VI ტურის ცენტრალური შეხვედრა ზესტაფონში გაიმართება, რამდენიმე ქალაქში კი ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან, რაც უშეღავათო ბრძოლის გარანტია უნდა იყოს.
წინა სეზონის გამოძახილი
გასულ სეზონს სკანდალები არ აკლდა, ყოველივეს "დაგვირგვინება" კი საქართველოს თასის ფინალი იყო, სადაც "დილამ" "ზესტაფონს" სძლია, გორელთა გამარჯვებას კი ჩრდილი არბიტრ ლევან კვარაცხელიას გაუმართლებელმა გადაწყვეტილებებმა მიაყენა.
თასის ფინალის გარდა, ეს გუნდები გასულ სეზონში ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ზესტაფონში
განსაკუთრებით ხმაურიანი სენსაცია პირველი წრის შეხვედრა იყო, რომელშიც შიდაქართლელებმა საქართველოს ჩემპიონი სტუმრად 4:0 გაანადგურეს. თანაც, იმ დროისთვის "დილას" არც გავლენიანი მფლობელი ჰყოლია და არც - სოლიდური ბიუჯეტი ჰქონია.
ეს მატჩები უკვე წარსულშია, მომავალ შეხვედრას კი მეტოქეები სულ სხვა მოცემულობით ხვდებიან - თუკი წინა სეზონში ჭიაბრიშვილი-ყიფიანის დუეტის მიერ მომზადებული "ზესტაფონი" შალამბერიძე-ცეცაძის გაწვრთნილ "დილას" ებრძოდა, ახლა უკვე მუჯირი-ზამთარაძის ტანდემისა და გიორგი დარასელიას ტაქტიკური დაპირისპირების მომსწრენი გავხდებით.
ორივე გუნდის ახალ მწვრთნელებს ახალ პოსტზე დებიუტი წინა ტურში ჰქონდა. დებიუტი წარმატებული გამოდგა - "ზესტაფონმა" ფოთში "კოლხეთს" სძლია, "დილამ" კი გორში დაბრუნება თბილისის "დინამოს" დამარცხებით აღნიშნა და ცხრილის ფსკერს დაემშვიდობა.
დღეისთვის არც ერთი გუნდის სატურნირო მდგომარეობას სახარბიელო არ ეთქმის და, შესაბამისად, ორივეს ქულათა მარაგის სასწრაფოდ შევსება ესაჭიროება.
დისკვალიფიკაციის გამო "ზესტაფონს" მცველები, თემურ ღონღაძე და თევდორე გრიგალაშვილი დააკლდებიან.
კარგია, რომ ამ მატჩს მხოლოდ "დავით აბაშიძეზე" მისული ქომაგები არ ნახავენ - შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით ვიხილავთ.
წინა სეზონში "დილამ" "ზესტაფონს" რამდენიმე მწარე მარცხი კი აგემა, მაგრამ მათ ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში აშკარა უპირატესობა ფეროელთა მხარესაა - ჩემპიონატის ეგიდით ისინი 14-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქედან "ზესტაფონმა" 12 მატჩი მოიგო, "დილამ" კი - მხოლოდ ორი.
"ზესტაფონი" სრული შემადგენლობით ქუთაისს ეწვია, სადაც ბაგრატის განახლებული ტაძარი მოილოცა.
დერბი მოკლებული ინტრიგით
იყო დრო, როცა "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირებებში საქართველოს ჩემპიონის ბედი ირკვეოდა. თბილისური დერბი ახლო წარსულში ჩვენი უმაღლესი ლიგის მშვენება იყო.
დღეს დედაქალაქური კლუბებიდან ძველი ამბიციები მხოლოდ "დინამოს" შემორჩა, "ვიტ ჯორჯია" კი მხოლოდ უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ "დინამო არენაზე" გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ არის ცნობილი, მაგრამ ახლო წარსულისგან განსხვავებით, წყვილის უდავო ფავორიტი "დინამოა".
გორში განცდილი მარცხით დუშან უჰრინის გუნდმა უდანაკარგო სვლა შეაჩერა და ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა, 22 სექტემბერს კი მორიგი გამარჯვების შანსი აქვს.
თავის მხრივ, ვეტერინარები უბრძოლველად არაფერს დათმობენ. საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალში მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა "ლოკომოტივთან" დაძაბული ორრაუნდიანი ბრძოლა მოიგო და ”დინამოსთან” მატჩს კარგი ფსიქოლოგიური განწყობით ხვდება.
ლიდერობის შესანარჩუნებლად
ქულათა თანაბარი რაოდენობით საქართველოს ჩემპიონატს სამი ლიდერი ჰყავს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით პირველ საფეხურზე ქუთაისის "ტორპედოა". გია გეგუჩაძის გუნდს პოზიციების გამყარების შესანიშნავი შანსი აქვს - ბათუმის "დინამოსთან" საშინაო მატჩში "ტორპედო" ფავორიტია და ვნახოთ, შეძლებს თუ არა დაგეგმილი სამი ქულის მოპოვებას.
დღეისთვის უმაღლეს ლიგაში ორად-ორი გუნდია, რომელსაც გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია - ბათუმის "დინამო" და ფოთის "კოლხეთი". მოვლენებს წინ არ უნდა გავასწროთ, მაგრამ ორივეს რთული გასვლა აქვს და ნაკლებად წარმოსადგენია, ამ ტურის შემდეგ მათ გამარჯვებათა გრაფაში კვლავ ნული არ ეწეროს.
რუსთავის "მეტალურგს" სტაბილურობისთვის ჯერ არ მიუღწევია, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ ძალად რჩება და თუ "კოლხეთს" აჯობებს, ლიდერთა ჯგუფს წინ დიდი სხვაობით გაჭრის საშუალებას არ მისცემს.
თანალიდერი "ჩიხურა" ანაკლიაში "ზუგდიდს" სტუმრობს, სადაც უთუოდ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს. "ზუგდიდს" მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს, რაც ამჟამინდელი შემადგენლობის გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი არ უნდა იყოს.
მოკლედ, ერთმანეთს ორი ამბიციური კლუბი დაუპირისპირდება და საინტერესოა, რომელი მათგანი შეძლებს ამ ტურის წინ დასახული ამოცანის განხორციელებას.
"ჩიხურას" ყვითელი ბარათების ჭარბი რაოდენობის გამო ძირითადი მეკარე გიორგი სომხიშვილი ვერ დაეხმარება.
იქიდან გამომდინარე, რომ "ტორპედოსა" და "დინამოს" გამარჯვების კარგი შანსი აქვთ, თანალიდერობის შესანარჩუნებლად "ჩიხურასაც" სამი ქულისთვის ბრძოლა მართებს, რაც საკმაოდ რთული იქნება.
მარტვილში კი "მერანი" საშინაო ტრადიციის გაგრძელებასა და მორიგი სამი ქულის მოპოვებას გეგმავს. "მერანი" და "სიონი" ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან, დღეისთვის ქულებიც თანაბარი რაოდენობით აქვთ და თუ რომელიმე მათგანმა გაიმარჯვა, საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის კარგ შანსს შეინარჩუნებს.
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ |
ფ | წ |
ბ | ქ |
1. | ტორპედო | 5 | 4 | 0 | 1 | 12-3 | 12 |
2. | დინამო (თბ) |
5 | 4 | 0 | 1 | 12-4 | 12 |
3. | ჩიხურა | 5 | 4 | 0 | 1 | 8-4 | 12 |
4. | მეტალურგი | 5 | 3 | 0 | 2 | 4-5 | 9 |
5. | ზესტაფონი | 5 | 2 | 1 | 2 | 5-3 | 7 |
6. | მერანი | 5 | 2 | 0 | 3 | 3-8 | 6 |
7. | ზუგდიდი | 5 | 1 | 3 | 1 | 3-2 | 6 |
8. | სიონი | 5 | 1 | 3 | 1 | 7-7 | 6 |
9. | ვიტ ჯორჯია | 5 | 1 | 2 | 2 | 2-3 | 5 |
10. | დილა | 5 | 1 | 1 | 3 | 6-7 | 4 |
11. | დინამო (ბთ) |
5 | 0 | 2 | 3 | 2-9 | 2 |
12 | კოლხეთი | 5 | 0 | 2 | 3 | 1-10 | 2 |
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"