სპარტაკი-ტორპედო 0:1 - მონდომებაც და ლოგიკაც [VIDEO]

AutoSharing Option
მესამე მატჩი და მესამე მარცხი, - "სპარტაკის" ასეთი წარუმატებელი სტარტი ბევრისთვის მოულოდნელი უნდა ყოფილიყო, მით უფრო, რომ წინა სეზონში პირველი ლიგის გამარჯვებულმა გუნდმა საიუბილეო, XXV ჩემპიონატის დაწყების წინ შემადგენლობა, ერთი შეხედვით, უფრო გააძლიერა, მაგრამ გამოცდილი სპეციალისტის, ვლადიმერ ხაჩიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სპარტაკმა" მიჯრით მესამე მატჩი წააგო.

სამაგიეროდ, უმაღლეს ლიგაში მართლაც ჩინებული დებიუტი გამოუვიდა ჟერარდ სარაგოსას: ქუთათურებმა მეორე გასვლითი შეხვედრა მოიგეს და ამ "ტემპით" თუ გააგრძელეს, პირველ ექვსეულში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეთ.

"ტორპედოს" ესპანელ მწვრთნელს 1-ელ სექტემბერს გამართულ მატჩში ორი იძულებითი ცვლილების
გაკეთება მოუწია: ვაჟა ტაბატაძემ - უწყინარ, ხოლო ზაზა ჭელიძემ - სათამაშო ეპიზოდებში ტრავმები მიიღეს, თუმცა სარაგოსამ სწორი შეცვლები გააკეთა; აღარაფერს ვამბობთ კიდევ ერთ ცვლილებაზე: შესვენების შემდეგ მოედანზე გამოსული გიორგი გოროზია თამაშში ჩინებულად ჩაერთო და თავისი გუნდის გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედიც გახლდათ.

Sportall.Ge18 წლის გოროზია (რომელიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში უმეტესწილად საყრდენად ასპარეზობდა) პლეიმეიკერად მოგვევლინა, ოღონდ ბურთს საერთოდ არ აყოვნებდა და მოკლე თუ საშუალო მანძილზე შესრულებული ზუსტი პასებით მუდამ ცდილობდა პარტნიორების ხელსაყრელ პოზიციაზე გაყვანას.

გოროზიას გარდა, "ტორპედოს" სხვა ჭაბუკი ახალწვეულებიც უნდა შევაქოთ, განსაკუთრებით კი, მარჯვენა მცველი დავით მთივლიშვილი, თუმცა ქუთათურებს მხოლოდ ახალგაზრდული ჟინისა თუ მონდომების ხარჯზე არ გაუმარჯვიათ: რასაც გუნდური თამაში ჰქვია, ამ კომპონენტში მეტოქეს ნამდვილად აჯობეს და, ჩვენი აზრით, გამარჯვებაც დაიმსახურეს.

...პირველი ტაიმი, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი გამოდგა და სახიფათო მომენტებიც არცთუ მრავლად ყოფილა. თავდაპირველად, "ტორპედოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა საბანაძემ იაქტიურა მარცხენა ფლანგზე, როცა ერთობ ეფექტური ფინტით ჩამოიცილა მეურვე, მაგრამ ამ შეტევას ლოგიკური გაგრძელება არ მოჰყოლია.

მასპინძელთა საპასუხო შეტევაც არანაკლებ ეფექტური გამოდგა: თავისთვის უჩვეულო, ცენტრალური მცველის პოზიციაზე გამწესებულმა ვარლამ კილასონიამ გრძელი რეიდი განახორციელა, თეიმურაზ შონიასთან "კედელი" გაითამაშა და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ მაქსიმე ქვილითაიამ სწორი პოზიცია შეარჩია.

გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ "ტორპედოს" კაპიტანმა მთელი შეხვედრა უშეცდომოდ ჩაატარა და მისი ასეთი თავდაჯერებული თამაში პარტნიორებსაც გადაედოთ. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ მაქსიმე ქვილითაიას წინა სამი სეზონის განმავლობაში ძირითადში თამაში არც უწევდა. თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს ქვილითაიაც უძლური იქნებოდა, თეიმურაზ შონიას ოდნავ უფრო ზუსტად რომ დაერტყა.

"სპარტაკის" კაპიტანმა მეტოქის საჯარიმოში მეურვე მოხდენილი ფინტით კი ჩამოიცილა, მაგრამ ძლიერად დარტყმული ბურთი "ტორპედოს" კარის ხარიხამ აისხლიტა!

თუმცა არანაკლებ რეალური შანსი ჰქონდა სტუმართა ახალწვეულ თორნიკე კაპანაძეს: ახალგაზრდა ცენტრფორვარდი კუთხურის მერე ახლო მანძილიდან თავით ურტყამდა, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა.

...მეორე ტაიმი წამების დაწყებული იყო, ზვიად მეტრეველის ზუსტი პასის მერე თეიმურაზ შონიას გოლის გატანის შანსი რომ მიეცა, მაგრამ მისი თავური არაზუსტი გამოდგა. მერე ისევ შონია აღმოჩნდა არანაკლებ ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ სტუმრები ქვილითაიამ გადაარჩინა.

ამასობაში "ტორპედომაც" "დაალაგა" თამაში და გიორგი გოროზიამ მართლაც ლამაზი პასით დავით უბილავა გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ სტუმართა ახალგაზრდა მცველმა არაზუსტად დაარტყა.

ამას მასპინძელთა კიდევ ერთი ფლანგური შეტევა მოჰყვა, ზვიად მეტრეველი რომ აგვირგვინებდა, მაგრამ "სპარტაკმა" ხეირი ვერც ამ ეპიზოდში ნახა. სამაგიეროდ, "ტორპედომ" ეფექტიანად გამოიყენა სტანდარტული: გოროზიამ ასაკთან შეუფერებელი ოსტატობით ჩააბზრიალა ბურთი მეტოქის საჯარიმოში, სადაც ყველას გიორგი ხიდეშელმა დაასწრო და ახლო მანძილიდან ბურთი "სპარტაკის" კარში გადაგზავნა!

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დარჩენილ დროში მასპინძლები მეტ-ნაკლებად გააქტიურდნენ, ვლადიმერ ხაჩიძემ ცვლილებებითაც სცადა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ "ტორპედო" უნარიანად იცავდა თავს და მეტოქეს სახიფათო მომენტები არც შეაქმნევინა...

უმაღლესი ლიგის IV ტური
Sportall.Ge

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული