ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "ჟილინასთან" საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით მარცხის (0:3) შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, ფანების ერთი ჯგუფი კლუბის მფლობელთა პოლიტიკას ღიად დაუპირისპირდა...
ამ წინაპირობებიდან გამომდინარე, მოულოდნელი არ ყოფილა, საიუბილეო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ქუთაისში უჩვეულოდ ცოტა მაყურებელი რომ დაესწრო...
ახალი ფორმაციის "ტორპედო" პირველ ტურში საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ და ამბიციურ რუსთავის "მეტალურგს" ხვდებოდა. იდეალურ საფარზე თამაში ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო. პირველივე წუთზე, გიორგი კუხიანიძის გადაცემის შემდეგ რუსთაველთა
ქუთაისელთა შეტევები გაგრძელდა და მალე ანგარიშიც გაიხსნა. კუხიანიძემ და მერაბ გიგაურმა კუთხური გაითამაშეს. ამ უკანასკნელმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც რუსთაველთა ტანმაღალ მცველებს თორნიკე კაპანაძემ აჯობა, სწორად შერჩეული პოზიციის ხარჯზე თავური ზუსტად დაარტყა, ხოლო ბედიაშვილის თავგანწირულმა ნახტომმა "მეტალურგს" ვერ უშველა.
საპასუხო შეტევისას რუსთაველებმა უმალ პირველი სახიფათო მომენტი შექმნეს. რევაზ გეწაძემ საჯარიმოში ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა დავით მთივლიშვილი და კარშიც დაარტყა, მაგრამ მაქსიმე ქვილითაიამ ბურთი იოლად მოიგერია.
ქუთაისელებს უპირატესობა არ დაუთმიათ. ჟერარდ სარაგოსას შეგირდები სწრაფი, კომბინაციური თამაშით ცდილობდნენ მეტოქის "გატეხვას". გამოირჩეოდა მარჯვენა ფლანგი, სადაც ვაჟა ტაბატაძე აქტიურობდა; ბევრს მოძრაობდნენ ფორვარდები (კაპანაძე და საბანაძე), რომლებიც მეტოქის მცველებს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდნენ; სახიფათო იყო ტორპედოელთა მიერ შესრულებული "სტანდარტულებიც"...
ერთი სიტყვით, პირველი ნახევარი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა "მეტალურგებსაც" ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების შანსები. ჯერ იყო და, გიორგი გავაშელიშვილის სახიფათო თავური ასცდა მიზანს; ტაიმის ბოლოს კი, რომ არა მეკარე ქვილითაიას შესანიშნავი რეაქცია, სტუმრები პირველივე ტაიმში აღადგენდნენ წონასწორობას.
ამ ეპიზოდში უხეშად შეცდა ქუთაისელთა ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძე, რომელიც მეკარისთვის ცდილობდა ბურთის დაბრუნებას, ოღონდ ექსტორპედოელ გიორგი ბერიაშვილისთვის გამოუვიდა პასი. ბერიაშვილმა მეკარე კი ჩამოიტოვა და კარშიც დაარტყმა, მაგრამ იმ დროს, როცა ყველას გოლი ეგონა, ქუთაისელთა კიპერმა პატარა სასწაული მოახდინა და "ტორპედო" გადაარჩინა.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე რუსთაველებმა ანგარიში გაათანაბრეს. საგოლე იერიში მარცხენა ფლანგიდან განვითარდა. ქუთაისელმა მცველებმა ბურთის გამოტანა ვერ მოახერხეს. ბერიაშვილმა საჯარიმოში გურამ გურეშიძეს გაატანა ბურთი, ამან კი დავით კირკიტაძე მოძებნა და "მეტალურგის" ქუთაისელმა (წარმოშობით) ფეხბურთელმა თავური დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია.
გოლმა რუსთაველებზე დადებითად იმოქმედა, ისინი გააქტიურდნენ და უპირატესობაც მოიპოვეს. მომდევნო 15-20 წუთი მათი დომინირებით მიმდინარეობდა. ისინი ბურთსაც აკონტროლებდნენ და ქუთაისელთა მცველებსაც მუდმივად ანერვიულებდნენ, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე ვერ მიჰყავდათ.
ვითარების გამოსასწორებლად სარაგოსამ შეცვლას მიმართა - გოროზიას ნაცვლად მოედანზე შეიყვანა ფანცულაია, რომელმაც ქუთაისელთა შეტევებს ახალი მუხტი შესძინა. ის აქტიურად ჩაერთო თამაშში და მალე უპირატესობა ისევ "ტორპედოს" მხარეს გადავიდა.
საბანაძემ საჯარიმოს გარედან კარში ძლიერად დაარტყა და მეკარე უძლური იქნებოდა, ბურთი ოდნავ რომ ასცდენოდა მიზანს.
მალევე კუხიანიძის ძალზე სახიფათო ჯარიმა ბედიაშვილმა გაჭირვებით მოიგერია, ხოლო შემდეგ ფანცულაიამ დრიბლინგით სამ მეურვეს აუბნია თავგზა და კარშიც დაარტყა, მაგრამ მცირედით არაზუსტად. ყველაზე რეალური შანსი კი მატჩის მიწურულს კაპანაძის თავური დარტყმა იყო, რომელიც ბედიაშვილმა ეფექტურ ნახტომში მოიგერია.
გულხელდაკრეფილი არც რუსთაველები ყოფილან. მათი მხრიდან კირკიტაძისა და შეცვლაზე შესული ფიფიას დარტყმებია გამოსარჩევი - ორივე შემთხვევაში ქვილითაიამ უშეცდომოდ ითამაშა...
მართალია, თამაშის ხარისხითა და შედეგით ადგილობრივი გულშემატკივრები კვლავ უკმაყოფილონი დარჩნენ, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ქუთაისელთა თამაშში აშკარად იგრძნობოდა გარკვეული პროგრესი. გუნდს არ აკლდა მონდომებაც და რომ არა გამოუცდელობა, სასურველ შედეგსაც მიაღწევდა.
მატჩის შემდეგ
გელა სანაია:
"პირველ ტაიმში კონცენტრაცია ვერ მოვახერხეთ, რის გამოც მეტოქემ აშკარად გვაჯობა. საბედნიეროდ, მეორე ნახევრიდან თამაშში კორექტივების შეტანა მოვახერხეთ და ანგარიში გავათანაბრეთ, თუმცა ბოლო 15 წუთში უპირატესობა კვლავ მასპინძლებს დავუთმეთ.
როცა დასაწყისშივე გოლს უშვებ, ძალიან რთულია მატჩის შემოტრიალება, მაგრამ ბიჭებმა ეს მოახერხეს და ამისთვის მადლობას ვუხდი.
ქუთაისში თამაში ნებისმიერი გუნდისთვის ძნელია, თანაც "ტორპედომ" ჩვენზე ადრე დაიწყო მზადება. ამის გათვალისწინებით, ჩვენთვის ფრე მისაღები შედეგია. მიმაჩნია, რომ თამაშის სცენარიდან გამომდინარე, მატჩი ლოგიკური ანგარიშით დასრულდა".
ჟერარდ სარაგოსა:
"პირველი მატჩი ვითამაშეთ და ვფიქრობ, ფეხბურთელებს მეტი მოეთხოვებოდათ. 3 ქულის აღება შეგვეძლო, მაგრამ მეორე ტაიმი ძალიან ცუდად დავიწყეთ, გოლი გავუშვით. შემდეგ ბევრს კი ვეცადეთ, მაგრამ მოგება ვეღარ შევძელით.
ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ჯერჯერობით არის ხარვეზები, მაგრამ მათ გამოსასწორებლად ვმუშაობთ.
სერიოზულად უნდა მოვემზადოთ "ზესტაფონთან" მატჩისთვის. შევეცდებით, იქიდან 3 ქულა წამოვიღოთ, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ მატჩში ის 8 ფეხბურთელი არ გვეყოლება, რომლებიც ასაკობრივ ნაკრებებში არიან გამოძახებულნი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"