მატჩის დაწყებამდე გუნდებმა და გულშემატკივრებმა რამდენიმე დღის წინ ავღანეთში გმირულად დაღუპული თანამემამულეების: ზვიად დავითაძის, ალექსანდრე კვიწინაძისა და ვლადიმერ შანავას ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
სიახლე იყო ქუთაისელთა სასტარტო შემადგენლობაში: ტრავმირებული ვაჟა ტაბატაძის ნაცვლად დაცვის მარცხენა ფლანგზე ბექა ტუღუშის გამწესება, რომელმაც კარგად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ ამ დავალებას.
რამდენიმემატჩიანი უქმობის შემდეგ კი გუნდს გიორგი ბერიაშვილი დაუბრუნდა.
შეხვედრა "ტორპედოს" აქტიურობით დაიწყო და
მე-17 წუთზე სტუმრებმა პირველად მიაღწიეს საწადელს. მარჯვენა მხრიდან დოლიძის ჩაწოდებული ბურთი მცველმა უხერხულად მოიგერია და საჯარიმოს ხაზიდან იგი მიწაზე დაუშვებლად ბექა ტუღუშმა გადაგზავნა კარში - 0:1.
თამაშს მეტწილად "ტორპედო" აკონტროლებდა და ასეთი უპირატესობის ფონზე ლოგიკური იყო ზუგდიდელთა კარში გატანილი მეორე გოლიც. 44-ე წუთზე ფირცხალავა-ბერიაშვილის კომბინაცია ნიკა ფირცხალავამ დააბოლოვა ზუსტად - 0:2.
უქმად არც მასპინძლები ყოფილან. მათ რამდენიმე სახიფათო დარტყმაც განახორციელეს ჩვენი გუნდის კარის მიმართულებით, მაგრამ ბურთი კარს მიღმა მიდიოდა.
თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც მსგავსი იყო. რეალურ საგოლე მომენტებს მეტწილად კვლავ გია გეგუჩაძის გუნდი ქმნიდა. 54-ე წუთზე მსაჯმა მასზე სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოედნიდან როინ ონიანი გააძევა და მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა.
56-ე წუთზე "ტორპედოს" ფორვარდის, 18 წლის მამია გავაშელიშვილის უმაღლეს ლიგაში დებიუტი შედგა, რომელსაც საუცხოო დებიუტი გამოუვიდა. მოედანზე შესვლიდან სამ წუთში მან (დოლიძის პასით) მეტოქის კარის დალაშქვრა მოახერხა და დებიუტანტის სტატუსით ერთ-ერთი მოწინავე გახდა, რომელმაც ასე სწრაფად გამოიჩინა შედეგიანობა - 0:3.
აქამდე იყო ეპიზოდი, როცა დათუნაიშვილმა ფირცხალავა გაიყვანა ძაგანიასთან პირისპირ, მაგრამ ნიკამ კიპერს ვერ აჯობა.
66-ე წუთზე "ტორპედოს" მცველების შეცდომით გიორგი გაბედავამ ისარგებლა და სხვაობა შეამცირა - 1:3. 79-ე წუთზე კი კვლავ სამბურთიანი სტატუს-კვო აღდგა, დათუნაიშვილი-გავაშელიშვილის კომბინაციით ამ უკანასკნელმა საჯარიმოს შიგნიდან კარში დაარტყა. ბურთი ჯერ მეკარემ მოიგერია, შემდეგ კი ძელს მოხვდა და გრიგოლ დოლიძეს მიუვიდა, რომელმაც გოლით თავი დღესაც გამოიჩინა - 1:4.
დარჩენილ დროში განვითარებული მოვლენებიდან აღსანიშნავია 85-ე წუთზე "ტორპედოს" კარში დანიშნული პენალტი, რომელიც წურწუმიამ გააცუდა.
იხილეთ ვიდეო
საბოლოოდ, ქუთაისელებმა მშვიდად მიიყვანეს მატჩი სასურველ შედეგამდე და 24-ე ეროვნული ჩემპიონატი კარგ განწყობაზე დაასრულეს.
www.fctorpedo.ge