"ზუგდიდის" დირექტორ მალხაზ ჭეჟიას იმედი, რომ ლიტვიდან ცნობილ სპეციალისტს ჩამოიყვანდა, ჯერჯერობით ვერ ასრულდა - გუნდის ბიუჯეტი ცარიელია და უცხოელ მწვრთნელს ვინ ჩივის, ადგილობრივსაც ვერ იწვევენ.
დასრულებული სეზონის შემდეგ ეს პოსტი ელგუჯა ქომეთიანმა დატოვა, მაგრამ გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტი კლუბის სისტემაში დარჩა. როგორც წლების წინ, ის ამჯერადაც ასაკობრივ და ჭაბუკთა გუნდებთან იმუშავებს.
მთავარი
"ზუგდიდის" საკადრო ცვლილებების ნაწილი უკვე ცნობილია: გუნდში ქუთაისის "ტორპედოს" მცველი დათა რიგვავა დაბრუნდა, თავდამსხმელი ირაკლი ქობალია კი კარიერას "ზესტაფონში" გააგრძელებს. შესაძლოა, კვლავ ძველი კლუბის ფორმა მოირგოს გიორგი პაჭკორიამ.
23 წლის ნახევარმცველი შარშან "გაგრამ" შეიძინა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდის ხელმძღვანელებმა შემადგენლობის გაახალგაზრდავება რომ გადაწყვიტეს, გიორგი თავისუფალი აგენტი გახდა.
"პირველ ლიგაში თამაში არ მსურდა და "გაგრადან" ამიტომ წამოვედი, მაგრამ ჯერ არც ვიცი, "ზუგდიდში" დავბრუნდები თუ არა. 15 ივლისს გუნდი ამხანაგურად ითამაშებს და შესაძლოა, ვითამაშო.
მითხრეს ბოლნისის "სიონზეც" და ჯერ ზუსტად არც ვიცი, სად ვითამაშებ", - ამბობს პაჭკორია.
ამასობაში სოციალურ ქსელებში გავრცელდა კლუბის გულშემატკივართა მიმართვა:
"მივმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც "ზუგდიდის" ბედი აღელვებს და გულთან ახლოს მიაქვს კლუბში არსებული ვითარება. არ აქვს მნიშვნელობა, ის ფან-კლუბ "აბრაგის" წევრია თუ "მგლების". ყველამ კარგად ვიცით, რაც დღეს კლუბში ხდება.
ვიმედოვნებთ, რომ "ზუგდიდში" ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ დრო მიდის, ჩემპიონატის დაწყებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი და სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. ამ ყველაფერს თითოეული გულშემატკივარი განიცდის და დროა, ყველამ ვთქვათ, რომ "ზუგდიდს" ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საყვარელი კლუბის დაშლის უფლებას არავის მისცემს".
მოკლედ, უნიჭიერესი ფეხბურთელების გამზრდელი ქალაქის გუნდში კატასტროფული ვითარებაა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან ზუგდიდში სულ ასე ხდებოდა, მიდის ჭიდაობა გუნდსა და დამფინანსებელს შორის, მაგრამ საქმეს ვერა და ვერ ეშველა.
გულშემატკივრებიც ამიტომ გააქტიურდნენ და მათ თბილისელი მხარდამჭერები ჰყავთ - "ქართული სპორტის ქომაგთა ლიგა". სწორედ ისინი აქეზებენ, რომ მიბაძონ გორის "დილასა" და ფუტსალის "იბერია სტარის" გულშემატკივრებს და ხელისუფლება აქციებით აიძულონ, ფეხბურთზე მზრუნველობა გამოიჩინოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"