სოსო ფრუიძე: ევროსაგზური, ანუ კიდევ ერთი სენსაცია გვინდა

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა, რაც უმაღლესი ლიგის დებიუტანტის კვალობაზე საკმაოდ სერიოზული შედეგია, მიუხედავად იმისა, რომ "ჩიხურა" მეტწილად გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

"ჩიხურა" საშუასეზონო პერიოდში თურქეთში იყო შეკრებაზე და ახლახან დაბრუნდა. გუნდის მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძესაც რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ხელისშემშლელი ფაქტორები ხომ არ გქონიათ თურქულ შეკრებაზე?
- რა მიზანიც გვქონდა, თითქმის ბოლომდე შევასრულეთ, თუ არ ჩავთვლით ყაზახურ "კასპიას", თურქულ შეკრებაზე საკმაოდ ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ. ნორმალურ მოედნებზე ვვარჯიშობდით და ვთამაშობდით. ამინდებმაც ხელი შეგვიწყო.

- "ჩიხურას"
ახალწვეულებზე რას გვეტყოდით?

- დავით ბოლქვაძე და შოთა კაშია საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გააძლიერებენ ჩვენს გუნდს. საკონტროლო შეხვედრებში კაშია დაცვის ორივე ფლანგზე ვათამაშეთ და ერთხელაც გამოჩნდა, რომ მას ორივე ფრთაზე შეუძლია სარგებლობის მოტანა.

- გაგა ჩხეტიანმა რა შთაბეჭდილება დატოვა? იყო დრო, როცა ის საკმაოდ პერსპექტიულ თავდამსხმელად ითვლებოდა...
- თურქეთში მან ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი, გოლებიც გაიტანა. ვნახოთ, რა როგორ იქნება. ჩხეტიანმა თუ ასე გააგრძელა, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.

- თურქეთში გამართულ საკონტროლო შეხვედრებში ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით თამაშობდით?
- ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი, მის უკან კიდევ ერთი ფორვარდი და ორი შემტევი ფლანგებზე - ასე ვითამაშეთ საკონტროლო შეხვედრებში. თავდამსხმელის უკან ნიკა კვასხვაძე თამაშობდა ამ სეზონში. ამ პოზიციაზე თურქეთში ბოლქვაძე გავამწესეთ. ახლა თასის მატჩები გველის ქობულეთის "შუქურასთან" და იმ დროისთვის ჩამოვყალიბდებით ასეთ საკითხებზე. სხვათა შორის, "შუქურა" საკმაოდ სერიოზულად მოემზადა, თურქულ შეკრებაზე ეს გუნდიც იყო წასული.

- ამ საშუასეზონო პერიოდში "ჩიხურაში" განხორციელებული ტრანსფერებით ბოლომდე კმაყოფილი ხართ? კიდევ ხომ არ აპირებთ ფეხბურთელების დამატებას?
- კიდევ ორი ფეხბურთელის აყვანა გვინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა - გიორგი გაბედავამ და ირაკლი ქობალიამ "ზუგდიდში" დარჩენა გადაწყვიტეს.

- ლაპარაკი იყო ირაკლი ჩირიკაშვილის დამატებაზეც...
- ჩირიკაშვილს სათამაშო პრაქტიკა აკლია, თორემ მისი შესაძლებლობები კარგად ვიცი, აზრიანი ფეხბურთელია.

- ამ კონტინგენტით რა მიზანს შეეჭიდება "ჩიხურა"?
- ჩვენი მიზანია, რომ საჩხერის "ჩიხურას" ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწეროს: თასის გათამაშებიდან ან ჩემპიონატიდან ევროსაგზურის მოპოვება. "ჩიხურას" გულშემატკივარს მსურს ვუთხრა, რომ გუნდი თავდადებით ითამაშებს.

- ალბათ, ადევნებთ თვალყურს იმასაც, თუ როგორ მოემზადნენ სეზონის განახლებისთვის ზედა ექვსეულის სხვა გუნდები - ჩემპიონობის უკეთესი შანსი ვის უნდა ჰქონდეს?
- სეზონის მეორე ეტაპისთვის სერიოზულად ემზადებიან "დინამო", "დილა", "ტორპედო"... პირველ ეტაპზე პატარა სენსაცია მოვახდინეთ და მეოთხე ადგილზე გავედით. ვეცდებით, რომ მეორე ეტაპზეც მოვახდინოთ სენსაცია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამეულშიი უნდაა გავიდეთ აუცილებლად......................
sareki
14:21 21-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული