ახალი სახე: მიხეილ ჯორბენაძემ 15 გოლს დაუმიზნა

AutoSharing Option
რვა ტურის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირებში ჯაბა დვალი თუ დაწინაურდებოდა, განსაკუთრებულს ამაში ვერავინ აღმოაჩენდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დვალის მსგავსად, რვა ტურის შემდეგ ექვსი გოლი ბათუმის "დინამოს" შემტევმა მიხეილ ჯორბენაძემაც გაიტანა.

ჯორბენაძის თამაში პირველად მაშინ ვნახე, როცა წინა სეზონის მეორე ეტაპზე "ბათუმი" პირველი ლიგიდან მოხვდა პლეი აუტში და უმაღლესის საგზურიც მოიპოვა.

მოძრავი, მოდრიბლინგე, შეუპოვარი თავდამსხმელი - ასეთად გაგვეცნო მაშინ ჯორბენაძე. ახლა კი უკვე დვალის კონკურენტია ბომბარდირობაში...

"ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ ეტაპზე ასეთი შედეგი მექნებოდა. ეს ყველაზე უფრო, ალბათ, იმით
არის გამოწვეული, რომ მართლაც კარგ ფორმაში ვარ. ყველაფერი ჩინებულად მიდის და ვნახოთ, აწი რა იქნება",
- ამბობს ჯორბენაძე.

ის 24 წლისაა და "ბათუმში" ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. გია გურულის გაწვრთნილი გუნდი მეტწილად სამი შემტევით გადის მოედანზე, ერთი გამორჩეული თავდამსხმელითა და ორი ფლანგელით.

ჩემპიონატის წინა ტურში "ბათუმმა" ქობულეთში, "ჩელე არენაზე" ფოთის "კოლხეთი" 3:1 დაამარცხა. სტუმრებს პირველი გოლი სწორედ ჯორბენაძემ გაუტანა.

"დაძაბული თამაში გამოვიდა. "კოლხეთი" თავიდან გვჯობდა თამაშით, მაგრამ პირველმა გაშვებულმა გოლმა გატეხა.

ისიც უნდა ითქვას, რომ "კოლხეთი" ამ სეზონში მგონი პირველად თამაშობდა ხელოვნურ საფარზე და, ალბათ, ამ ფაქტორმაც შეუშალა ხელი",
- ასე ფიქრობს ჯორბენაძე.

"ბათუმი" მიმდინარე სეზონში არასტაბილურად თამაშობს. მეექვსე ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" 1:5 წააგო, მომდევნო შეხვედრაში კი მარტვილის "მერანი" 4:0 დაამარცხა.

"არასტაბილურობა იმის ბრალია, რომ გამოცდილება გვაკლია. ახალგაზრდული გუნდი ვართ. გამოცდილი ფეხბურთელიაო, მხოლოდ ამირან მუჯირზე ითქმის, ვინც ასაკის გამო მეტწილად შეცვლაზე შემოდის და თავისი გამოცდილებით დიდად გვეხმარება".

ჯორბენაძემ ისიც გვითხრა, "ტორპედოსთან" 1:5 წაგება, ალბათ, იმის ბრალია, რომ ორი გამოკვეთილი თავდამსხმელით ვითამაშეთ და ნახევარდაცვაში გაგვიჭირდა ტორპედოელებთან, ქუთაისელებს ხომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთო.

"მერანთან" მოგებაზე კი გვითხრა, იქაც სწრაფი გოლით გავტეხეთ მეტოქე, მატჩის ბოლოს კი "მერანი" კაცნაკლული დარჩა, თამაშის სადავეები კი სულ ჩვენი იყოო.

ჯორბენაძე ბათუმელია და სხვა გუნდში არც არასდროს უთამაშია. ის ამბობს, რომ უმაღლეს ლიგაში გაცილებით ძნელია თამაში და გოლების გატანა, ვიდრე პირველში.

წინა სეზონში, პირველ ლიგაში ჯორბენაძემ 11 გოლი გაიტანა, პლეი აუტში კი - 3.

"თუ "ბათუმი" ზედა ექვსეულში მოხვდება, უფრო გაძნელდება გოლის გატანა. რა თქმა უნდა, ზუსტად ამის თქმა არ შეიძლება, თუმცა მიმდინარე სეზონში თხუთმეტი გოლის გატანა ჩემთვის შეუძლებელი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება გუნდის შედეგს, შანსი არ არის, რომ "ბათუმი" უმაღლესი ლიგიდან გავარდეს. ურიგო გუნდი ნამდვილად არ ვართ, მწვრთნელიც კარგი გვყ
ავს", - იმედიანადაა ჯორბენაძე.

მომდევნო ტურში "ბათუმი" გორის "დილას" ეთამაშება, რომელიც ევროსარბიელის შემდეგ გიორგი დარასელიას ხელში ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებით ათამაშდა. თუ ჯორბენაძე გორშიც გამოიჩენს თავს გოლით, შეგვეძლება ვივარაუდოთ, რომ დვალს არცთუ უშანსო კონკურენტი გამოუჩნდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს პრემიერლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული