გიორგი ყიფიანი: "მეტალურგის" ხელმძღვანელობისგან სრულ ნდობას ვგრძნობ

AutoSharing Option
4 ოქტომბერს რუსთავში "მეტალურგის" ახალი სამწვრთნელო შტაბი წარადგინეს. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი გაათავისუფლეს.

რუსთაველთა ახალი თავკაცი გიორგი ყიფიანი იქნება, ხოლო მისი ასისტენტი გიორგი დეკანოსიძეა.

არც ერთ მათგანს ქართველი გულშემატკივრის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ყიფიანმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო განათლება ისრაელში მიიღო, რის შემდეგაც ნახევარი სეზონი ბოლნისის "სიონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაატარა, რასაც "ზესტაფონში" გატარებული სეზონი მოჰყვა.

შეგახსენებთ, იმერულ კლუბში იგი გიორგი ჭიაბრიშვილის თანაშემწე იყო და "ზესტაფონთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება
დეკანოსიძეს, ფეხბურთელის კარიერა მან ახლახან დაასრულა, ბოლო დროს კი თბილისის "დინამოს" ბავშვთა აკადემიაში მუშაობდა.

დღეისთვის "მეტალურგი" საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ოთხი გამარჯვებითა და ოთხი მარცხით მეექვსე ადგილზეა და სანამ მაღალ მიზნებს შეეჭიდებოდეს, ჯერ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის ამოცანა აქვს გადასაჭრელი.

"მეტალურგის" ახალი სამწვრთნელო შტაბი მედიას რუსთავის "ფოლადის" სტადიონის საკონფერენციო დარბაზში წარუდგინეს.

გიორგი სააკაძე, "მეტალურგის" დირექტორი:
"კობა ჟორჟიკაშვილმა ჩვენი კლუბისთვის ბევრი რამ გააკეთა და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით, მაგრამ ბოლოდროინდელმა წარუმატებელმა ასპარეზობამ გარდაუვალი ცვლილებების აუცილებლობის წინაშე დაგვაყენა.

გიორგი ყიფიანსა და გიორგი დეკანოსიძეს სრულ ნდობას ვუცხადებთ და იმედი გვაქვს, რომ ისინი "მეტალურგში" წარმატებულად და ნაყოფიერად იმუშავებენ. ჩვენი მიზანი ევროთასების საგზურის მოპოვებაა და იმედია, ამას შევძლებთ".


გიორგი ყიფიანი, "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი:
"მეტალურგიდან" შემოთავაზება რამდენიმე დღის წინ მივიღე და კლუბის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემი აქ მუშაობა მიზანშეწონილი იქნება.

ჯერჯერობით სასაუბრო ბევრი არაფერი მაქვს. ჩემი სამუშაოს შესახებ უფრო ვრცლად ლაპარაკი უახლოეს პერიოდში შემეძლება. ახლა კი იმის თქმა შემიძლია, რომ საკმაოდ საპასუხისმგებლო და საინტერესო საქმე მანდეს და იმედების გასამართლებლად ყველაფერს გავაკეთებ.

მოხარული ვარ, რომ "მეტალურგის" ხელმძღვანელობის მხრიდან სრულ ნდობასა და მხარდაჭერას ვგრძნობ.

გარკვეული დრო მჭირდება, რომ გუნდის შიდა სამზარეულოს სათანადოდ გავეცნო და ამის შემდეგ გარკვეულ გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ. ახლა მხოლოდ მეორე ვარჯიშს ვატარებ და ჯერ შორსმიმავალ დასკვნებს ვერ გავაკეთებ.

"მეტალურგი" შესანიშნავი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კლუბია და შესაბამისი ამბიციებიც აქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი სამწვრთნელო შტაბის მუშაობა "მეტალურგის" გულშემატკივართა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს"
.

* * *

Sportall.Geპრესკონფერენციის შემდეგ "ფოლადზე" მეტალურგის ვარჯიში გაიმართა, რომლის დაწყებამდეც მედიასთან კომენტარი "მეტალურგის" ორმა ფეხბურთელმა გააკეთა.

ირაკლი მაისურაძე:
"იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონატი არცთუ მაღალ დონეზე დავიწყეთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ მდგომარეობის გამოსწორებას შევძლებთ.

გიორგი ყიფიანის პირველი ვარჯიშები ძალიან მოგვეწონა. იგი უპირატესობას შემტევ და კომბინაციურ ფეხბურთს ანიჭებს, რაც თითოეული ჩვენგანისთვის მისაღებია"
.

გიორგი მიქაბერიძე:
"დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სიახლე შედეგს გამოიღებს და "მეტალურგი" ლამაზ და შედეგიან ფეხბურთს ითამაშებს. ფეხბურთელები მზად ვართ, ახალ სამწვრთნელო შტაბს მაქსიმალურად დავუდგეთ მხარში".

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ ყიფიანმა "მეტალურგთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. მისი წარმატებით მუშაობის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად გახანგრძლივდება.

"მეტალურგის" მიზანი: თამაში ტრადიციის შესაბამისად (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კობა ჟორჟიკაშვილი: გამოჩნდება, რამდენად სწორი იყო ჩემი გაშვების გადაწყვეტილება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული