ეგ კი არა, ორი წლის წინათ იმის მომსწრენიც გავხდით, რომ ჩემპიონატის რეგლამენტი უშუალოდ სეზონის... მსვლელობის დროს (კონკრეტულად კი - ფინიშამდე ორი ტურით ადრე) შეიცვალა და კონკრეტული გუნდები რომ არ გავარდნილიყვნენ, ამისათვის უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზარდა.
თუმცა, 2011-12 წლების სეზონისათვის თუ მხოლოდ 2 გუნდი დაემატა და 12-გუნდიანი ჩემპიონატი გახდა, ბევრად უფრო მასშტაბური იყო 2005 წლის
გულახდილად რომ ვთქვათ, ორივე შემთხვევაში ეს "დირექტივები" ბევრად უფრო "ზემოდან" მოდიოდა, ვიდრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან. თანაც, ეს მხოლოდ ჩვენი საკუთარი აზრი არ არის და ამიტომაც გვჯერა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახლანდელი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და მისი წინამორბედი ნოდარ ახალკაცი-უმცროსიც რეგლამენტის შეცვლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას საკუთარი სურვილით არ მიიღებდნენ.
მაგრამ ახლა ხომ არც 2005 წელია და არც - 2011, სხვა "სიკეთეებთან" ერთად კვლავაც "დაგვაბოლონ" და კვლავაც ვირტუალურ სამყაროში რომ გვაცხოვრონ; ანუ ახლა ხომ აბსოლუტურად განსხვავებული სურათია და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სფფ-ის პრეზიდენტის (თუ, საერთოდ - ხელმძღვანელობის) საქმიანობაშიც "ზემოდან" არავინ ერევა.
უფრო პირიქით არის: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სფფ-სთანაც აქტიურად თანამშრომლობს და ქართულ საკლუბო ფეხბურთში მიმდინარე პროცესებსაც კარგად იცნობს. ეს პროცესები კი (განსაკუთრებით - ბოლოდროინდელი) მართლაც არასახარბიელოა და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რამდენიმე ქართული კლუბი უკვე ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშეც დადგა!
თანაც, პრობლემები მოეძალა როგორც საბიუჯეტო (გორის "დილა"), ასევე კერძო კლუბებსაც ("ზესტაფონი"); ნურც ის დაგვავიწყდება, რომ "დალხენილი ცხოვრება", ორი-სამი გამონაკლისის გარდა, არც სხვა გუნდებს აქვთ.
ჰოდა, 12-გუნდიან ჩემპიონატში რომ ამდენი პრობლემა იქნება, იმ სავარაუდო 16-გუნდიანს როგორღა მივხედავთ?..
საფეხბურთო კოჰაბიტაცია
პირობას არ დავარღვევთ: ეს ჩემპიონატი მორჩება თუ არა, მეორე-მესამე დღიდანვე "ლელოს" ფურცლებიდან ყველას ექნება საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება; ჰო, ყველას: ვეტერან ფეხბურთელებს, მოქმედ თუ დროებით დაუსაქმებელ მწვრთნელებს, მსაჯთა კორპუსის წარმომადგენლებს, კლუბების ხელმძღვანელებს და ასე შემდეგ.
კი ბატონო, დაგვისაბუთონ ფაქტებით, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის, უფრო ზუსტად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ამაღლებისათვის მხოლოდ და მხოლოდ 16-გუნდიანი პირველობა იქნება "ერთადერთი და აუცილებელი". ისიც გვაინტერესებს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მომავალი სეზონისათვის ჩვენს ჩემპიონატში მოასპარეზე კერძო და სახელმწიფო კუთვნილებაში მყოფი გუნდების... კოჰაბიტაცია (მოდური სიტყვაა - გ.ტ.);
არც ის იქნება უინტერესო, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მიერ ამა წლის იანვარში გაჟღერებულ იდეაზე (ძირითად შემადგენლობაში 2 ახალგაზრდა ფეხბურთელის "დაკანონებასთან" დაკავშირებით) და ასე შემდეგ.
მანამდე კი, მოდი, როგორმე ეს დარჩენილი ერთადერთი ტური ჩავამთავროთ და "ოფიციალურად" გავარკვიოთ, თუ რომელი გუნდი დატოვებს ფოთის "კოლხეთთან" ერთად უმაღლეს ლიგას: ბოლნისის "სიონი" თუ ბათუმის "დინამო"; არ დავმალავთ: არც "კოლხეთის", არც "სიონისა" თუ ბათუმის "დინამოს" მიმართ არანაირი საწინააღმდეგო არა გვაქვს; ბოლოს და ბოლოს, სამივე ამ გუნდს სხვადასხვა დროს გარკვეული წარმატებებიც ჰქონია და გორის "დილასთან" ერთად უმაღლეს ლიგაში ჩატარებული სეზონების მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ჩამორჩებიან.
მოკლედ, თუ მართლაც გადაწყდა უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდა, ეს გადაწყვეტილება, რაღა თქმა უნდა, ძალიან გაახარებს "კოლხეთის", "სიონისა" თუ ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლებსა თუ გულშემატკივრებს, მაგრამ მაშინ რაღა აზრი ჰქონდა ამ სეზონში მეორე ეტაპის ჩატარებას? ან კიდევ, რატომ იწვალეს მთელი სეზონის განმავლობაში პირველი ლიგის ორმა გამარჯვებულმა, ცხინვალის "სპარტაკმა" და ლანჩხუთის "გურიამ"?
კარგად დაუკვირდით: 12-გუნდიანი ხომ გვაქვს, არც ერთი ვარდება, I ლიგის ორი გამარჯვებული ემატება (ეს უკვე დებულების მიხედვით) და "მოსაძებნი" რჩება კიდევ ორი გუნდი (სავარაუდოდ, ასევე I ლიგიდან). ანუ, შესაძლოა, მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში ისეთი გუნდი ვიხილოთ, პირველი ლიგის წლევანდელი გათამაშება... ცხრილის შუაგულში რომ დაამთავრა;
არ გამოვრიცხოთ, საერთოდ, ახალი (უფრო ზუსტად, სახელწოდებაშეცვლილი) გუნდების გამოჩენაც და ვინ იცის, მომავალ სეზონში სულაც 18-გუნდიანი ჩემპიონატი გვქონდეს!
მით უმეტეს, რომ საიუბილეო, XXV ჩემპიონატი იქნება და შესაძლოა, ისიც შეგვახსენონ, რომ სულ პირველ გათამაშებაშიც (1990 წელს რომ ჩატარდა) 18 გუნდი მონაწილეობდაო...
ხარისხი თუ რაოდენობა?
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე ბევრჯერ სწორედ 16-გუნდიანი ჩემპიონატი გვაქვს ჩატარებული - შვიდჯერ; მიმდინარეს თუ ჩავთვლით, ამის მერე 12-გუნდიანი ჩემპიონატია - უკვე მეექვსედ ვატარებთ; სამ-სამჯერ ჩავატარეთ 10 და 20-გუნდიანი პირველობები, ორჯერ - 14-გუნდიანი, თითო-თითოჯერ კი - 11, 18 და 22-გუნდიანი ჩემპიონატები.
მოკლედ, ისტორიაც თექვსმეტგუნდიანი გათამაშების "მხარეს" არის და საერთოდაც, ერთი შეხედვით, მართლაც იდეალური ვარიანტი იქნებოდა გამართული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნისათვის. თავად განსაჯეთ: ჩემპიონატში მატჩების რაოდენობა (30) ოპტიმალური იქნებოდა (პლუს სათასო შეხვედრები). კალენდარიც ისე შედგებოდა, რომ სანაკრებო ინტერესებიც იქნებოდა გათვალისწინებული და ქართული კლუბების ევროტურნირებზე მონაწილეობაც, თამაშებიც შაბათ-კვირას გაიმართებოდა და, რაც მთავარია, ექვსეულებად რვა-რვა გუნდად დაყოფასთან დაკავშირებულ კაზუსებსაც ავცდებოდით.
ჰო, მართლაც არ არის ცუდი ვარიანტი, მაგრამ საქართველოს პირობებში, ვფიქრობთ, გაუმართლებელი იქნება;
რატომ? უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ საქართველოში დღესდღეობით მართლაც ძნელია ფინანსურად "წელში გამართული" 16 ისეთი გუნდის მოძებნა, ლიცენზირების ყველა მოთხოვნას რომ აკმაყოფილებდეს.
მოკლედ, რეალური საშიშროებაა იმისა, თუ მართლაც გადავედით 16-გუნდიან ჩემპიონატზე, სეზონის მსვლელობისას რამდენიმე არ გამოაკლდეს; ან კიდევ, სადა გვყავს იმდენი ფეხბურთელი, 16 გუნდში რომ უნდა "გადანაწილდეს"? ან გვყავს კი იმდენი კვალიფიციური არბიტრი, 16-გუნდიანი ჩემპიონატის მატჩები რომ უნდა იმსაჯოს?
ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია იმ კითხვებისა, უმაღლეს ლიგაში გუნდების სავარაუდო გაზრდასთან დაკავშირებით რომ გაგვაჩნია.
ისე, "ლელოს" პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, გასაგებია: უმაღლეს ლიგაში იმდენმა გუნდმა უნდა იასპარეზოს, რამდენიც დააკმაყოფილებს ლიცენზირების მოთხოვნებს! ანუ 16 კი არა, არ დავმალავთ და 12-იც ბევრი გვეჩვენება და, ალბათ, სამომავლოდ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, როგორმე გუნდების რაოდენობა შემცირდეს და ჩემპიონატშიც ძლიერებსა და სუსტებს შორის სერიოზული დისბალანსი აღარ იყოს.
ვერ გეტყვით, რით ვჯობივართ შვეიცარიისა თუ ავსტრიის საფეხბურთო "მეურნეობებს" (ცხოვრების დონეზე აღარაფერს ვამბობთ), მაგრამ ამ ორ მართლაც განვითარებულ ქვეყანაში თუ ათგუნდიან საფეხბურთო ჩემპიონატს ატარებენ, ჩვენ რატომ გვინდა ხარისხი რაოდენობას შევწიროთ?
მერაბ ჟორდანიას მაგალითი
ძალიან გვაინტერესებს, ყოველი სეზონის დაწყების წინ ჩემპიონატის ახალ-ახალ რეგლამენტს რატომ ამტკიცებენ, მერე ხომ მაინც უნდა შეიცვალოს ხოლმე; ისიც საინტერესოა, თუ რატომ ვართ მსოფლიო ფეხბურთის "ოჯახის" წევრებთაგან ასე გამორჩეულნი, რომ მხოლოდ ჩვენთან არ შეიძლება რომელიმე კონკრეტული გუნდის ქვედა ლიგაში დაქვეითება.
არადა, ახლო თუ არცთუ შორეული წარსულიდან რამდენიც გნებავთ, იმდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა ამა თუ იმ ქვეყნის გრანდი ქვედა ლიგაში დაქვეითებულა: "რივერ პლეიტი" (არგენტინა), "მარსელი", "სენტ ეტიენი" (ორივე - საფრანგეთი), "იუვენტუსი", "ნაპოლი" (ორივე - იტალია), მადრიდის "ატლეტიკო" (ესპანეთი), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ფერენცვაროში" (უნგრეთი), "პალმეირასი", "კორინთიანსი" (ორივე - ბრაზილია) და ასე შემდეგ...
რაღა შორს მივდივართ: განა შარშან არ იყო, შოტლანდიის ყველაზე ტიტულიანი კლუბი "გლაზგო რეინჯერსი" ფინანსური პრობლემების გამო ამ ქვეყნის რანგით... მეოთხე დივიზიონში რომ დააქვეითეს?
ჰო, ყველგან იცავენ სპორტულ თუ ფინანსურ პრინციპებს, გარდა - საქართველოსი; არადა, ამ საკითხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებაც, წესითა და რიგით, ადვილი მისახვედრი უნდა იყოს: მთელი სეზონის განმავლობაში ეროვნულ ჩემპიონატს ვაშუქებთ და ვაპიარებთ, ყოველი ტურის წინ სატურნირო მდგომარეობაზე ვმსჯელობთ, ყოველი ტურის მერე გამორჩეულ პერსონებსა თუ ფაქტებს წარმოვაჩენთ, ტურის სიმბოლურ ნაკრებს ვადგენთ, მუდამ სატურნირო ინტრიგაზე ვამახვილებთ ყურადღებას და, თურმე, სულ ტყუილად!
თანაც, ყველაზე ცუდი ის არის, რომ სპორტული პრინციპებისა თუ წინასწარ დამტკიცებული რეგლამენტის დარღვევით ერთობ უსიამოვნო პრეცედენტსაც ვქმნით; ანუ მომავალ სეზონში ბოლო თუ ბოლოსწინა ადგილებზე გასული გუნდების წარმომადგენლებს სათქმელი ხომ ექნებათ: შარშან, შარშანწინ თუ იმის წინ რომ არავინ გააგდეთ უმაღლესი ლიგიდან, ახლა ჩვენთვის "მოიგონეთ" რაიმე "საფეხბურთო ამნისტიაო"...
...ისე მოხდა, რომ პირველი ათი ჩემპიონატის განმავლობაში ერთდროულად 9 გუნდი მუდმივად მონაწილეობდა უმაღლეს ლიგაში: თბილისის "დინამო", ბათუმის "დინამო", ფოთის "კოლხეთი-1913", ქუთაისის "ტორპედო", ლანჩხუთის "გურია", ზუგდიდის "ოდიში", რუსთავის "გორდა" ("მეტალურგი"), თბილისის თსუ ("შევარდენი-1906") და გორის "დილა".
და აი, 1998-99 წლების სეზონის ბოლოს ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ "გურიასა" და "ოდიშს" უმაღლესი ლიგა ავტომატურად უნდა დაეტოვებინათ, თსუ-ს კი ("სიონთან" ერთად) პლეი ოფის მატჩები ელოდა. კარგად გვახსოვს, როგორი "არგუმენტები" მოჰყავდათ "გურიას" შესაძლო არგავარდნასთან დაკავშირებით: ამხელა ტრადიციის მქონე გუნდია, საქართველოს თასის პირველი გამარჯვებულია, რაც მთავარია, მერაბ ჟორდანიაც (სფფ-ის იმდროინდელი პრეზიდენტი) ლანჩხუთელია წარმოშობით, მამამისიც იქ თამაშობდა და თვითონაც "გურიას" ღირსებას იცავდა (1989 წელს მართლაც გამორჩეული სეზონი ჩაატარა - გ.ტ.) და თავისი პრეზიდენტობის პირველსავე წელიწადს მშობლიური რაიონის გუნდს არ გაწირავსო!
სინამდვილეში კი ყველაფერი დებულების მკაცრი დაცვით მოხდა: "გურია" და "ოდიში" უმაღლეს ლიგას დაემშვიდობნენ, თსუ-მ კი პლეი ოფით შეინარჩუნა ადგილი.
აი, მომდევნო, 1999-2000 წლების სეზონისათვის კი ისეთი რეგლამენტი შემუშავდა, რომ უმაღლესი ლიგიდან 4 გუნდი უნდა გავარდნილიყო და ასეც მოხდა: ზედიზედ ოთხი სეზონი 12-გუნდიან ჩემპიონატს ვატარებდით; მერე კიდევ უფრო შემცირების ტენდენციაზე (10-გუნდიანზე) გადავედით, მაგრამ 2005 წელს "ზემოდან" გუნდების გაზრდის თაობაზე დირექტივა წამოვიდა: პოლიტიკურ-გეოგრაფიული თუ კიდევ სხვა პრინციპების გათვალისწინებით, უმაღლეს ლიგაში 16 გუნდი უნდა მონაწილეობდესო!
ყოველივე ამან კი ჩვენი საკლუბო ფეხბურთის, კონკრეტულად კი საქართველოს ჩემპიონატის დონე კიდევ და კიდევ დაბლა დასწია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კობა ჟორჟიკაშვილი: სჯობს, უმაღლესი ლიგა თექვსმეტგუნდა გავხადოთ
აქტუალური თემა: როგორი ჩემპიონატი გვჭირდება?
პირველ ლიგაშიც უნდა შემცირდეს გუნდები. უფინანსო გუნდები უნდა მოიხსნან გათამაშებიდან.
ცოტანი დარჩებიან მაგრამ ზატო ხარისხიანნი.