სადა ხარ ჩვენო... აკინო

AutoSharing Option

შარშან რუსთავის "ოლიმპის" რიგებში რამდენიმე ბრაზილიელი ფეხბურთელი თამაშობდა, რომლებიც "ატლეტიკო პარანენსედან" იჯარის წესით მოხვდნენ საქართველოში. ამ პროექტმა გაამართლა - ბრაზილიელ ლეგიონერთა ნაწილმა ითამაშა და მერე როგორ! ისინი რუსთავულ გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარნენ და... სეზონის შემდეგ ქართული სივრციდან გაქრნენ. არადა "ოლიმპის" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ანდერსონ ანგუს აკინო ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუ საუკეთესო არა. აკინომ ჩემპიონატში 26 გოლი გაიტანა და 10 გოლით გაუსწრო ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გასულ ნიკოლოზ გელაშვილს. ლაპარაკი აკინოს "გაქართველებაზეც" დაიწყო, სხვათა შორის, ამის წინააღმდეგი არც თავად ბრაზილიელი

ფეხბურთელი იყო.

რუსთაველთა ბრაზილიელები ერთობ მოაკლდნენ უმაღლეს ლიგას, აკინო იმ ტიპის ფეხბურთელთა შორის იყო, რომელთა გამოც დადის ხალხი სტადიონზე. სამწუხაროდ, ბრაზილიელები სამშობლოში დაბრუნდნენ. საინტერესოა, როგორ წარიმართა ჩვენი ძველი ნაცნობების კარიერა მას შემდეგ.

საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი "ატლეტიკო პარანენსემ" კვლავ გაანათხოვრა წლის ბოლომდე, ამჯერად 24 წლის ფეხბურთელი ბრაზილიის სერია ბ-ში, "პარანას" შემადგენლობაშია. მისი პრეზენტაცია აგვისტოს ბოლოს შედგა ახალ კლუბში, სადაც აკინო "პარანას" გულშემატკივრებს კარგი ფეხბურთის თამაშს შეჰპირდა. დაპირდა და შეასრულა კიდეც.

სერია B-ში 20 გუნდია და ჩემპიონატში უკვე 27 ტურია ჩატარებული. "პარანა" 33 ქულით მე-14 ადგილზეა. აკინო მე-11 ტურია, რაც "პარანას" ეხმარება. ის უმალ გახდა "პარანას" შეტევების ლიდერია - 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ბოლო ტურში, რომელიც 10 ოქტომბერს გაიმართა "პარანა" შინ 0:0 დაუზავდა "იკასას", "ჩვენებური" კი 58-ე წუთზე შეცვალეს. აკინომ უმალ მოიპოვა "პარანას" გულშემატკივართა გული. აი, ციტატა ქალაქის ერთ-ერთი გაზეთიდან: "ანდერსონ აკინოს სულ ხუთი თამაში დასჭირდა, რომ მთელი პარანას იმედად ქცეულიყო. "სამფეროვანთა" მაისურით შორეული საქართველოს ბომბარდირმა დაამტკიცა "ადამიანი-გოლის" რეპუტაცია. ხუთ მატჩში "პარანას" ვიცე-ბომბარდირი გახდა მარსელო ტოსკანოს შემდეგ. აკინოს ახლა მუხლი აწუხებს, რის გამოც 90 წუთი თამაში უჭირს, გულშემატკივრები კი ითხოვენ ის სულ მოედანზე იყოს. "ხშირად ფანებს არ ესმით, რომ ფეხბურთელს შეიძლება ტრავმა ჰქონდეს", წუხს "პარანას" თავკაცი მარსელო ოლივეირა".

აკინოსთან ერთად "ოლიმპს" ყველაზე მეტად ალექს ფრაგა გამოადგა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო შარშანდელ ჩემპიონატში. აკინოსგან განსხვავებით ფრაგა "ატლეტიკოში" დატოვეს, თუმცა მას უჭირს სერია ა-ში ძირითადში მოხვედრა. "ატლეტიკო პარანენსე" მე-7 ადგილზეა, ხოლო ფრაგას ძირითადად სათადარიგოთა სკამზე უწევს ყოფნა. ფრაგას ერთხელ მოუწია სერია ა-ს მატჩში თამაში.

27 წლის ფორვარდი ჟონატას ოლივეირა კარდოსო, ანუ ჯონათასი აკინოს დარად "პარანაში" გაანათხოვრეს, მაგრამ იქ მან ფეხი ვერ მოიკიდა. საქართველოში მან 9 თამაშში 3 გოლი გაიტანა. კიდევ ერთი მცველი, 21 წლის ჟერონიმო დოს სანტოს ოლივეირა, ჩვენში ჯერონიმოდ ცნობილი (17 თამაში, 3 გოლი "ოლიმპში") ბრაზილიის სერია ც-ს "მარილიაშია". 20 წლის ედუარდო სალესმა საქართველოს ჩემპიონატში 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ის ისევ "ატლეტიკო პარანენსეშია", ფორვარდს ასაკი ხელს უწყობს და "ატლეტიკოს" დუბლებში თამაშობს. ჟოაო გილერმე ესტევაო და სილვა "ჩოკო" კი ჯერონიმოსთან ერთად "მარილიას" ღირსებას იცავს. აი, ასეთი ბედი ეწია რუსთავის "ოლიმპის" 6 ბრაზილიელს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული