ვერ ვიტყვით, რომ ზღაპრული თანხაა, მაგრამ საშუალო ქართული კლუბისთვის ნორმალური ბიუჯეტია. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უმაღლეს ლიგაში ბევრად მდიდარი მხოლოდ რამდენიმე კლუბია.
ლიდერი უდავოდ თბილისის "დინამოა". კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ შარშან გამართულ პრესკონფერენციაზე ბრძანა, რომ "დინამოს" წლიურად 5 მილიონ დოლარს ახარჯავს, მაგრამ თუ საჭირო გახდება, უკან არც მეტზე დავიხევო.
ფაქტია, რომ გუნდს სტაბილურად აფინანსებს და
ერთი ხანობა გორის "დილა" თავის მოთამაშეებს "დინამოზე" მეტ ხელფასსაც უხდიდა. ამტკიცებენ, ფეხბურთელთა მინიმალური ხელფასი 2500 ლარს შეადგენდა, მაქსიმალური 20 ათასსაც აღწევდა, კლუბის ბიუჯეტი კი - 10 მილიონი იყოო.
თუმცა ეს ინფორმაციები სახელმწიფო საიდუმლოებასავით იყო და ზუსტი ციფრების დასახელება შეუძლებელია. ასევე უცნობია, წლეულს კლუბის დასაფინანსებლად გორის მუნიციპალიტეტმა რა თანხა გამოყო. არადა, ეს სახელმწიფო სახსრებია და ახლა მაინც უნდა გასაჯაროვდეს.
მდიდარი კლუბების სამეულშია საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი", რომელიც, ამ პარამეტრებით, ბოლო წლების უდავო ლიდერი იყო.
კლუბი კერძო საკუთრებაშია, მაგრამ გასაოცარი სწორედ ისაა, რომ ამ კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია ბიუჯეტს არასოდეს მალავდა - "ზესტაფონს" წლიურად დაახლოებით 2 მილიონ დოლარს (პლუს-მინუს) ახარჯავს; გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტების არანაკლებ ინვესტირებასაც ახდენს.
ბიუჯეტს ასევე არ მალავენ ქუთაისის "ტორპედოშიც", სადაც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზეც კი იყო განცხადება, რომ ყოველწლიურად მეპატრონე, კომპანია "ვისოლი" გუნდის საჭიროებისთვის 2.5 მილიონ ლარს გამოჰყოფდა. თუმცა "ტორპედოს" მეპატრონის, ლევან ფხაკაძის თქმით, ბიუჯეტი ბევრად მეტია - დაზუსტებულ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ.
"მილიონერთა კლუბის" წევრია რუსთავის "მეტალურგი", რომლის ბიუჯეტიც შარშან 3 მილიონი ლარი იყო. ახლა 2013 წლის ბიუჯეტს ადგენენ და დაფინანსების ოდენობა ჯერ ვერ დავაზუსტეთ.
ლიდერებშია საჩხერის "ჩიხურაც". მისი წლიური გასავალიც დაახლოებით 2 მილიონ ლარამდეა, მაგრამ ეს თანხა მხოლოდ კლუბს არ ხმარდება, გათვალისწინებულია საფეხბურთო სკოლაზე, მთავარ და ასაკობრივ გუნდებზე.
1,6-მილიონიანი ბიუჯეტით "საშუალო შეძლების" პოზიციას იკავებს ბათუმის "დინამო", ისევე, როგორც "სიონი", რომელზეც უკვე მოგახსენეთ.
მილიონამდე მერყეობს "ვიტ ჯორჯიას", მარტვილის "მერანისა" და "ზუგდიდის" ბიუჯეტები.
ყველაზე ღარიბი კი ფოთის "კოლხეთია". კლუბი წლეულს 100-წლიან იუბილეს აღნიშნავს, მაგრამ ძნელი სათქმელია, მაისში, როდესაც ჩემპიონატი დასრულდება, ექნებათ თუ არა გუნდში საზეიმო ხასიათი.
საქმე ისაა, რომ 2013 წლისთვის ფოთის მუნიციპალიტეტმა "კოლხეთს" მხოლოდ 300 ათასი ლარი გამოუყო. ეს იმდენად მცირე თანხაა, რომ ძნელი სათქმელია, კლუბს სეზონის დასრულებამდე ეყოფა თუ არა. ხოლო მთელი წლისთვის რომ 300 ათასი აშკარად არასაკმარისია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი შემოსავლები სწორედ ფოთშია, მაგრამ ქალაქს ბევრი არაფერი რჩება და ამიტომაცაა, ბოლო წლებში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქის კლუბი უმაღლეს ლიგაში "უღარიბესთა ცხრილის" ბოლოში რომ ხვდება. ყოველივე კი საწყენია, რადგან "კოლხეთი" და, საერთოდ, ფოთის ფეხბურთი ბევრად მეტს იმსახურებენ.
* * *
თემას გუნდების ჯამური ფასებით განვაგრძობთ. მეორე წრის დაწყებამდე უმაღლესი ლიგის გუნდებში მომხდარი საკადრო ცვლილებები კლუბების ჯამურ ფასებზე უშუალოდ აისახა.
გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის" მონაცემებით, ამ დროისთვის ფეხბურთელების ჯამური ღირებულებით პირველ ადგილზე თბილისის "დინამო" დაწინაურდა (9 525 000 ევრო), მეორე-მესამე ადგილებზე კი "ზესტაფონი" (5 200 000 ევრო) და გორის "დილა" (5 100 000 ევრო) არიან.
ეს უკანასკნელი დეკემბრის დასაწყისში პირველ ადგილზე იყო, მაგრამ ზამთარში ლიდერების წასვლამ ნომინაციაში მნიშვნელოვნად აზარალა. გორის "დილამ" დაიმატა ზურაბ მამალაძე, ლექსო კვახაძე, ბექა გოცირიძე და ირაკლი მაისურაძე. გუნდს დაუბრუნდა ლაშა თოთაძეც.
მაგრამ ამ ცვლილებებიდან "ტრანსფერმარკტმა" ოფიციალურად ჯერ მხოლოდ "მეტალურგის" ნახევარმცველის, მაისურაძის ტრანსფერი დააფიქსირა. გუნდიდან რომან ახალკაცის, ლაშა სალუქვაძის, გოჩა ხოჯავას, გიორგი ონიანისა და გოგიტა გოგუას წასვლა კი "დილასთვის" მნიშვნელოვანი დანაკლისი აღმოჩნდა.
მარტის დასაწყისამდე გუნდებში წამსვლელ-მომსვლელთა სრული სია გვეცოდინება. ცხადია, კიდევ ბევრი სიახლეა მოსალოდნელი და იმ დროისთვის ცვლილებები ქვემოთ მოყვანილ ცხრილსაც შეეხება.
ამავე ცხრილიდან კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გავარკვიეთ: საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდების მიახლოებითი ჯამური ფასი 41, 95 მილიონი ევროა, ხოლო საშუალოდ ჩვენი მოთამაშეების ღირებულება - 137 993 ევრო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"