ჯერ არავის უთქვამს, ესა თუ ის მატჩი გარიგებული იყოო, მაგრამ ვინც ამ საქმეში გაწაფულია, დარწმუნებული ვარ, საკუთარი დავთარი აქვს და ყველაფერს გულმოდგინედ ინიშნავს.
მაგალითად, ზოგი ითვლის კონკურენტი გუნდის ფეხბურთელების ყვითელ ბარათებს და როცა მათ ორ-ორი გაფრთხილება დაუგროვდებათ, ცდილობენ ისეთ მსაჯზე "გასვლას", რომელიც ასეთ ფეხბურთელს არ დაინდობს, როგორც კი შანსი მიეცემა, ყვითელ ბარათს აუფრიალებს და ფეხბურთელიც სამი გაფრთხილების გამო
ეს ძველი, კარგად აპრობირებული ტექნოლოგიაა, ისეთი, რომელიც არ ყვირის. ასეთ დროს მსაჯი დარტყმის ქვეშ ძნელად, ანუ თითქმის ვერ მოხვდება, რადგან ფეხბურთის წესები მას ამის საშუალებას აძლევს.
ეს ყველაფერი ზოგადი ლაპარაკია, ამის დამტკიცება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ეს გზა არსებობს, ამ გზას ალბათ ახლაც გამოიყენებენ.
ეს ისეთი ოინია, რომლის პრევენცია ძალიან ძნელია. ფეხბურთში არის ბევრი ისეთი ეპიზოდი, როცა მსაჯს შეუძლია დაინდოს ფეხბურთელი და არ გააფრთხილოს, თუმცა რომც გააფრთხილოს, ვერავინ შეედავება. ამიტომაც ეს ხერხი ჭრიდა და ახლაც გაჭრის.
* * *
მეორე წრე უფრო დაძაბული იქნება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც უფრო ფხიზლად უნდა იყოს.
წინა სეზონის ბოლოს იყო სკანდალები, თუმცა ფედერაციის მხრიდან მჭექი გადაწყვეტილება არავის ახსოვს. ყველაფერმა ისე ჩაიარა, ვითომც არაფერი.
რაც მოხდა, წარსულია - მიმდინარე სეზონის პრევენცია კი აქედანვე თუ არ დაიწყო, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სკანდალები ისევ იქნება.
* * *
არის ერთი საკითხი, რომელიც რატომღაც არ მიიჩნევა ძალიან მნიშვნელოვნად, არადა, რაღაც ჩარჩოებში მოქცევას ნამდვილად საჭიროებს. საქმე ეხება ერთი კლუბის მიერ მეორე კლუბის ფეხბურთელების პრემირებას.
ერთი მოწინავე გუნდი ებრძვის მეორე მოწინავე გუნდს. მეორე მოწინავე გუნდი ხვდება ისეთ მეტოქეს, სადაც გამოცდილი, საქართველოს ჩემპიონატში ჭიპმოჭრილი ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ ამ, ეგრეთ წოდებულ საბიუჯეტო კლუბში გაურკვევლობაა, ფეხბურთელები უპატრონოდ გრძნობენ თავს.
და ამ დროს პირველი მოწინავე გუნდი მათ ჰპირდება პრემიებს - თუ მოუგებთ ან უბრალოდ, ქულებს დააკარგვინებთ ჩემს კონკურენტ გუნდს, სათანადო გასამრჯელოსაც მიიღებთო.
ამბობენ, რომ მსგავსი რაღაცეები სხვა ქვეყნებშიც ხდება და ეს არ არის ბინძური თამაში. ვფიქრობ, ძალიან საკამათო საკითხია. ასეთ დროს უპირატესობა ეძლევა იმ გუნდს, რომლის პატრონსაც უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე მის კონკურენტ კლუბს. ანუ წარმატება პირდაპირ ფულზეა დამოკიდებული და სპორტულ პრინციპს ჩრდილი ადგება.
* * *
30 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბთა საბჭო უნდა შეიკრიბოს და ვნახოთ, რამდენად აღელვებთ ეს საკითხი გუნდების მესვეურთ.
კულუარებში ამბობენ, რომ ჩემპიონატის წინა, მე-11 ტურში ერთ-ერთ მაჩანჩალა გუნდს ერთ-ერთი მოწინავე კლუბისგან ჰქონდა ასეთი დაინტერესება. მაჩანჩალამ ვერ აართვა ქულები ერთ-ერთ მოწინავეს, თუმცა შეპირებული პრემიების გამო მედგარი ბრძოლა გაუმართა.
ალბათ არ იქნება ურიგო, თუ ქართული კლუბები შეთანხმდებიან ამ საკითხზე - გვინდა თუ არა სხვა გუნდისგან პრემირებული მაჩანჩალა გუნდები.
ნახო ღარიბი, გადაუხადო ფული და შენს გემოზე ამუშავო - რა გითხრათ, დიდად მოსაწონი საქციელი არ მგონია, მაგრამ თუ ჩვენი კლუბები ამაზე დათანხმდებიან, შედეგებზეც მათვე უნდა ზღონ.
FIAR PLAY-ს ათ მცნებაში ასეთი რამ არმოსული საქციელია, მაგრამ ისიცაა, რომ მოქმედების ფორმების შეცვლა საფეხბურთო სამყაროს პრეროგატივაა.
* * *
მე-11 ტურში ინციდენტები მომხდარა განმუხურში, სადაც "ზუგდიდი" რუსთავის "მეტალურგს" მასპინძლობდა. კლუბების დღევანდელ შეხვედრაზე ალბათ ამაზეც იმსჯელებენ - უნდა ტარდებოდეს თუ არა უმაღლესი ლიგის მატჩები ასეთ ვითარებაში.
რაც "მეტალურგის" თავკაცმა გიორგი ყიფიანმა ყოველივე ამაზე "ლელოს" უთხრა (იხილეთ ვრცლად) და თუ ეს ყველაფერი აბსოლუტური სიმართლეა, ამ ამბავმა სათანადო რეაქციის გარეშე არ უნდა ჩაიაროს. ანუ აქედანვე გამოჩნდება, რა პრევენციულ ზომებს მიიღებს ფეხბურთის ფედერაცია მიმდინარე ჩემპიონატის ღირსეულად გამართვისთვის.
კლუბების საბჭო პროფესიული ლიგა არ არის, თუმცა მისი შექმნა თითქმის ყველამ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და ვნახოთ, რამდენად ეფექტური გამოდგება მისი მუშაობა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს პრემიერლიგის XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები