ეროვნული ჩემპიონატის გასულ ტურში "ვიტ ჯორჯიამ" "ზესტაფონს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ანგარიში გახსნილი არ იყო, "ვიტ ჯორჯიამ" გოლი გაიტანა, რომელიც არ ჩაუთვალეს. ჩიმაკაძემ მეტოქის კარი ჯანელიძის გადაცემით დალაშქრა, მაგრამ მსაჯებმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს.
"ვიტ ჯორჯიას" ოფიციალურ ვებგვერდზე ამ სადავო ეპიზოდის ვიდეოჩანაწერია წარმოდგენილი, საიდანაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ თბილისელებმა გოლი წესების დაცვით გაიტანეს.
კლუბის პოზიციის დაფიქსირება "ვიტ ჯორჯიას" სპორტულ დირექტორსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ დავით თავართქილაძეს ვთხოვეთ.
"ამ ეტაპზე მსაჯების გადაწყვეტილების ოფიციალურად გაპროტესტებისგან თავს ვიკავებთ და ეს არჩათვლილი
გოლი უბრალოდ, საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვაქვს. დასანანია, რომ ასეთი რამ მოხდა. როცა ერთმანეთს ორი ძლიერი გუნდი ეთამაშება, დიდია იმის ალბათობა, რომ ყველაფერი პირველმა გოლმა გადაწყვიტოს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეპიზოდისას ანგარიში გახსნილი არ იყო, სავსებით შესაძლებლად მეჩვენება, რომ მატჩი "ვიტ ჯორჯიასთვის" ხელსაყრელი შედეგით დასრულებულიყო. ყოველ შემთხვევაში, იმაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ემოციური მუხტი შეიცვლებოდა და სულ სხვაგვარი თამაში წარიმართებოდა.
იმედს გამოვთქვამთ, რომ შეხვედრის არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ და თანამსაჯმა ამ მომენტის გამეორება ყურადღებით ნახეს და გვინდა გვჯეროდეს, რომ ამ შეცდომას განიცდიან. "ვიტ ჯორჯია" არ მიეკუთვნება იმ კლუბების კატეგორიას, რომელიც მარცხს მსაჯს აბრალებს, მაგრამ მსგავს უსამართლობებზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ", - გვითხრა თავართქილაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"