საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VII ტურის წინათქმა

AutoSharing Option
იქიდან გამომდინარე, რომ უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის 22-ივე ტურის ჩატარება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი, კალენდარი საკმაოდ მჭიდრო და დატვირთულია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტი მატჩების ჩასატარებლად აქტიურად გამოიყენებს სამუშაო დღეებსაც და ახლა სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

26 სექტემბერს დაგეგმილი ტური სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს; კვირას, 30 სექტემბერს კი უკვე მომდევნო ტურის შეხვედრები გაიმართება და უმაღლესლიგელთა მზადყოფნის შეფასებაც უფრო ამომწურავად შეგვეძლება.

რაც შეეხება 26 სექტემბრის მატჩებს, მათგან ცენტრალურის სტატუსი ორს უნდა მივანიჭოთ, თუმცა, როგორც ჩემპიონატის პირველ ნახევარს
სჩვევია, რიგით და არაფრისმომცემ შეხვედრებთან საქმე, ფაქტობრივად, არ გვექნება.

გაგრძელდება დილას აღმასვლა?
გორში ერთმანეთს მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი ორი გუნდი დაუპირისპირდება. გიორგი დარასელიას ხელი "დილას" აშკარად დაეტყო, საქართველოს თასის მფლობელმა ხომ ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით ჯერ თბილისის "დინამოს", შემდეგ კი "ზესტაფონს" სძლია.

26-ში "დილას" საქმე კიდევ ერთ უშუალო კონკურენტთან ექნება და საინტერესოა, შეძლებს თუ არა გორელთა მთავარი მწვრთნელი "ლელოს" ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მესამედ მოხვედრას.

Sportall.Ge

რუსთაველებმა ფოთის "კოლხეთის" ძლევით სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორეს და თუ გორში არ წააგეს, "დილასთან" ხუთქულიან უპირატესობას შეინარჩუნებენ. სუსტი სტარტის შემდეგ კი შიდაქართლელებისთვის გამარჯვების გარდა, სხვა ნებისმიერი შედეგი მიუღებელი უნდა იყოს.

ბოლო ორ მატჩში მოპოვებული ექვსი ქულის მიუხედავად, დარასელიას გუნდის პოზიციები ჯერ კიდევ არასახარბიელოა. "დილა" ხომ დღეისთვის საუკეთესო ექვსეულშიც კი არ შედის.

მოკლედ, გორში ძალიან საინტერესო და შინაარსიანი ფეხბურთის მომსწრენი უნდა გავხდეთ. ერთმანეთის წინააღმდეგ ხომ ქართული საზომებით ამბიციური გუნდები ითამაშებენ.

"მეტალურგი" ლიდერთა ჯგუფთან ძალიან ახლოა და თუ გორიდან შინ ხელცარიელი არ დაბრუნდა, პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს.

თუ "დილამ" კალენდრის ეს რთული მონაკვეთი ბოლომდე ღირსეულად განვლო, შემდეგ აღმასვლა, წესით, აღარ უნდა გაუჭირდეს.

კალენდარი ვახსენეთ და გეტყვით, რომ გორელებს "დინამოს", "ზესტაფონისა" და "მეტალურგის" შემდეგ, ქუთაისში "ტორპედოსთან" ელით ბრძოლა!

მეორე ცენტრი იმერეთშია
"ჩიხურა" აქამდე თანალიდერი იყო, თუმცა ზუგდიდში განცდილი მარცხით მესამე ადგილამდე დაქვეითდა.

26 სექტემბერს საჩხერელებს დაკარგულის ანაზღაურების შანსი ეძლევათ - მათი სტუმარი ლიდერი თბილისის "დინამო" იქნება. უდავოა, რომ ეს მატჩი გორულზე არანაკლებ ყურადღებას მიიპყრობს და ბევრ შეკითხვასაც გასცემს პასუხს.

Sportall.Ge

არც ვიცით, იქნება თუ არა ფრე დამაკმაყოფილებელი შედეგი "ჩიხურასთვის", დედაქალაქელთათვის კი ქულების დაკარგვა შესაძლოა, ლიდერობის დაკარგვას ნიშნავდეს - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ტორპედო" ფოთში გაიმარჯვებს.

ვიცოდით, რომ "ჩიხურა" უმაღლეს ლიგას აუტსაიდერის სტატუსით არ დაუბრუნდებოდა, მაგრამ სოსო ფრუიძის გუნდის სტარტს მაინც სიურპრიზი უნდა ვუწოდოთ. შესაძლოა, საჩხერელებმა დროთა განმავლობაში მოწინავე პოზიციები ვეღარ შეინარჩუნონ, მაგრამ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის პოტენციალი ნამდვილად გააჩნიათ.

"დინამო" კი გორში განცდილი მარცხის მიუხედავად, სტაბილურად აგრძელებს ქულების დაგროვებას და თუ "ჩიხურასთან" გაიმარჯვა, ლიდერებსა და სხვებს შორის სხვაობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.

ბრძოლა ლიდერობისა და ექვსეულისთვის
ახლო წარსულში "ვიტ ჯორჯია"-"ზესტაფონი" ტურის ცენტრალური მატჩი იქნებოდა, მაგრამ ბოლო წლებში ვეტერინარები მაღალი მიზნისთვის ვეღარ იბრძვიან და შესაბამისად, წამყვანი ქართული კლუბები მათთან დაპირისპირებაში მიზნად მხოლოდ სამი ქულის მოპოვებას ისახავენ.

Sportall.Ge

თუმცა ოპტიმალურ მდგომარეობაში არც "ზესტაფონია" და წესით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონისთვის მცხეთაში წარმატების მიღწევა არცთუ იოლი უნდა იყოს.

ზამთარაძე-მუჯირის სამწვრთნელო დუეტმა ფეროელთა სათავეში მუშაობა გამარჯვებით კი დაიწყო, მაგრამ ამას შინ "დილასთან" განცდილი მარცხი მოჰყვა, რამაც "ზესტაფონის" სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ახლა საინტერესო ის არის, როდის მიიღებს "ზესტაფონი" მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის სახეს. ახალ სამწვრთნელო შტაბს თავის გამოსაჩენად დრო ყოველთვის სჭირდება და ამ ტანდემის მუშაობაც ოდნავ მოგვიანებით უნდა შევაფასოთ.

"ვიტ ჯორჯია" წინა ტურში "დინამოსთან" 0:5 განადგურდა და საინტერესოა, დროულად შეძლებს თუ არა მერაბ კოჭლაშვილის გუნდი ამის დავიწყებას და აქცენტის მოახლოებულ მატჩებზე გადატანას.

Sportall.Ge

"კოლხეთს" მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ არ მოუგია, VII ტურში კი ისეთი მეტოქე ჰყავს, რომელთან ნავსის გატეხვა გაუჭირდება. "ტორპედო" ჩინებულ ფორმაშია და დამსახურებულადაც არის ჩემპიონატის თანალიდერი.

გია გეგუჩაძის
გაახალგაზრდავების პოლიტიკა აქაც ამართლებს - ბოლო სამი მატჩი ქუთაისელებმა ოთხი ბურთის სხვაობით მოიგეს!

თუმცა ხელაღებით პროგნოზს ვერც ამ მატჩზე გავაკეთებთ, ფოთში წარმატების მიღწევა ხომ არავისთვის არის ადვილი.

Sportall.Ge

უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ბოლნისში. "სიონისა" და "ზუგდიდის" ამოცანა ამ ეტაპზე ზეექვსეულში შესვლაა და ამის იმედი ჯერ არც ერთ მათგანს გადაუწურავს.

გასულ ტურში "ზუგდიდმა" "ჩიხურასთან" საშინაო შეხვედრაში ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. ასეთი შემთხვევები კი ნებისმიერი გუნდის საბრძოლო განწყობას ამაღლებს.

"სიონის" ერთ-ერთი უმთავრესი იმედი კი საშინაო კედლებია. ამ მატჩში ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი.

Sportall.Ge

ბოლოადგილოსან ბათუმის "დინამოს" კი პირველი გამარჯვების მოპოვების კარგი შანსი აქვს. "მერანი", როგორც წესი, ქულების უდიდეს ნაწილს მარტვილში აგროვებს, სტუმრად კი იშვიათად ახერხებს მარაგის შევსებას.

რაღა თქმა უნდა, დღეისთვის "მერანი" "დინამოზე" ძლიერი კლუბია, თუმცა ამ კონკრეტულ მატჩში წარმატების შანსი ორივე გუნდს აქვს.

სატურნირო ცხრილი

წ  

1. დინამო (თბ) 6 5 0 1 17-4 15
2. ტორპედო 6 5 0 1 17-4 15
3. ჩიხურა 6 4 0 2 10-8 12
4. მეტალურგი 6 4 0 2 6-6 12
5. მერანი 6 3 0 3 4-8 9
6. ზუგდიდი 6 2 3 1 7-4 9
7. ზესტაფონი 6 2 1 3 5-4 7
8. დილა 6 2 1 3 7-7 7
9. სიონი 6 1 3 2 7-8 6
10. ვიტ ჯორჯია 6 1 2 3 2-8 5
11. კოლხეთი 6 0 2 4 2-12 2
12. დინამო (ბთ) 6 0 2 4 3-14 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს პრემიერლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული