გუნდი სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას 20 იანვარს დაიწყებს. თავდაპირველად "ზუგდიდი" ადგილზე ივარჯიშებს, რის შემდეგაც დაგეგმილია შეკრება თურქეთში, კონკრეტულად კი, ანტალიის მხარეში.
შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად მოხდება და ამ მხრივ სიახლეებს უახლოეს დღეებში შევიტყობთ. დღეისთვის კი მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ "ზუგდიდიდან" "ზესტაფონში" გადავიდა ლევან კუტალია, ფოთის "კოლხეთს" მიაშურა ზამირ ჯანაშიამ, ირაკლი ქობალია კი საზღვარგარეთ ცდილობს კარიერის გაგრძელებას.
ახლა კი ინტერვიუ მალხაზ ჭეჟიასთან.
- უპირველესად,
- სიამოვნებით. ლიტვაში 1986 წელს წავედი და უნივერსიტეტი იქ დავამთავრე. ვიყავი ფეხბურთელი და ვითამაშე რამდენიმე ლიტვურ კლუბში.
საფეხბურთო კარიერა ტრავმის გამო ნაადრევად დავასრულე და სწავლა გავაგრძელე, რის შემდეგაც ბიზნესს მივყავი ხელი.
ზუგდიდში ახალი გამგებლის დანიშვნის შემდეგ რეკომენდაცია გამიწიეს და კლუბის დირექტორად დამნიშნეს. ეს ჩემთვის დიდი პატივია და ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისთვის, რომ "ზუგდიდი" წარმატებული კლუბი იყოს. ამ ქალაქს დიდი საფეხბურთო ტრადიციები აქვს და შედეგებიც შესაბამისი უნდა ჰქონდეს. ხალხი სტადიონს უნდა დაუბრუნდეს.
ამ თანამდებობაზე მუშაობას იმიტომ დავთანხმდი, რომ კარგად ვიყავი ჩახედული ქართული და კონკრეტულად, ზუგდიდური ფეხბურთის სამზარეულოში და მაქვს იმედი, რომ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას კლუბისთვის სასიკეთოდ გამოვიყენებ.
- ალბათ, თქვენს საქმიანობაში ლიტვურ კონტაქტებსაც გამოიყენებთ.
- აუცილებლად. ბევრს ვიშრომებ იმისთვის, რომ "ზუგდიდმა" დასახულ მიზნებს მიაღწიოს და ამისთვის საქართველოშიც ვიმუშავებ და ლიტვაშიც.
- რა გეგმით მოხვედით "ზუგდიდში"?
- კარგად მესმის, რომ კლუბის წარმატება უცებ არ მოდის და ამისთვის მიზანმიმართული მუშაობაა საჭირო. თანამოაზრეებთან ერთად შევეცდები, დაფინანსების დამატებითი წყაროები მოვიძიო.
რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, მიგვაჩნია, რომ "ზუგდიდის" შემადგენლობაში უმთავრეს როლს ადგილობრივი კადრები უნდა თამაშობდნენ. ქალაქს შესანიშნავი თაობა ჰყავს და ამ ბიჭებს დიდი ფეხბურთის თამაშის პოტენციალი აქვთ. მათი ნაწილი "ზუგდიდის" მთავარ გუნდში ამ სეზონშივე დაწინაურდება, რასაც შემადგენლობის გადახალისება მოჰყვება.
- გაახალგაზრდავებიდან გამომდინარე, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე სეზონში "ზუგდიდი" მაღალ მიზნებს ვერ დაისახავს?
- არა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეროვნულ ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. "ზუგდიდისთვის" ავტორიტეტები არ უნდა არსებობდნენ, ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
- კლუბის ბიუჯეტი რამდენი იქნება?
- 2013 წელს "ზუგდიდს" ადგილობრივი მუნიციპალიტეტი 700 ათასი ლარით დააფინანსებს. ამას გარდა, კლუბის სპონსორად რჩება კომპანია "ფერერო". ამ ეტაპზე "ზუგდიდის" უმთავრესი დამფინანსებელი გამგეობაა, თუმცა ახალი სპონსორების მოძიებას აქტიურად შევეცდებით.
- ფეხბურთელთა დავალიანებას კლუბი სრულად როდის დაფარავს?
- ორ-სამ დღეში დავალიანება სრულად იქნება გასტუმრებული.
- "ზუგდიდს" საშინაო სტადიონის პრობლემაც აქვს და სწორედ ამიტომ თამაშობს განმუხურში. ამ საკითხის გადაწყვეტა თუ იგეგმება?
- ზუსტი ვადების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ახლო მომავალში "ზუგდიდს" საკუთარი სტადიონი აუცილებლად ექნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ზუგდიდი" - ახალი დირექტორი და ოპტიმისტური ფონი