ისევ
არადა, მსაჯებს თითქოს განსაკუთრებული არაფერი დაუშავებიათ, თუმცა ბოლო წუთზე ჯიქიას გაძევებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ნონიკაშვილს ტენდეციურობა დასწამეს - თუ ზესტაფონში დედა გაგინეს, თანაც გასუსული ტრიბუნების ფონზე ეს ყველას (ქომაგებსაც) ესმოდა და შენ კი წაუყრუე, "ლამის ჩველებრივად მიჩნეულ მიმართვაზე" "ყურები რატომ გაგიფართოვდა", მაგ ამბავს სხვანაირი სუნი უდისო...
ეს "სუნი" კი ისაა, რაზეც "დინამომ" ამასწინათ ატეხა ხმაური, ამჯერად კი კოლხებს გაუჩნდათ ეჭვი - ნონიკაშვილმა ჯიქია "სათბილისოდ" გააძევაო. საქმე ისაა, რომ მომდევნო ტურში ფოთელები სწორედ "დინამოს" სტუმრობენ და თუ დედაქალაქელებს ჯუისის გაფრთხილება რაიმეს მტკიცების საფუძველს ნაკლებად აძლევდათ, ფოთში მიიჩნევენ, რომ მათ მინიმუმ ეჭვის საფუძველი აქვთ.
"ეს რა მსაჯობაა? შესაძლოა, ყველა ვერ მიხვდეს, მაგრამ პროფესიონალი კარგად დაინახავდა, რომ დღეს მსაჯობა ამაზრზენი იყო. ზედიზედ 3-4-ჯერ ისეთ დროს შემოგვიტრიალა აქეთ თამაში, გუნდზე გავლენა მოახდინა. მე არ მიყვარს მსაჯებზე ლაპარაკი და მით უფრო, მათი ლანძღვა, მაგრამ არაპროფესიონალის თვალით თითქოს მცირე შეცდომები გავლენას ახდენს საბოლოოდ. ბოლო ორი თამაშია მსაჯები არ გვახარებენ! ასე მოხდა სამტრედიაშიც: სიჭინავა გადიოდა და ზედ ხაზთან მისცა მსაჯმა ყვითელი, შემდეგ კი რატომ გააგდო, ვერ ვხვდები. ან რა ყვითლები მოიფიქრა?! ჯარიმები არ მოგვცა და იქით გაგვაყვითლა. დღეს გულუა საერთოდ რატომ გაგვიფრთხილეს?! ან ჯიქიას გაგდება რაღა იყო?! თითქმის ერთი წელია ფოთში ვარ და ხალხი ასეთი გაგიჟებული არ მინახავს. ფოთელი ქომაგი რომ ასე მოიქცევა, იქ რაღაც ხდება! მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია, მაგრამ მსაჯები განგებ აკეთებენ ამას და იწვევენ ქომაგებს. უბრალოდ, ასე გაგრძელება არ შეიძლება. სიმწრით ვაგროვებთ ქულებს და ჩვენი ნაშრომი ვიღამაც წყალში არ უნდა ჩაყაროს! "სიონის" წინ დაგვშალეს!" - განაცხადა ნამატჩევს კოლხთა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ.
"ლელოსთვის "კომენტარი გააკეთა "კოლხეთის" პრეზიდენტმა თემურ ბარქაიამ: "მწვრთნელი მართალია, ასეთი აღშფოთებული ფოთელი ქომაგი აქამდე არ მინახავს, თითქმის 5 წელია გუნდში ვარ... კარგად ხედავდით - ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მსაჯები გასახდელამდე მშვიდობიანად მიგვეყვანა. ვკითხე ნონიკაშვილს - რატომ გააძევე ჯიქია, შეგაგინა-მეთქი? არაო! თურმე, ისეთი რამ უთქვამს, რასაც მოედანზე ლამის ყველა მოთამეშე ყვირის. ამის გამო გაძევება?! იყოს, კი ბატონო, მაგრამ ეს წესი მხოლოდ "კოლხეთის" ფეხბურთელზე ხომ არ უნდა ვრცელდებოდეს?!".
ეს ყველაფერი "მესამე ტაიმში" ხდებოდა. მანამდე კი ყველაზე რეალური საგოლე შანსი სწორედ იმ ჯიქიას ჰქონდა, რომლის გაძევებასაც ამდენი ვნებათაღელვა მოჰყვა - მან რამდენიმე მცველი ჩამოიტოვა და საჯარიმოში მყოფმა იქვე ახლოს მშვენივრად გადააწოდა გულუას, რომელმაც თითქმის ცარიელ კარს ააცილა ბურთი. მერე კი იყო 90-ე წუთი - მსაჯმა 3 წუთი დაამატა, რაც ჯიქიას ეცოტავა და თუ რა მოჰყვა ამას, უკვე გითხარით.
დასასრულ, კიდევ ერთი არასასურველი ფაქტი: ალყიდან მსაჯების გაყვანას ტელევიზიებიც იღებდნენ. ერთ-ერთი არხის ოპერატორს ამის საშუალება ქომაგებმა არ მისცეს და კასეტის წართმევაც სცადეს. ძიძგილაობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა და მხოლოდ "კოლხეთის" თავკაცთა ჩარევის შემდეგ მოხერხდა ქომაგთა რისხვისგან ოპერატორის დახსნა...
24.10. ფოთი. ფაზისი. 800 მაყურებელი
კოლხეთი 0
სიონი 0
კოლხეთი სიონი
4-5-1 4-5-1
გორდეზიანი ბობღიაშვილი
ჭითანავა ლ. ჭელიძე
მახვილაძე თარგამაძე
ინწკირველი ორბელაძე
გველესიანი ქურასბედიანი
თედიაშვილი დიდავა
ჯოჯუა ნოზაძე
სილაგავა გ. მელქაძე
გულუა ლ. ვაშაკიძე
გვალია უგრეხელიძე
რ. ჯიქია გოცირიძე
მწვრთნელი მწვრთნელი
ბ. შეროზია გ. ყიფიანძი
კოლხეთი
53. ჯოჯუა - დეკანოსიძე
76. ჭითანავა - ცხვიტარია
80. გვალია - წიქარიშვილი
სათადარიგოები: ჩიქობავა, მეგრელიშვილი, დ. კუკულაძე, ბუკია
სიონი
52. მელქაძე - ნემსაძე
84. ვაშაკიძე - ოქროპირიძე
90. გოცირიძე - გ. თოდუა
სათადარიგოები: მერლანი, ჩივაძე, ლ. ჩხეტიანი, ისიანი
გაფრთხილება: ბობღიაშვილი (12), თედიაშვილი (35), დიდავა (45), გულუა (54)
გაძევება: ჯიქია (90)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
თომა ჩალაძე
ფოთიდან
ჩემი აზრით ბუნტისთავები საკაიფოდ უნდა გაშტრაფონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეგ არასოდეს დამთავრდება. ჰოდა შემდეგ თამაშზე ფოთში ჩასული მსაჯები სულ ფოთის მხარეს იმსაჯებენ (სანამ სხვა არ გაიგდებს)და გაგრძელდება ასე ტკბილად...