19 დეკემბერს გასამართი მატჩები კი კიდევ უფრო მიგვაახლოებს მთავარი საკითხის გარკვევასთან, რომელიც ასე ჟღერს - როგორ დაკომპლექტდება ზედა და ქვედა ექვსეულები?
წინა ტურში "ზუგდიდმა", მარცხის მიუხედავად, საბოლოოდ გადაჭრა ზედა ეშელონში მოხვედრის ამოცანა და ვაკანტური საგზურისთვის ორი გუნდი იბრძვის - ჩემპიონი "ზესტაფონი" და ვიცე-ჩემპიონი "მეტალურგი".
ცოტა უცნაურია, მაგრამ ფაქტია - გუნდები, რომლებიც გასულ სეზონში ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონობას ეცილებოდნენ, ახლა გაცილებით მოკრძალებული
შეგახსენებთ, წინა ჩემპიონატი ზესტაფონელებმა და რუსთაველებმა ქულათა თანაბარი რაოდენობით დაასრულეს, რასაც დიდი დავიდარაბა და ჩემპიონის აღმასკომის სხდომაზე გამოვლენა მოჰყვა.
მსგავსი სამარცხვინო ფაქტი ამჯერად არ გვემუქრება - ჩემპიონატის დებულებაში გარკვევით ჩაიწერა, რომ ქულათა თანაბრობის შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის მქონე გუნდს მიენიჭება.
ამ მხრივ კი უპირატესობა "მეტალურგის" მხარესაა - ქვემოქართლელებმა ზესტაფონში მოიგეს, შინ კი ფეროელებთან ფრედ ითამაშეს.
სხვა საქმეა, დაასრულებს თუ არა ორი კონკურენტი პირველ ეტაპს თანაბარი ქულებით. დღეისთვის "ზესტაფონი" "მეტალურგს" ოთხი ქულით უსწრებს, მაგრამ ზეექვსეულში მოსახვედრად აუცილებლად სჭირდება დარჩენილი ორი მატჩიდან მინიმუმ ერთის მოგება.
ფეროელებს გაცილებით მძიმე კალენდარი დარჩათ, ვიდრე მეტალურგებს - "ზესტაფონი" 19 დეკემბერს "ზუგდიდს" ეწვევა, პირველ ეტაპს კი თბილისის "დინამოსთან" საშინაო დაპირისპირებით დაასრულებს.
"მეტალურგი" XXI ტურში "სიონს" "მიხეილ მესხზე" "ესტუმრება" და უნდა ვივარაუდოთ, რომ სამ ქულას მოიპოვებს, რის შემდეგაც "ზუგდიდს" უმასპინძლებს.
აი, ასეთია ზესტაფონელთა და რუსთაველთა ბოლო გამოცდების განრიგი, საბოლოო პროგნოზის გაკეთება კი საკმაოდ რთულია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ახლავე შეეძლება ამოცანის სათავისოდ გადაჭრა, ოღონდ საამისოდ საკმაოდ რთული მისიის შესრულება, სტუმრად "ზუგდიდის" ძლევა დასჭირდება.
შეგახსენებთ, წინა ტურში "ზესტაფონმა" პირველი მატჩი ჩაატარა კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით და სერბი იგორ იელიჩის მიერ შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლით 1:0 გაიმარჯვა.
პირველად ზამთრის ჩემპიონის სტატუსით
თბილისის "დინამომ" "ზამთრის ჩემპიონის" წოდება გასულ ტურში დაიბევა და 19 დეკემბერს საკუთარი მონაგარის მორიგი სამი ქულით გამდიდრებას აპირებს.
საამისოდ დედაქალაქელებს ყველა პირობა აქვთ, თუმცა დუშან უჰრინის ფეხბურთელებმა ისიც კარგად იციან, რომ "მერანთან" გამარჯვებისთვის სრული მობილიზება დასჭირდებათ.
წინა სეზონში ხომ მარტვილელებმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი არაერთხელ გაამწარეს - შინ დაამარცხეს, თბილისში კი ფრეს მიაღწიეს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში "დინამომ" მარტვილში დამაჯერებლად, 4:0 გაიმარჯვა.
"დინამოს" სამი ქულა მდევრებზე არანაკლებ სჭირდება - რაც უფრო სოლიდური უპირატესობით შეხვდება უჰრინის გუნდი მეორე ეტაპს, მით უფრო ახლოს იქნება ჩემპიონობასთან, რომელიც ბოლოს "დინამომ" 2008 წელს იზეიმა.
ისიც საინტერესოა, ვინ გახდება პირველი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი და ეს დინამოელთა დავაში გაირკვევა. დღეისთვის ჩისკო წინა ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერ ჯაბა დვალს ერთი გოლით უსწრებს.
ერთი სიტყვით, ოთხშაბათს დინამოელებს საკმარისზე მეტი მოტივაცია ექნებათ მორიგი შედეგიანი მატჩის ჩასატარებლად, "მერანს" კი "დინამო არენაზე" დასაკარგი ბევრი არაფერი ექნება და თავისი ფეხბურთის თამაშს შეეცდება.
სამეულიც ჩამოყალიბდება
საინტერესო ბატალიები ელით "დინამოს" მდევრებს.
"დილას", ერთი შეხედვით, აუტსაიდერი "კოლხეთის" დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს, მაშინ, როცა "იმერულ დერბიში" ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს.
"ჩიხურასა" და "ტორპედოს" შორის ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, რომელიც საჩხერელებს მეოთხედან მესამე ადგილზე გადასვლის შანსს აძლევს, "ტორპედოს" კი სამეულში უფრო მყარად დამკვიდრების პერსპექტივას უჩენს.
ასე რომ, სოფელ ივანწმინდაში გაირკვევა, ვისი ამბიციები უფრო საფუძვლიანია.
ბათუმის "დინამო" კი მცხეთაში უმაღლეს ლიგაში დარჩენის ერთ-ერთ ბოლო შანსს მოეჭიდება.
სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ზღვისპირელებს ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევთ, რაც მეტად რთულად შესასრულებელი ამოცანაა.
ვეტერინარებსაც ანალოგიური მიზანი უნდა ამოძრავებდეთ - სამი ქულა "ვიტ ჯორჯიას" კიდევ უფრო დააშორებდა სახიფათო ზონას.
მოკლედ, პირველი ეტაპის ფინიშის მოახლოებასთან ერთად, თითოეული მატჩის ფასი საკმაოდ მაღალია. წელს დარჩენილ ტურებში მეტად საინტერესო ბატალიების მომსწრენი გავხდებით.
ისღა დაგვრჩენია, იმედი დავიტოვოთ, რომ მეორე ეტაპი სამართლიან ბრძოლაში წარიმართება და საეჭვო მატჩებისა და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლების მომსწრენი აღარ გავხდებით, რითაც ასე ძალიან ვიყავით "განებივრებულები" წინა სეზონის დასკვნით ნაწილში.
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | დინამო (თბ) | 20 | 15 | 4 | 1 | 59-16 | 49 |
2 | დილა | 20 | 14 | 1 | 5 | 32-13 | 43 |
3 | ტორპედო | 20 | 13 | 2 | 5 | 37-17 | 41 |
4 | ჩიხურა | 20 | 12 | 3 | 5 | 33-21 | 39 |
5 | ზუგდიდი | 20 | 10 | 5 | 5 | 26-18 | 35 |
6 | ზესტაფონი | 20 | 9 | 4 | 7 | 25-19 | 31 |
7 | მეტალურგი | 20 | 8 | 3 | 9 | 16-25 | 27 |
8 | მერანი | 20 | 7 | 2 | 11 | 20-30 | 23 |
9 | ვიტ ჯორჯია | 20 | 5 | 5 | 10 | 13-27 | 20 |
10 | სიონი | 20 | 4 | 5 | 11 | 13-34 | 17 |
11 | დინამო (ბთ) | 20 | 3 | 3 | 14 | 21-44 | 12 |
12 | კოლხეთი | 20 | 0 | 3 | 17 | 10-41 | 3 |
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები