ბუკა გიგაური: გოლი რომ გავიტანე, სიხარულისგან გონება დამებინდა

AutoSharing Option
"გოლი რომ გავიტანე, სიხარულისგან გონება დამებინდა, ტრიბუნებისკენ გავვარდი, დამცავ ბადეზე ავძვერი და აღარც მახსოვს, რას ვაკეთებდი,", - ასე იხსენებს მერაბ (იგივე ბუკა) გიგაური "ზესტაფონთან" გატანილ ერთადერთ გოლს და ძნელია მისი არ გაიგო. 17 წლის თბილისელმა ჭაბუკმა ქუთაისის "ტორპედოს" პირველი საშინაო გამარჯვება მოუტანა და თანაც - ეროვნული პირველობის ლიდერის წინააღმდეგ. გოლიც არის და გოლიც - გიგაურმა კარი შორეული ძლიერი დარტყმით აიღო - ბურთს მიწაზე დაშვება არ აცალა, ისე დასცხო..

ის, რაც გიგაურმა გააკეთა, საქართველოში ბოლოხანს, ვგონებთ, არავის გაუკეთებია. აქ გოლის შემდეგ
სიხარული უცებ მთავრდება, სადაა ის ემოცია, ფოტოკორესპოდენტებისა და ოპერატორებისთვის სასურველი კადრები რომ აღიბეჭდება, რომლითაც უცხოური ჩემპიონატების მიმოხილვის "ქუდებს" აკოწიწებენ და ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე გამოაქვთ...

ამიტომაც აღმოჩნდა დასამახსოვრებელი გიგაურის ბავშვური ემოცია - 17 წლის ნახევარმცველისთვის ეროვნული ჩემპიონატი, იქ გატანილი გოლი და მისი პირველი ინტერვიუც ძვირფასია. ლაპარაკობს ისევე ემოციურად, როგორც თამაშობს. როცა რაღაც ძალიან გიხარია, იმას ფასიც ადევს - ანუ, ჩვენი ჩემპიონატი კიდევ იწვევს ემოციებს.

ბუკა გიორგი დევდარიანის ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრია და ჩეხეთში გამართულ ელიტრაუნდშიც ითამაშა. ქუთაისის "ტორპედოში" კი ამ ზაფხულს "ავაზა-ვოსილიდან" (კემუხტაშვილსა და საბანაძესთან ერთად) აწ უკვე "ოლიმპის" მთავარმა მწვრთნელმა რამაზ მუმლაძემ მიიყვანა. გიგაური მას დღემდე ემადლიერება - ჩემზე ნიჭიერი ბავშვებიც არიან, მაგრამ უმაღლესი ლიგის გუნდის ძირითადში ბევრი არ თამაშობს და ამ კაცს უნდა ვუმადლოდეო.

ბავშვური გულწრფელობით გვპასუხობს კითხვაზე - მუმლაძის წასვლის შემდეგ, ძირითადში მოხვედრის იმედი თუ ჰქონდა?

"იმედი როგორ არ მქონდა?! გია გიგატაძეს მოვწონდი და მენდობოდა. დანიშვნის შემდეგ ცხინვალის "სპარტაკთან" პირველივე შეხვედრაში დამაყენა. ის თამაში მოვიგეთ და მას შემდეგ სულ სასტარტოში ვარ. "ზესტაფონსა" და "დინამოსთან" მატჩებში მწვრთნელი რომ მენდო, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავდა".

10 წლის წინანდელთან შედარებით, დღეს უმაღლესი ლიგის გუნდებში მოთამაშეთა საშუალო ასაკი საგრძნობლად შემცირდა. თუმცა 17 წლის ფეხბურთელები ძირითადში მაინც იშვიათად გვხვდებიან.

"წელს მხოლოდ "სამტრედიასთან" და "კოლხეთთან" არ მითამაშია. "ბაიასა" და "სიონთან" შემცვლელი ვიყავი, დანარჩენი 6 მატჩი კი ძირითადში ჩავატარე. რა თქმა უნდა, ჯერ უმაღლესი ლიგისთვის პატარა ბიჭი ვარ. მე ხომ აქამდე "ავაზა-ვისოლში" მხოლოდ რეგიონალლიგაში მითამაშია და გამოუცდელობის გამო, თავიდან ძალიან დაძაბულად ვთამაშობდი. ნერვიულობის გამო, ხშირად ბურთს უკან ვაწვდიდი, მაგრამ მწვრთნელთა ნდობა ძალიან დამეხმარა. გამოცდილებას ვიღებ, უკვე გავთამამდი და ნელ-ნელა თამაშიც უკეთ გამომდის. თუმცა ჯერ ბევრი ნაკლი უნდა გამოვასწორო, ამას გულწრფელად ვამბობ, ერთი გოლი იმას არ ნიშნავს, რომ უკვე "ტორპედოს" ძირითადში ადგილი გარანტირებული მაქვს. შემდეგ ტურებში უნდა დავამტკიცო, რომ ტყუილად არ მენდობიან. როგორც ვიცი, უმაღლეს ლიგაში ჩემზე პატარა - ცოტნე ხარაბაძე იყო, ძალიან კარგი მცველია, მაგრამ ბოლო დროს "სამტრედიაში" აღარ ჩნდება. ასე რომ, ახლა ყველაზე მცირეწლოვანი მე უნდა ვიყო".

მერაბ გიგაური საფეხბურთო ოჯახიდანაა და ამბობს, რომ მამისა და უფროსი ძმების გამოცდილება დაეხმარა: "მამაჩემს მაღალ დონეზე არ უთამაშია, მაგრამ ფეხბურთელი იყო და რჩევებს მაძლევდა. ჩემი ძმა კი, დათო გიგაური, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახლდათ, ახლა "გაგრაშია". მეორე ძმა - გიგაც თამაშობდა, მაგრამ ტრავმის გამო ფეხბურთს თავი დაანება. როცა დათო "დინამოში" მოხვდა, უმაღლეს ლიგასა და ნაკრებში თამაშზე მეც ვოცნებობდი. დევდარიანმა 17-წლამდელთა ელიტრაუნდში სათამაშოდ წამიყვანა და იმედია, 19-წლამდელებსა და ახალგაზრდულშიც მიმიწვევენ. მამაჩემი და ძმები მეხმარებიან და შრომას მაჩვევენ. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ერთ გუნდში თუ არა, უმაღლეს ლიგაში ერთმანეთის წინააღმდეგ მაინც ვითამაშებთ. სხვათა შორის, ამდენი ფეხბურთელის გადამკიდე. დედაც გულშემატკივარი გახდა და თბილისში თუკი ჩემი ან დათოს გუნდის შეხვედრა ტარდება, ჩვენი ოჯახი სტადიონზე სრული შემადგენლობით დადის".

ჭაბუკი ფეხბურთელი მიიჩნევს - რომ არა "ვისოლი", უმაღლეს ლიგაში ასე ადრიანად ვერ გამოჩნდებოდა: "გამიმართლა, როცა "ავაზაში" "ვისოლი" და რამაზ მუმლაძე მოვიდნენ. მერე ქუთაისის "ტორპედო" აიყვანეს და უმაღლესში გამოსვლის შანსი მომცეს, თორემ ვინ იცის, იქნებ, ყურადღება არავის მოექცია, რა ასეთები არ მომხდარა, ჩემზე ნიჭიერები დაკარგულან".

თბილისელი ბიჭი ქუთაისელთა გულშემატკივრობით აღტაცებულია: "საქართველოში ასეთ ქომაგობას ვერ წარმოვიდგენდი. აქამდე თბილისში ვთამაშობდი და ჩემი ძმის თამაშებზე დავდიოდი, სადაც სტადიონები თითქმის ცარიელია. ქუთაისში კი თამაშზე 10-15 ათასი მაყურებელი მოდის. პირველად, ამის გამო გაკვირვებული ვიყავი, თუმცა სწორედ გულშემატკივარმა გამიჩინა დიდი სტიმული".
ახლა ბუკა ყოფილი მწვრთნელის გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება: "24 ოქტომბერს რუსთავის "ოლიმპს" ვხვდებით და გაორებული ვარ: ვეთამაშები გუნდს, რომლის მწვრთნელიც რამაზ მუმლაძეა, კაცი, რომელმაც გამომაჩინა და გამზარდა... თუმცა სხვა რა გზაა, თავი რომ გამოვიჩინო, დარწმუნებული ვარ, მასაც გაუხარდება".

მუმლაძეს გიგაურის 19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებაც გაუხარდებოიდა, მაგრამ ქუთაისის "ტორპედოდან" ძირითად შემადგენლობის არც ერთი მოთამაშე არ გამოიძახეს: "ალბათ, არ მიგვიჩნიეს ნაკრებში გამოძახების ღირსად. არაფერია, ვეცდები შემდეგში დავამტკიცო, რომ ნაკრებში კარგად გამოსვლა შემიძლია".

...და ისევ გოლზე: "ეს უმაღლეს ლიგაში ჩემი პირველი გოლი იყო და არასდროს დამავიწყდება. მსგავსი ემოცია არასდროს მქონია, ბოლოს და ბოლოს, "ზესტაფონთან" გავიტანე და გავახარე ქუთაისელი გულშემატკივარი, რომელიც ჩვენს გამარჯვებას დიდხანს ელოდა. სტადიონზეც ძალზე ემოციური განწყობა იყო და ამანაც იმოქმედა. გულშემატკივრებთან მირბენა და ჩემი ემოციების გადაცემა მინდოდა. ასე მეგონა, გოლის დროს მთელი ქუთაისი ხარობდა".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარე ბუკა, მართლაც ძალიან კარგი ფეხბურთელი და ადამიანი ეზრდება შენი სახით საქართველოს, მერაბს კი დიდი მადლობა ამ სტატიისთვის და ინტერვიუსთვის . . .
parma
16:06 23-10-2010
0

სიახლეები პოპულარული