მუმლაძე ოფიციალურად ოლიმპშია

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, თემურ მახარაძე "ოლიმპში" რამაზ მუმლაძემ შეცვალა. გუშინ ის კლუბის კრებაზე ფეხბურთელებს წარუდგინეს. ამ პერიპეტიებსა და მოსალოდნელ ცვლილებებზე "ოლიმპის" დირექტორ ბადრი ქარქაშაძეს ველაპარაკეთ...

- დღეს გუნდის საერთო კრება იყო, რამაზ მუმლაძე წარვადგინეთ...

- სხვა რა ცვლილებაა მოსალოდნელი, მაგალითად, სამწვრთნელო შტაბი ხომ არ შეიცვლება?
- უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ დავილაპარაკებთ და ყველაფერი ცნობილი გახდება. ერთი ცვლილება კი ისაა, რომ მუმლაძემ ასისტენტად ბორის გონჩაროვი მიიყვანა. სხვა მწვრთნელების საკითხიც მალე გაირკვევა... შეიძლება, არავინაც არ გავუშვათ.

- მართალია, თითქოს "სიონთან" წაგების შემდეგ
ფეხბურთელებს ხელფასები გაუნახევრეთ?
- რა თქმა უნდა, ამ თვეში გაუნახევრდათ.

- მხოლოდ ამ თვეში?
- დიახ, მხოლოდ ამ თვეში.

- მერედა, კონტრაქტში მსგავსი პუნქტი გათვალისწინებული იყო?
- რა თქმა უნდა, ჩაწერილი იყო! "ოლიმპში" პენსია არავისთვის დაგვინიშნავს. წინასწარ, ხელფასზე უპრობლემოდ შევთანხმდით, მაგრამ კონტრაქტში ისიც მივუთითეთ - თუ ფეხბურთელი კარგად ვერ ითამაშებდა, ხელფასი გაუნახევრდებოდა. მოედანზე რომ წამოწვება, იმ მოთამაშეს სრული ხელფასი რატომ უნდა გადავუხადოთ? ასე რომ, ჩვენ შეთანხმება არ დაგვირღვევია.

- რამდენად შეეფერება სიმართლეს, თითქოს, "ოლიმპიდან" რამდენიმე ფეხბურთელს უშვებთ?
- ამ წუთში ვინ უნდა გავუშვათ, როცა ფეხბურთელების დიდი არჩევანი არც გაგვაჩნია? თუმცა არც იმას დავმალავ, რომ საქმისადმი ზოგიერთის დამოკიდებულება უკეთესის სურვილს გვიტოვებს. ნდობა ყველამ უნდა გაამართლოს.

შემდეგ "ოლიმპის" ახალ მთავარ მწვრთნელ რამაზ მუმლაძესაც ველაპარაკეთ.

- ქუთაისი სტრესულ მდგომარეობაში დატოვეთ. ახლა როგორ განწყობაზე ხართ?
- მადლობა ღმერთს, გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან. სიმართლე გითხრათ, დღემდე არ ვიცი, "ტორპედოში" რა მოხდა. ასეთი დაძაბული არასდროს ვყოფილვარ. დაუჯერებელი ამბავია, რაც ქუთაისში გადამხდა თავს. ერთი შეხვედრაც ვერ მოვიგეთ და აბსოლუტურად მართალი იყო ქუთაისელი გულშემატკივარი, როცა ჩემ მიმართ პრეტენზია გაუჩნდა. თუმცა მე კლუბის მოსამზადებლად არაფერი დამიკლია. გულით მინდოდა წარმატების მიღწევა, "ვისოლის" ხელმძღვანელობა ყველაფერში გვეხმარებოდა, გვერდში დამიდგა და მამხნევებდა, მაგრამ სასწაული უიღბლობა დაგვებედა და სჯობდა, წამოვსულიყავი. ახლა კარგად ვარ და იმედია, "ოლიმპში" ყველაფერი კარგად წარიმართება. რუსთაველთა ხელმძღვანელებმა პოსტი შემომთავაზეს და დავთანხმდი. გუნდი კარგადაა მომზადებული, მაგრამ რა ხდებოდა აქამდე, ეს ჩემი საქმე არ არის. მე ქულების მოტანა მევალება და არა წარსულის გარკვევა.

- "ოლიმპში" საკადრო ცვლილებები მოსალოდნელია?
- ამაზე ლაპარაკი არც ყოფილა. შევხვდი და ვესაუბრე ფეხბურთელებს. ცხადია, გუნდის შიგნით ორი მტკივნეული წაგებით გამოწვეული უკმაყოფილებაა, ამდენად, ყველა ღონე ვიხმაროთ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული