დინამო (თბ)-დილა 0:0 - კარგი ბრძოლა და ცუდი სანახაობა

AutoSharing Option
ტურის ცენტრალურ და მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩს კოკისპირული წვიმა დაემთხვა, რამაც, რასაკვირველია, ფეხბურთელთა განწყობასა და თამაშის სპეციფიკაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

ნაწილობრივ კლიმატური პირობების ბრალიც იყო, შეხვედრა არცთუ სანახაობრივი რომ გამოდგა, თუმცა არც იმაში ვართ დარწმუნებულნი, რომ კარგი ამინდის შემთხვევაში ბევრად უკეთეს ფეხბურთს ვნახავდით.

ეს ის შემთხვევა იყო, როცა თითოეული შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს და როგორც "ექვსქულიანი" მატჩების უმრავლესობა, მეტოქეებმა შეხვედრაც მაქსიმალურად ფრთხილად და მობილიზებულად ჩაატარეს.

ფეხბურთელებს ბრძოლისუნარიანობას ვერ დავუკარგავთ, მასპინძლებმაც და სტუმრებმაც წარმატებისთვის ძალ-ღონე არ დაიშურეს, მაგრამ ისიც ფაქტია,
რომ 17 მარტს საფეხბურთო ზეიმი ვერ შედგა.

Sportall.Geმატჩის შედეგით კი მაინცდამაინც გულდაწყვეტილი არავინ ჩანდა, ამ ფრით საჩემპიონო შანსები "დინამომაც" შეინარჩუნა და "დილამაც". უმთავრეს შეკითხვებს პასუხს სეზონის ბოლომდე დარჩენილი რვა ტური გასცემს.

90 წუთისა და მსაჯის მიერ კომპენსირებული ხუთწუთეულის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ვიხილეთ, რომელთაგანაც ნაღდი საგოლე არც ერთს ეთქმოდა.

გოგიტა გოგუას
დარტყმას გიორგი ლორია გაუმკლავდა, ნათან ჟუნიორისა და გიორგი ილურიძის მცდელობები კი არაზუსტი აღმოჩნდა.

გამოკვეთილი უპირატესობა არც ერთ მხარეს ჰქონია, თუმცა პირველ ტაიმსა და მეორე ნახევრის საწყის ნაწილში "დილა" უფრო მრავალფეროვნად და კომბინაციურად უტევდა. შეხვედრის მიწურული კი უკვე დედაქალაქელთა აქტიურობით აღინიშნა - დუშან უჰრინის ფეხბურთელებმა რამდენიმე საჯარიმო დარტყმის გამოყენება ვერ შეძლეს.

მეორე ტაიმში იყო სიტუაციები, როცა გუნდები პენალტს ითხოვდნენ - მსგავსი პრეტენზია თბილისელებსაც ჰქონდათ და გორელებსაც. კოლეგისგან განსხვავებით, "დილას" თავკაცი ვალდას ივანაუსკასი მსაჯობით უკმაყოფილებას გამუდმებით გამოთქვამდა.

ატმოსფერო გაახალისა ფან-კლუბთა აქტიურობამ. "დინამოსა" და "დილას" გულშემატკივრები თავსხმა წვიმას არ შეუშინდნენ და საყვარელ კლუბებს ენერგიულად უქომაგეს. ფანებს შორის, რა თქმა უნდა, "გლადიატორები" სჭარბობდნენ.

ეს იყო და ეს - სამწუხაროდ, ხმაურიანი აფიშის მქონე მატჩმა სათქმელი მეტი არაფერი გაგვიჩინა. სტატუს-კვო შენარჩუნდა, "დინამო" ლიდერია, რომელსაც წინ გორში სტუმრობა ელის.

უნდა ვივარაუდოთ, რომ შიდა ქართლის მთავარ ქალაქში გამართული შეხვედრა უფრო მეტს გადაწყვეტს.

მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ ამით ხეირი ვერ ვნახეთ, რის შემდეგაც არაფრით გამოვირჩეოდით და მხოლოდ მატჩის მიწურულს გავაქტიურდით. ვფიქრობ, ფრე ორივე გუნდისთვის ხელსაყრელი შედეგია".

ვალდას ივანაუსკასი ("დილას" მთავარი მწვრთნელი):
"ასეთი დაძაბული მატჩებით საქართველოს ჩემპიონატი მხოლოდ მოიგებს. ერთმანეთს ქვეყნის ორი საუკეთესო კლუბი ხვდებოდა, სადაც მოგებული საჩემპიონო რბოლაში უპირატესობას მიიღებდა. ამ შედეგით უკმაყოფილო არ ვარ, რაც უნდა იყოს, გასვლაზე ვითამაშეთ. წვიმამ თამაშის მსვლელობაში კორექტივები შეიტანა, სველ მოედანზე ბურთი სწრაფად მოძრაობდა და ფეხბურთელებს ამ ტემპზე აყოლა გაუჭირდათ".

Sportall.Ge

Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფაქტია ძალიან ცუდი თამაში იყო კვახებივით გორავდნენ ფეხბურთელები მინდორზე, ერთი მეორეზე სამი გადაცემა არა გაკეთებულა სულ ბურთის. რა დაძაბული თამაში იყო ესეთი ლიგაზე ხომ არ გადიოდა ან ერთი ან მეორე როგორც ბატონი ივანაუსკასი აცხადებს. ან ამდენ ბარაქალა უცხოელს საიდან მოიყვანენ მწვრთნელიან ფეხბურთელიანებ ჩვენ ჩვენი არ გვეყოფა.
firence
15:19 18-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული