ტორპედო-ზესტაფონით აღდგება...

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეს-ატაშე მიხეილ აბაიშვილის კომენტარი შემოგთავაზათ, სადაც ის ამბობდა, რომ პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი "პირველი არხის" ხელმძღვანელ გია ჭანტურიას ესაუბრა და შეთანხმდნენ - სანაკრებო მატჩების შემდეგ, მეორე წრიდან "პირველ არხზე" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეპორტაჟები და მიმოხილვა აღდგებოდა. ითქვა ისიც, რომ ტექნიკური საკითხების დაზუსტების შემდეგ, შეთანხმებას ხელი მალე მოეწერებოდა.

თუმცა ამის შემდეგ გავრცელდა კომენტარი, თითქოს, არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. აბაიშვილმა გუშინ ეს ამბავი კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა: "შეთანხმება მიღწეულია და კონტრაქტი მალე გაფორმდება. როგორც
ვიცი, 17 ოქტომბერს ქუთაისიდან "ტორპედო"-"ზესტაფონის" მატჩის ტრანსლაცია "პირველი არხის" საეთერო ბადეშია ჩასმული. საკითხი უშუალოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ გიორგი ჭანტურიასთანაა შეთანხმებული, ისევე, როგორც ყველა შემდეგი ტურის ცენტრალური შეხვედრის რეპორტაჟის ჩვენება. ამას გარდა, ყოველკვირეული საფეხბურთო მიმოხილვაც უნდა აღდგეს, რომელიც ყოველ ორშაბათს 22:00 საათზე გადიოდა".

"ჭანტურიას ვითარებიდან გამოსავალზე დაველეპარაკე, რომ დეკებრამდე ბოლომდე რეპორტაჟები უნდა გასულიყო. გულშემატკივრები შეწუხებულები არიან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გიორგი ვითარებას არავიზე ნაკლებად არ განიცდიდა. საბოლოოდ, ფედერაცია, ლიგა და "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შევთანხმდით, რადგან საერთო ენის გამონახვა არ გაგვჭირვებია. ასე რომ, "პირველი არხი" უკვე 17 ოქტომბერს ქუთაისიდან პირველ რეპორტაჟს შემოგვთავაზებს. "ტორპედო"-"ზესტაფონის" მატჩი ძალიან საინტერესო იმერული დერბია, ხალხი იქნება და დარწმუნებული ვარ, მას ტელემაყყურებელიც სიამოვნებით მიადევნებს თვალს", - ამბობს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალურმა მდივანმა პაატა ბურჯალიანი, რომელმაც "პირველ არხთან" მოლაპარაკებები წარმატებით დააგვირგვინა.

კომენტარისთვის "პირველი არხის გენერალურ დირექტორ გია ჭანტურიას დავუკავშირდით.

- ბატონო გიორგი, როგორც გავიგეთ, "პირველმა არხმა" ეროვნული ჩემპიონატის რეპორტაჟები აღადგინა...
- დიახ, ეს უკვე გადაწყვეტილია. ლიგის გენერალურ მდივარ პაატა ბურჯალიანს ველაპარაკე და შევთანხმდით. უკვე ვამზადებთ ხელშეკრულებას, რადგან სწრაფად გვინდა პროექტის აღდგენა. ჩვენ გვსურდა, მთელ მსოფლიოში აპრობირებული სქემის ამუშავება, სადაც ფეხბურთი, სარეკლამო ბაზარი და შემოსავლის წყარო გაიგივებულია. არავინაა ვალდებული, უფასოდ რაიმე გააკეთოს. ზოგადად ფეხბურთს კომერციალიზაცია სჭირდება და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში განვითარდება. ეს ჩვენი მოგონილი არ არის, ასეა მთელს მსოფლიოში... სხვათა შორის, მედიაკომპანია "კოლხიდამ" ეროვნული პირველობის გაშუქება რომ დაიწყო, გადაცემის ხარჯებს გვინაზღაურებდა, სამაგიეროდ, სარეკლამო შემოსავლებს თავად იტოვებდა. ახლაც, მოლაპარაკება სწორედ ამის თაობაზე გვქონდა - ან ჩვენი იქნებოდა რეპორტაჟების ხარჯები და მათი - სარეკლამო შემოსავლები, ან პირიქით. ლიგა მოლაპარაკებებს კომერციულ არხებთანაც აწარმოებდა, მაგრამ ჩემი აზრით, ჩემპიონატის გაშუქება "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" სჯობდა. ბურჯალიანთან შევთანხმდით, რომ დეკემბრამდე რეპორტაჟებს აღვადგენთ, ამის შემდეგ კი სამომავლო ურთიერთობებზე დავილაპარაკებდით. შეთანხმების მიხედვით, სარეკლამო შემოსავლები დარჩება "საზოგადოებრივ მაუწყებელს", ისინი კი რეპორტაჟების ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებენ. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ფეხბურთის განვითარებას ხელი უნდა შევუწყოთ. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი იმუშავებს, სამომავლოდ კი ეროვნული ჩემპიონატისა და ფეხბურთის გაშუქების უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა გვინდა, მაყურებლისთვის რაც შეიძლება მიმზიდველი და ყურებადი რომ გავხადოთ. თუმცა თავისთავად ცხადია, რომ მხოლოდ ჩვენი მონდომება საკმარისი არ იქნება, კლუბებმაც უნდა შეგვიწყონ ხელი. სხვათა შორის, თავის დროზე რეპორტაჟებმა და მიმოხილვამ თავისი როლი შეასრულეს და ეროვნული ჩემპიონატის პოპულარობა გაზარდეს. წელს ძალიან საინტერესო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რაც უმაღლეს ლიგაში ქუთაისის "ტორპედოს" დაბრუნებამ განაპირობა. ეს გუნდი მაყურებელში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა და ძალიან ვწუხვარ, ხალხს ბევრი ისეთი შეხვედრის ყურების საშუალება რომ არ მიეცა, გადაჭედილი ტრიბუნების თანხლებით რომ ჩატარდა.

- ეროვნული ჩემპიონატი საფეხბურთო სამყაროს პროდუქტია და ფედერაციაში გაოცებულები იყვნენ, რომ რეპორტაჟებში ტელევიზიები ფულს ითხოვდნენ.
- ტელევიზიამ პროდუქტი უნდა იყიდოს, პროდუქტი კი ყურებადი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჯერ ასეთი ურთიერთობები არ ჩამოყალიბებულა, ეროვნული ჩემპიონატი რეიტინგული არ არის და ამის გამო, გარკვეულ დათმობებზე წასვლა გვიწევს. თუმცა, ადრე თუ გვიან, მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული ურთიერთობები ჩვენთანაც უნდა დამკვიდრდეს და ქართული ფეხბურთისა და ტელევიზიების ურთიერთობები კომერციულ საწყისზე გადავიდეს - ანუ, ტელევიზია ყიდულობს რეპორტაჟის უფლებას და ამ ხარჯს სარეკლამო შემოსავლებით აბალანსებს. შესაძლოა, პროფესიული ფეხბურთის ლიგასთან მიღწეული შეთანხმება ახალი სქემის აწყობის საფუძველი გახდეს.

- თუკი ეროვნული ჩემპიონატის გაშუქება გსურდათ, რეპორტაჟებს აქამდე რატომ არ გადასცემდით?
- ფიზიკურად ვერ შევძლებდით, რადგან "საზოგადოებრივ მაუწყებელს" დადგენილი ბიუჯეტი აქვს, რომელსაც ვერაფრის დიდებით ვერ შევცვლიდით. დეკემბრის ბოლომდე კი შესაძლებელი გახდა რეპორტაჟების განახლება. ასე რომ, გულშემატკივარი დაამშვიდეთ - "პირველი არხი" რეპორტაჟებს განაახლებს!


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული