ტორპედო-გურია 1:0 - საბედისწერო წითელი [VIDEO]

AutoSharing Option
ორივე გუნდი მატჩს შესუსტებული შემადგენლობით შეხვდა - თუ ქუთათურებს რამდენიმე მობურთალი აკლდათ, გურულთათვის ერთი წამყვანი მოთამაშის, არნო ჩუენსუს დანაკლისიც კი საბედისწერო გამოდგა.

დღევანდელ "გურიას" ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, მთავარი მოთამაშე სრულყოფილად შეცვალოს. დავით მახარაძე იძულებული გახდა, მარჯვენა მცველად კობა შალამბერიძე დაეწია, რითიც სტუმრებს კარგი შემტევი ნახევარმცველიც გამოაკლდათ.

თუმცა მალევე შეცვლაც იძულებითი მოუხდა - მას შემდეგ, რაც ალეკო შენგელია დაშავდა, მახარაძემ შალამბერიძე წინ წასწია, ხოლო დაცვაში ადგილი ახალბედა გიგა ჭეიშვილს ანდო.

Sportall.Geმატჩი სტუმრების მცირე უპირატესობით დაიწყო და ნიკა საბანაძის გოლს,
რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა, ალეკო კოშკაძის სამი სახიფათო მცდელობა მოჰყვა - სამჯერვე გურულთა შემტევი შორიდან ცდილობდა კარის დალაშქვრას, თუმცა სამჯერვე უზუსტოდ.

ამის შემდეგ მასპინძლებმა ჯერ გაათანაბრეს თამაში, ხოლო მალე უპირატესობაც იგდეს ხელთ. ეს ქუთათურებმა ჯიქია-გოროზია-საბანაძე-კაპანაძის აქტიურობის ხარჯზე მოახერხეს და ახალბედა მობურთალებს მეტი გამოცდილება ან იღბალი რომ ჰქონოდათ, "ტორპედო" საქმეს პირველივე ტაიმში მოითავებდა...

მართალია, ამ დროში "გურია" ხიფათს ვერ ქმნიდა, მაგრამ მაინც - ორივე გუნდმა მაყურებელს ისეთი ფეხბურთი შესთავაზა, საქართველოში მონატრებულები რომ ვართ...

თამაშის განახლებისას კვლავ შეიცვალა სცენარი - უპირატესობას ისევ "გურია" დაეუფლა და ისეთი პირი უჩანდა, "ტორპედოს" დიდ პრობლემებს შეუქმნიდა.

თითქოს აქეთკენაც მიდიოდა საქმე - რამდენიმე ხიფათისმაგვარი ეპიზოდის გარდა, გურულებს ორჯერ კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ ორივე გაანიავეს - ჯერ ჯიშკარიანის კარგ ფლანგურს კუკულაძემ ხეირიანად ვერ დაუხვედრა თავი (თორემ ქვილითაიას გუნდის გადარჩენა ძალიან გაუჭირდებოდა), მეორე ეპიზოდი კი სტუმრებს ცუდად შეუბრუნდათ.

72-ე წუთზე, მცველის ტექნიკური შეცდომის გამოყენებას ისიანი და ტორონჯაძე შეეცადნენ და ცოტათი რომ ეჩქარათ, მეტოქეს დიდ უსიამოვნებასაც შეუქმნიდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში მცველებმა "დაფარება" მოასწრეს და გურულები ოდენ კუთხურს გამორჩნენ.

როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, თავით კარგად მოთამაშე ვალერი იობაშვილი მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა. მანვე, მეტოქის სწრაფი კონტრშეტევის ჩაშლა მხოლოდ წესების დარღვევით შეძლო და რადგან წუთების წინ ლაშა სილაგავას უკვე გაფრთხილებული ჰყავდა, მეორე ყვითლისთვის ახლა გასახდელის გზას გაუყენა.

ეს კი საბედისწერო გამოდგა "გურიასთვის" - ტორპედოელებმა კარგად ისარგებლეს სტუმართა დაცვის ჩავარდნით და გიორგი კუხიანიძემ მატჩის ერთადერთი და, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მისი გუნდის გასალიდერებელი გოლი გაიტანა - 1:0.

ამის შემდეგაც არ დაუყრიათ ფარ-ხმალი გურულებს - გადაწყობა მალევე შეძლეს და გასათანაბრებლადაც გაიწიეს, თუმცა რეალური ხიფათი ისევ მათ კართან შეიქმნა - მცველის პოზიციური შეცდომის შემდეგ, კაპანაძე მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და ჯოჯუასთან შეჯახებისას დაეცა.

არბიტრმა მატჩის გაგრძელება ბრძანა, რასაც ქუთათურთა მწვავე პროტესტი მოჰყვა...

სულ ბოლოს "გურიას" მაინც მიეცა შანსი, როცა ქვილითაიას ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ... სტუმრებმა ამით ვერ იხეირეს.

საბოლოოდ, "ტორპედომ" დამსახურებულად მოიგო და ერთპიროვნულად გალიდერდა, თუმცა, როგორც მიხვდით, მატჩის არც სხვანაირი დასასრული იყო გამორიცხული, რაც უკვე "გურიას" მოაქცევდა ცხრილის სათავეში, თუნდაც თანალიდერის რანგში...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები:
გ. დოლიძე (დილა) 3
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 3
ლ. ახალაია (სიონი) 3
ი. ქობალია (ზესტაფონი) 3

გამოტოვებული მატჩები
17 სექტემბერი
დინამო (თბ)-სპარტაკი
ტორპედო-დილა

VI ტური
21 სექტემბერი
ჩიხურა-დილა
გურია-მეტალურგი
ზუგდიდი-ტორპედო
მერანი-სიონი
სპარტაკი-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-დინამო (თბ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული