პირველი მარცხი საკუთარ კედლებში

AutoSharing Option
მე-14 ტურის გადმოტანილი შეხვედრებიდან ზუგდიდის "ბაიას" გასვლითი შეხვედრა უწევდა ზესტაფონში, თუმცა ფეროელთა ცენტრალურ სტადიონზე მინდვრის საფარის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მატჩი ზუგდიდში შედგა. ლიდერი, წარუმატებელი სერიის შემდეგ მიზნად სამ ქულას რომ დაისახავდა, თავიდანვე ცხადი იყო და ამას სტუმრებმა მიაღწიეს კიდეც. იმერულ კლუბს, კახა ალადაშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდა. მასპინძლებმა, თუ არ ჩავთვლით იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ადრე დატოვეს "ბაიას" შემადგენლობა, დისკვალიფიკაციის გამო წურწუმია მოისაკლისეს, ხოლო ტრავმის მიზეზით გუნდს გუგუჩია და სიხარულია გამოეთიშნენ. "ბაიაში" სომხიშვილი
და კვესეიშვილი დაბრუნდნენ, მაგრამ მინდორზე მხოლოდ კვესეიშვილი გამოჩნდა და ისიც შეცვლაზე.

ცხადი იყო, ლიდერთან მასპინძლები ფრთხილ ტაქტიკას აირჩევდნენ, მაგრამ პირველივე წუთზე ლომიამ ჩინებული სოლო რეიდის შემდეგ გამჭოლი გადაცემით კვასხვაძესთან პირისპირ რიგვავა დატოვა, მან კი ბურთი ვერ "მოარჯულა" და აშკარა საგოლე მომენტიც დაკარგა. ამას რამდენიმე წუთში ძარიამ, ძლიერიდარტყმით უპასუხა, თუმცა ბურთმა ზარქუას კარს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. ერთ ეპიზოდში კი ეხვაიამ სტუმართა ნახევარმცველებს ბურთი სწორედ ცენტრში აართვა, შეტევაც თავად ითავა და ისეთი სისწრაფე აკრიფა, ფეროელთა გოლკიპერს კარის დატოვების გარდა არაფერი დარჩენოდა - ეხვაიამ ოსტატურად კი გადაატარა ბურთი თავზე, მაგრამ კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი ძელმა გაანეიტრალა.

ორიოდე წუთში ზუგდიდელები თავად დაისაჯნენ, როცა ზესტაფონელთა ფორვარდი გელაშვილი უმეთვალყურეოდ დატოვეს. მან მშვენივრად ისარგებლა თანაკლუბელის პასით და აკრობატული ნახტომით ბურთი კარში გადაგზავნა - გოლი ეფექტური გამოუვიდა. კლასით და ოსტატობით გამორჩეულ სტუმართა გუნდს მასპინძლებიც არ ეპუებოდნენ და ცოტა ხანში ანგარიში კინაღამ გაათანაბრეს, თუმცა ეხვაია-კვეკვესკირ-რიგვავას სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ რიგვავას დარტყმას კვასხვაძე მარჯვედ დახვდა. ანგარიშის გაზრდას ჯაბა დვალი შეეცადა შორეული დარტყმით, მაგრამ სიტუაცია ზარქუამ განმუხტა. ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს, მაგრამ შეტევის წარმატებით დაბოლოებისთვის სიზუსტე დააკლდათ.

მეორე ტაიმში ინიციატივა მთლიანად მასპინძლებისა იყო. მათი თავგამოდებული ბრძოლის შედეგად ცოტა ხანში ანგარიში გათანაბრდა. მანამდე კი სტუმრები ხარიხამ იხსნა. შეტევებისას მასპინძლებს საფრთხეც გამოეპარათ და გამოცდილმა გელაშვილმა თავისიანები კვლავ დააწინაურა. მერე იყო ზუგდიდელთა კიდევ ერთი შეცდომა და... მესამე გოლი. "ბაიამ" მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია შინ.


მატჩის შემდეგ

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი"): "შედეგით კმაყოფილი ვარ. თამაში ძალიან რთული გამოდგა. მიუხედავად შემადგენლობის გადახალისებისა, ბრძოლისუნარიანი და ჟინიანი გუნდი დაგვიხვდა და თანაბარი ბრძოლა გაგვიმართა. აღებული სამი ქულით ჩემმა ფეხბურთელებმა დავალება ბოლომდე შეასრულეს".

ელგუჯა ქომეთიანი ("ბაია"): "კლასით და გამოცდილებით "ზესტაფონი" ამჟამად ჩვენს გუნდზე მაღლა დგას, რის ხარჯზეც მეტოქემ სასურველ შედეგს მიაღწია. ამის მიუხედავად, ჩვენი ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილო არ ვარ. ამ გამოუცდელმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. მომავლის გუნდი გვყავს და ოპტიმისტურად ვხვდებით დანარჩენ ტურებს".


27.10.10 ზუგდიდი, ცენტრალური სტადიონი
1400 მაყურებელი

ბაია ზუგდიდი 1
ზესტაფონი 3

გელაშვილი (17), მალიჩავა (66), გელაშვილი (76), გრიგალაშვილი (82)

ბაია ზესტაფონი
4-5-1 4-4-2

ზარქუა რ. კვასხვაძე
კვეკვესკირი გ. ონიანი
კანდელაკი ხიდეშელი
რ. ონიანი ელიავა
ლ. აკობია ბენაშვილი
რიგვავა დაუშვილი
თ. აკობია ძარია
ვართაგავა აფციაური
მალიჩავა გრიგალაშვილი
შ. ლომია გელაშვილი
ეხვაია დვალი
ბაია
67. კვეკვესკირი – კუკავა
84. ვართაგავა – კვესეიშვილი
88. თ, აკობია – აფაქიძე

სათადარიგოები: სომხიშვილი, ჩანგელია, მაქაცარია, სამუშია

ზესტაფონი
61. აფციაური – ბაბუნაშვილი
82. დვალი – წინამძღვრიშვილი
73. ძარია - გორგიაშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, ფიფია, მიქაბერიძე
გაფრთხილება: ლ. აკობია (35), გ. ონიანი (47), ვართაგავა (67), წინამძღვრიშვილი (77), გორგიაშვილი (80), რ. ონიანი (90)
არბიტრი: თ. გვანცელაძე


ლაშა გოგილავა
ზუგდიდიდან











მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული