ თუ უახლოეს პერიოდში საინტერესო ფეხბურთელების დამატების საშუალება მოგვეცა, მათზე უარს ნამდვილად არ ვიტყვით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული