რობერტინიო: თბილისის "დინამოში" დარჩენა აღარ მინდოდა, კარგად!

AutoSharing Option
5 თებერვალს თურქეთში თბილისის "დინამო" მეორე შეკრებაზე გაემგზავრა. თბილისელები სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს ისევ ანტალიაში განაგრძობენ.

თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა შეკრებაზე 24 ფეხბურთელი წაიყვანა და მათ შორის კვლავ არ აღმოჩნდნენ მეკარე კოკა სეფიაშვილი, ცენტრალური ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი, გარემარბი რობერტინიო და თავდამსხმელი ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი.

ბრაზილიელმა რობერტინიომ მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, მაგრამ 14-ივე შეცვლაზე, და ცხადი იყო, რომ 24 წლის გარემარბს წასვლა სურდა.

რობერტინიომ საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა:

"მე მსურს, მადლობა ვუთხრა თბილისის "დინამოს" ფანებს იმ ზრუნვისა და სიყვარულისთვის, რასაც
მათგან გუნდში ყოფნის სამი წლის განმავლობაში ვგრძნობდი.

მადლობა "დინამოს", რომელმაც სიყვარულით გამიღო კარი. ჩემთვის ეს პერიოდი დასრულდა, კარგად!"

ჩვენ მოვახერხეთ რობერტინიოსთან დაკავშირება, რომელიც ახლა ბრაზილიაშია და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- "დინამოდან" რატომ წახვედი?
- აღარ მინდოდა დარჩენა.

- კონტრაქტი დაგიმთავრდა თუ გაწყვიტე?
- არა, დამიმთავრდა და კონტრაქტის გაგრძელებაც არ მსურდა.

- "დინამოზე" განაწყენებული ხარ?
- არა, მართლა არა. არ ვთამაშობდი, მაგრამ ასეც ხდება. "დინამოში" 3 ლამაზი სეზონი გავატარე, საქართველოში ძალიან ბევრი მეგობარი დამრჩა და მათთან დაშორებაზე გული მწყდება.

- რომელ გუნდში გადადიხარ?
- არსად გადავსულვარ და ჯერ ამაზე არც ვფიქრობ.

- რატომ?
- იმიტომ, რომ ოჯახთან ერთად ყოფნა მომენატრა. ახლა მხოლოდ ერთზე ვფიქრობ - რაც შეიძლება დიდხანს ვიყო ჩემს საყვარელ ადამიანებთან.

- ნუთუ არანაირი წინადადება არ გაქვს?
- დავისვენებ და კარიერის გაგრძელებაზე ამის შემდეგ ვიფიქრებ. ბრაზილიაში ოჯახთან ერთად ყოფნა და აქვე თამაში მსურს.

* * *
ახალი კლუბის ძიება წარუმატებლად დაასრულა ვლადიმირ ვოსკობოინიკოვმა. ის არც პირველ შეკრებაზე ყოფილა და საერთოდაც, იანვრიდან "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობდა.

ესტონეთის ნაკრების თავდამსხმელმა თბილისურ გუნდთან დამშვიდობება, ახალ გუნდში სინჯებზე წასვლა და იქიდან გამობრუნებაც მოასწრო: ვოსკობოინიკოვი რუსეთის პირველი დივიზიონის ნოვოკუზნეცკის "მეტალურგ-კუზბასში" ისინჯებოდა.

ამ კლუბში ჩვენებური გიორგი ნავალოვსკი თამაშობს, მცირე ხნის წინ კი ლიტვის ჩემპიონატის უმაღლესლიგელი "ბანგას" ყოფილი თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე გასინჯეს, მაგრამ გაუშვეს და ახლა ასევე რუსეთის პირველი დივიზიონის "ხიმკიში" გამოსცდიან.

ვოსკობოინიკოვმა "მეტალურგ-კუზბასში" ყაზახურ "ასტანასთან" ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი, მაგრამ მაინც არ დატოვეს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა იური ბაგრიიმ კი განაცხადა, არაფრით არის უკეთესი იმ თავდამსხმელებზე, რომლებიც გუნდში გვყავს. მერე, ასაკოვანია და ტრავმას ხშირად იღებსო.

დაზუსტებული ინფორმაციით, ბოლნისის "სიონსა" და ბათუმის "დინამოში" ლაშა პარუნაშვილს იწვევდნენ, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი სეზონისთვის დღემდე "დინამო 2"-ში ემზადება. ჯერ უცნობია, სად ითამაშებს პარუნაშვილი მეორე წრეში.

იგივე შევიტყვეთ კოკა სეფიაშვილზეც - მეკარეს, რომელიც "გაგრაში" საუცხოოდ გამოიყურებოდა, "დინამოში" იშვიათად ათამაშებდნენ. იყო ინფორმაცია, რომ მისი გადაბირებით საჩხერის "ჩიხურა" დაინტერესდა, მაგრამ ეს ვარიანტი გამოირიცხა.

პარუნაშვილის არ იყოს, სეფიაშვილიც დღემდე "დინამო 2"-ში ცდილობს ფორმის შენარჩუნებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამომ" პატრიკ მილხრაუმთან კონტრაქტი გააფორმა
"დინამოს" პირველი ვარჯიში თბილისში და ფიზმომზადების იტალიელი ახალი მწვრთნელი
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმიტომ რომ კოკა სეფიაშვილს პირადად ვიცნობ და თვითონ გუნდიდან არ უშვებენ ასე ეუბნებიან გიყიდონო თორე არ წახვალო
vaxuna
19:09 06-02-2013
0
და კდიე ათასი რამე უბრალოდ არუნდათ რომ წავიდეს მე-3მეკარედ უნდათ ისე ცოდოა კარგი მეკარეა და ჯობია გაუშვან სადმე
vaxuna
19:10 06-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული