საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის მატჩებს სირიელი არბიტრი განსჯის?

AutoSharing Option
აბდულა ბასლეჰლო - ასეთია სირიელი არბიტრის სახელი, რომელმაც უკვე იმსაჯა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგისა და დუბშლემადგენლობათა მატჩები, სულ მალე კი, დიდი ალბათობით, უმაღლეს ლიგაშიც ვიხილავთ.

35 წლის ფიფას არბიტრი თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. მოგეხსენებათ, სირიაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს და იქ ფეხბურთისთვის არავის სცხელა. ბასლეჰლომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებას მიმართა და დროებით ჩვენს ქვეყანაში დასაქმება სთხოვა.

ანალოგიური თხოვნით სირიის ფეხბურთის ფედერაციამ ქართულ მხარეს მიმართა.

ჩვენს სამსაჯო განყოფილებას ფიფას კატეგორიის მსაჯზე უარის თქმის საფუძველი არ ჰქონია. ფიფასგან თანხმობა ჩამოვიდა, თანაც,
ბასლეჰლომ ტესტებზე მაღალი შედეგები აჩვენა და პირველი ლიგისა და დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის შეხვედრების განსჯა ანდეს. მან იქ თავი მაღალ დონეზე წარმოაჩინა და სწორედ ამიტომ, სავარაუდოდ, სულ მალე სირიელი არბიტრი უმაღლეს ლიგასაც მოემსახურება.

მან თავიდანვე თქვა, რომ ანაზღაურება მისთვის პრიორიტეტი არ იყო და საქართველოში ჩამოსვლის მთავარ მიზნად პრაქტიკის გაგრძელება დაასახელა. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ უფასოდ არ იმუშავებს და ანაზღაურებას იგივე სისტემით მიიღებს, რითაც მისი ქართველი კოლეგები.

ერთი სიტყვით, წინ საინტერესო ამბავი გველის - აქამდე არასდროს ყოფილა, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს უცხოელი მსაჯები გაძღოლოდნენ. მხოლოდ ერთხელ, ისიც საქართველოს თასის ფინალი განსაჯეს თურქმა "შავოსნებმა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული