ვლადიმერ ხაჩიძე: ცხინვალის "სპარტაკის" კოზირი გუნდის ხელწერაა

AutoSharing Option
მიმდინარე წლის მაისში ცხინვალის "სპარტაკს" უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში მოუწია დაქვეითება, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი პირველ ლიგაში შედეგიანად ასპარეზობს და ელიტაში დასაბრუნებლად დამაჯერებლად იბრძვის.

"სპარტაკი" პირველი ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზეა, თანაც, უახლოეს მდევარ ხობის "კოლხეთს" (რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული) ერთბაშად 9 ქულით უსწრებს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ცხინვალელები ამ ჰანდიკაპს არ გაანიავებენ და მომავალ სეზონს უმაღლეს ლიგაში დაიწყებენ.

პირველ ლიგაში უკვე საფეხბურთო პაუზაა. როგორც ირკვევა, "სპარტაკი" სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს სხვებზე ადრე, 26 დეკემბერს
შეუდგება.

მანამდე კი ამ გუნდის მთავარ მწვრთნელს ვლადიმერ ხაჩიძეს სეზონის პირველი ნახევრის შეჯამებისთვის მივმართეთ.

- შედეგით კმაყოფილი უნდა იყოთ. თუ ფიქრობთ, რომ უკეთესიც შეიძლებოდა?
- სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მაისში უმაღლესი ლიგის დატოვება მოგვიწია. თუმცა, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ეს ვითარება სწორედ ჩვენს გუნდზეა ზედგამოჭრილი.

პირველ ლიგაში დაქვეითების შემდეგ გუნდი მნიშვნელოვნად გადავახალისეთ, აქცენტი ახალგაზრდებზე გავაკეთეთ - ჩვენი გუნდის საშუალო ასაკი 20 წელზე დავიყვანეთ, რამაც გაამართლა კიდეც.

კლუბის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, ახალი სეზონისთვის ჩინებულად მოვემზადეთ, რაც სეზონის სტარტზევე გამოჩნდა და დღესაც აშკარად იგრძნობა.

მართალი გითხრათ, უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად ორწლიანი პერიოდი დავგეგმეთ, მაგრამ ისე კარგად აგვეწყო საქმე, რომ 16-დან 14 მატჩი მოვიგეთ, მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით და ერთიც ფრედ ვითამაშეთ. B ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ და უახლოეს მდევარს 9 ქულით ვუსწრებთ.

ამ შედეგიდან გამომდინარე, ბუნებრივია, პირველი ადგილის შენარჩუნებას და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. რაც შეეხება შეფასებას, მიმაჩნია, რომ ნორმალური შედეგი გვაქვს.

- ყველაზე კარგად და ყველაზე ცუდად რომელი მატჩები დაგამახსოვრდათ?
- ერთადერთი მატჩი ხობში წავაგეთ, მაგრამ ცუდად არ გვითამაშია. ძალზე ცუდ მოედანზე მოგვიწია თამაში და მეტოქისგან განსხვავებით, არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მიმაჩნია, რომ ჩვენმა გუნდმა ყველაზე სუსტად "ზოოვეტთან" ითამაშა. ალბათ ამიტომაც ვერ მოვიგეთ ის მატჩი და ფრეს დავჯერდით...

ყველაზე კარგად კი "ლოკომოტივთან" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული გასვლითი მატჩი დამამახსოვრდა. თამაშის სტარტზე შემთხვევითი გოლი მივიღეთ, მაგრამ საბოლოოდ დამსახურებულად, 3:1 მოვიგეთ. "ლოკომოტივს" დიდი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ამ შეხვედრაში "სპარტაკმა" თავისი ხელწერა გამოავლინა და გამართული თამაშით ყველას დაანახვა, რომ პირველ ლიგაში მთავარი ფავორიტია.

- მაინც რაში მდგომარეობს "სპარტაკის" წარმატების ფორმულა?
- ჩვენი კოზირი და წარმატების ფორმულა ისაა, რომ გუნდს საკუთარი ხელწერა გააჩნია. არაერთხელ მსმენია და მიხარია, რომ ჩვენს თამაშებზე ისეთი ნეიტრალური მაყურებელი დადის, რომელთაც უბრალოდ, ლამაზი თამაში ხიბლავთ.

ორმაგად სასიხარულოა ის, რომ ასეთი გულშემატკივრის რაოდენობა ჩვენს თამაშებზე იზრდება. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ჩვენი ერთობლივი გარჯის ნაყოფს მხოლოდ დაგროვილ ქულებში კი არა, მოედანზე, გუნდის ლამაზად და გამართულად თამაშში ხედავ. მატჩიდან მატჩამდე ვუმატებთ და ეს ძალიან მახარებს.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებდა ამ ფორმაციის "სპარტაკი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას?
- ის ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც გასულ სეზონში ჩვენთან იყვნენ და შევინარჩუნეთ, საფეხბურთო თვალსაზრისით, გაიზარდნენ, უკეთ ათამაშდნენ. ამასთან, "სპარტაკმა" პირველ ნომრად თამაში ისწავლა, რაც უმაღლეს ლიგაში არ გამოგვდიოდა...

ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ ამჟამინდელი გუნდით უმაღლეს ლიგაში ადგილს შევინარჩუნებდით.

- რომელ ფეხბურთელებს ან რომელ სათამაშო რგოლს გამოარჩევდით?
- კონკრეტულად რომელიმე მოთამაშის ან ფეხბურთელის დასახელება არ მჩვევია. ეს გუნდია და ჩვენი შედეგი მთლიანი გუნდის დამსახურებაა.

- ჯგუფში ყველაზე ნაკლები, 8 გოლი გაუშვით...
- 16 მატჩში 8 გოლის გაშვება კარგი შედეგია. მით უმეტეს, როცა ტაქტიკური შეცდომით არც ერთი ბურთი არ მიგვიღია. ეს მეკარისა და დაცვის, ორივე რგოლის დამსახურებაა.

აღსანიშავია ისიც, რომ ჩვენი გუნდის დაცვის ხაზი სეზონის წინ დავაკომპლექტეთ. მცირე ხარვეზების გამოსწორება და მომატება ყველა რგოლში გვჭირდება და მოვუმატებთ კიდეც, რადგან უმაღლეს ლიგაში უფრო უკეთ თამაში გვმართებს.

- ხობის "კოლხეთის" გარდა, უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტად რომელ გუნდებს მიიჩნევთ?
- "ლოკომოტივზე" უკვე გითხარით, ამ გუნდს დიდი პოტენციალი გააჩნია. ამას გარდა, "კოლხეთი" თავისთავად რეალური პრეტენდენტია. გამოვარჩევდი ასევე ქობულეთის "შუქურას". მთლიანად კი ჩვენს B ჯგუფში 4-5 კლუბია, რომლებიც პირველი ლიგის დონეზე კარგ გუნდებად მიიჩნევა.

- მაინც რა სხვაობაა უმაღლეს და პირველ ლიგას შორის?
- მთავარი სხვაობა სისწრაფეებშია. უმაღლესისგან განსხვავებით, პირველ ლიგაში ტემპი დაბალია. ამას გარდა, რეგიონებში უფრო მეტად იგრძნობა კარგი მოედნების დეფიციტი...

და კიდევ ერთი, პირველი ლიგის შემსრულებლები უმაღლესი ლიგის გუნდების შემსრულებლებს კლასით ჩამორჩებიან. თუმცა, პირველ ლიგაში ასპარეზობას უფრო დიდი გამოცდისთვის ჩვენი გუნდი ნაყოფიერად იყენებს.

- "სპარტაკი" თასის გათამაშებაზე მომდევნო ეტაპზეა. ორ ფრონტზე იბრძოლებთ თუ მთავარ აქცენტს პირველ ლიგასა და უმაღლესში დაბრუნებაზე გააკეთებთ?
- ჩვენი მიზანი უმაღლესში დაბრუნებაა, მაგრამ თასის გათამაშებაშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ. რაც უფრო მეტ კარგ გუნდს ვეთამაშებით, უკეთესია, უმაღლესი ლიგისთვის ჩვენი გუნდი მეტად გამოიწრთობა.

- ზამთრის პაუზა დადგა და მალე ტრანსფერებიც გაჩაღდება. "სპარტაკი" გაძლიერდება თუ სეზონის მეორე ნახევარში იგივე შემადგენლობით იასპარეზებთ?
- ჩვენ მთავარ ბირთვს შევინარჩუნებთ და კიდევ ორი-სამი ფეხბურთელით გავაძლიერებთ გუნდს. იმ ფეხბურელებს დავიმატებთ, რომლებიც ხასიათითა და თამაშის მანერით ჩვენს გუნდს შეესაბამებიან.

- "სპარტაკი" სად მოემზადება?
- 26 დეკემბერს თბილისში განვაახლებთ მზადებას და მოსამზადებელი პერიოდის პირველ ეტაპსაც ადგილზე გავივლით. თებერვლის დასაწყისში ანტალიაში გვინდა მოსამზადებელი შეკრების გავლა.

გვინდა, რაც შეიძლება კარგ გუნდებთან სპარინგმატჩებში გამოვცადოთ ჩვენი ფეხბურთელები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს XXIV ჩემპიონატი. პირველი ლიგა: საინტერესო პერსონები
ვლადიმერ ხაჩიძე: ქომაგი რომ გვყოლოდა, არ დავქვეითდებოდით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული