ერთი გოლი "ტორპედოს" ახალწვეულის, გიორგი ბერიაშვილის ანგარიშზეა.
აზერბაიჯანიდან დაბრუნებული 25 წლის ფორვარდი "ლელოს" ბოლოდროინდელ შთაბეჭდილებებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრა.
- რის ხარჯზე შეძლო "ტორპედომ" "მეტალურგის" ასეთი სოლიდური ანგარიშით დამარცხება?
- ამ თამაშში ყველაფერი გამოგვივიდა - საკმაოდ სერიოზულ მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ. რაც მთავარია, პირველი გატანილი გოლის შემდეგ დაცვაში არ ჩავმსხდარვართ და შემტევი ფეხბურთის თამაში განვაგრძეთ.
ჩვენმა ტაქტიკამ
- როგორც ჩანს, "ტორპედოსთან" ადაპტაცია საერთოდ არ გაგჭირვებია.
- დიდი იმედი მქონდა, რომ ახალ გუნდს უცებ შევეგუებოდი და ასეც მოხდა. კვახაძესთან, დათუნაიშვილსა და კვარაცხელიასთან ერთად "ვიტ ჯორჯიაში" მითამაშია. სხვა ბიჭებსაც კარგად ვიცნობ და მოედანზეც და მის მიღმაც თავს კომფორტულად ვგრძნობ.
გუნდში იდეალური სიტუაციაა შექმნილი, რაც კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის დიდი დამსახურებაა.
მოკლედ რომ ვთქვა, "ტორპედოში" გადასვლით იდეალური გადაწყვეტილება მივიღე.
- წელიწადნახევარი აზერბაიჯანულ "თურანში" გაატარე. რა შეგძინა იქ გატარებულმა პერიოდმა?
- ბევრი არაფერი. საკმაოდ სუსტი კლუბი იყო, სადაც თავდამსხმელისთვის თავის გამოჩენა ძალიან ძნელი იყო. ზოგჯერ მთელი მატჩი ისე ჩაივლიდა, რომ ბურთს ხეირიანად ვერ მივიღებდი.
ამის ფონზე ნორმალურ შედეგად მიმაჩნია, გასულ სეზონში ოთხი გოლი რომ გავიტანე და გუნდს ხუთი თერთმეტმეტრიანი რომ მოვუპოვე. სხვათა შორის, ხუთივე პენალტი ალეკო გოგობერიშვილმა გაიტანა.
აზერბაიჯანში კლუბებს სოლიდური ბიუჯეტი აქვთ, მაგრამ ბოლო დროს "თურანში" ხელმძღვანელობა შეიცვალა, ფინანსური მდგომარეობაც გაუარესდა და იქ გაჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. კონტრაქტის ამოწურვისთანავე საქართველოში დავბრუნდი.
ერთი სიტყვით, აზერბაიჯანში წასვლით დიდი შეცდომა დავუშვი. საფეხბურთო თვალსაზრისით, ამან უკან დამხია და ახლა დაკარგულის ანაზღაურებას ვცდილობ.
- ბოლო დროს პოპულარულია საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონატების შედარება. შენ რომელ მათგანს მიანიჭებდი უპირატესობას?
- დიდი განსხვავება ნამდვილად არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ჩემპიონატი აზერბაიჯანისაზე უკეთესია. აქ დაბრუნების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატის დონე შედარებით ამაღლებული მეჩვენა, თუნდაც იმიტომ, რომ ამბიციური კლუბების რაოდენობა გაიზარდა.
ახლა ჩვენს უმაღლეს ლიგას უიმედო აუტსაიდერებიც აღარ ჰყავს და თითოეული ქულის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლაა საჭირო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ აზერბაიჯანულ ფეხბურთში ძალიან დიდი ფული იდება, რაც შედეგს აუცილებლად მოუტანთ.
თუმცა ჩვენი უპირატესობა საფეხბურთო ტრადიციები და მწვრთნელთა მაღალი დონეა. აზერბაიჯანელი მწვრთნელების უმრავლესობას ფეხბურთელისთვის ელემენტარული ცოდნის გადაცემაც კი არ შეუძლია.
- "ტორპედოში" გადასვლამდე სხვა საინტერესო წინადადება თუ გქონდა?
- ისრაელში ვიყავი, სადაც იქაური რანგით მეორე ლიგის კლუბთან ყველა საკონტრაქტო პირობა უკვე შეთანხმებული მქონდა. სწორედ ამ დროს "ტორპედომ" მიმიწვია და საქართველოში დაბრუნება ვამჯობინე.
- ალბათ, წარმატებული სტარტის შემდეგ უფრო კონკრეტულად შეიძლება "ტორპედოს" მიზნებზე საუბარი.
- ჩვენი გუნდი დღითიდღე პროგრესირებს და მალე კიდევ უფრო ხარისხიანად და შედეგიანად ათამაშდება. აქედან გამომდინარე, სავსებით რეალურად მიმაჩნია, რომ "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. ჩვენი პროგრამა-მინიმუმი კი ჩემპიონატის საუკეთესო სამეულში მოხვედრაა.
ყველანი ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება.
გიორგი ბერიაშვილი: "ტორპედოში" გადასვლით იდეალური გადაწყვეტილება მივიღე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს პრემიერლიგის IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
გიორგი ბერიაშვილი: ჩემპიონატი მოგებით უნდა დავიწყოთ