ფეხბურთის მთავარი არსი გამარჯვებულის სამართლიანად გამოვლენაა, რასაც ხელს "მსაჯის შეხედულება" ხშირად უშლიდა, უშლის და ყოველთვის შეუშლის, რადგან ძველი
ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მოსაზრება, თითქოს ფეხბურთის ხიბლი ადამიანური შეცდომებია. ადამიანურია სასამართლოც, კანონმდებლობაც, მაგრამ ფეხბურთის და ფიფას გარდა, არსად წერია, რომ დავა განმსჯელის (ამ შემთხვევაში, მსაჯის) შეხედულებისამებრ გადაწყდეს. მსოფლიო იურისპრუდენციის "ფილტრში" რომ გავატაროთ, ფიფას კანონმდებლობიდან მსგავსი მრავალი "შედევრი" ამოტივტივდება. ყველა კანონი და დებულება მკაფიოდ განსაზღვრული არაა.
რეალურად ყველა ხვდება, რომ მსაჯის ეს "შეხედულება" იარაღია, რომელიც ნებისმიერ დროს სასურველი მიმართულებით არასასურველის წინაღმდეგ გამოიყენება. რატომ უნდა ივარაუდოს მსაჯმა, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა თუ არა, როდესაც ვიდეოგანმეორება უზუსტეს პასუხს გვაძლევს? ესეც მსაჯის "შეხედულებისამებრ" რომ წყდება, ფეხბურთში სამართლიანობის განცდა ამიტომაც დაიკარგა.
ან რა ლოგიკა სჭირდება იმას, რომ ყველაფერი ძველებურად, უსამართლოდ აღარ უნდა წყდებოდეს და რომ, ვიდეორეფერი და სამართლიანი გადაწყვეტილება უსამართლოს და სუბიექტურს ბევრად სჯობია და ვიღაცებს მანიპულაციის საშუალებას უსპობს.
შესაძლებელია, მთელ მსოფლიოში წამოწყებული დისკუსიას წერტილი საქართველოში დაესვას და პირველი ვიდეომსაჯი საქართველოს ჩემპიონატში დაინერგოს.
ეს სენსაციური განცხადება გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გააკეთა.
- ფიფა-უეფასთან მოლაპარაკება დავიწყეთ და ჩვენი დიდი სურვილია, ვიყოთ პირველი ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ, მთელ მსოფლიოშიც, სადაც ექსპერიმენტის სახით, ვიდეომსაჯი დაინერგება.
თუკი "ლოკომოტივის" სტადიონი გადმოგვეცემა, ჩვენი პირველი ნაბიჯი სტადიონზე ვიდეომსაჯის დამონტაჟება იქნება. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა არა მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატისთვის, არამედ, მსოფლიო ფეხბურთისთვისაც.
სამხრეთ აფრიკაში გამართულ ფიფას VI კონგრესზე უეფამ პირველ საკითხად კარის უკან მსაჯების დამატების საკითხი გამოიტანა, მაგრამ ფიფას პრეზიდენტი ბლატერი წამოწყების წინააღმდეგ წავიდა. არადა, რომ დათანხმებულიყო, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ამდენ შეცდომას არ დაუშვებდნენ.
- ეს ექსპერიმენტი მხოლოდ "ლოკომოტივს" სტადიონზე დაინერგება, თუ უმაღლესის ყველა მატჩში გამოიყენებთ?
- ჯერ ორ შეხვედრას "ლოკომოტივზე" ვსინჯავთ, თუმცა უეფას თანხმობას ველით. უეფაში წერილები გაგზავნილია, მათ წარმომადგენელს ველაპარაკე და პასუხს უახლოეს პერიოდში გამოგზავნიან.