[ექსკლუზივი] რატომ დატოვა გორის "დილა" გიორგი დევდარიანმა

AutoSharing Option
გიორგი დევდარიანი გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი აღარ არის!

"ყველა სიახლესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ეს ინფორმაცია გორელთა ექსთავკაცმა თავად დაადასტურა და შიდა ქართლიდან აბარგების მიზეზების გარდა, სხვა საინტერესო საკითხებზეც გველაპარაკა...

- რატომ აღარ ვმუშაობ გორის "დილაში"? კლუბის ხელმძღვანელობა ჩემმა მუშაობამ არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ.

- უფრო კონკრეტულად, რა იყო უკმაყოფილების მიზეზი?
- უმჯობესი იქნება, ეს მათ ჰკითხოთ... რამდენიმე თვის წინ, როცა კლუბში მივედი, მიზნად ევროპის ლიგაზე "ოლბორგთან" ღირსეული თამაში დაგვისახეს, რასაც წარმატებით გავართვით თავი დანიურ კლუბთანაც და "ჰაიდუკთანაც". მათნაირ
ძლიერ კლუბებს რომ მოუგონ, სხვებს 2-3 წელი სჭირდებათ; მით უმეტეს, ასეთი ბიუჯეტით.

ევროთასის მატჩების შემდეგ "დილა" წამყვანმა მოთამაშეებმა - ილურიძემ და გვალიამ დატოვეს, ტრავმა მიიღო დოლიძემ... როცა დოლიძე, ილურიძე და მოდებაძე თამაშობდნენ, მაშინაც მიმაჩნდა, რომ გუნდს თავდამსხმელები აკლდა, მაგრამ ფორვარდების დამატება ვერ მოვახერხეთ. ამ ყველაფრის ფონზე, ველოდი, რომ ჩემს გუნდს გარკვეული ჩავარდნა ექნებოდა.

ევროპის ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ ახალი გუნდის ჩამოყალიბება მოგვიწია. ევროპის ლიგაზე განსხვავებული სისტემით ვთამაშობდით, რადგან ყველა მეორე ნომრად მიგვიჩნევდა, ეროვნულ ჩემპიონატში კი ფავორიტები ვიყავით და პირველ ნომრად გვიწევდა თამაში. ამას ლიდერების წასვლაც დაემატა და...

ვიმეორებ - ჩემთვის ჩავარდნა მოულოდნელი არ ყოფილა, "დილას" ხელმძღვანელობას კი, ალბათ, სხვა გეგმები და მიზნები ჰქონდა...

- თქვენთვის ჩავარდნა არ ყოფილა მოულოდნელი... მაგრამ არც კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება?
- კლუბის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება სულ უფრო ხშირად მესმოდა და, როგორც ვთქვი, გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ მე ვარ და სხვა მწვრთნელის ხელში გუნდი უკეთ განვითარდება.

გაურკვევლობაში ყოფნა ძალიან ძნელია. როცა ფეხბურთელმა არ იცის, გაგრძელდება თუ არა დაფინანსება, დარჩება თუ არა კლუბში და ა.შ. მოტივაცია როგორ უნდა გამოძებნოს?

- "დილა" მუნიციპალური კლუბია, მაგრამ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, თუნდაც საქართველოს პირველობაზე წარმატების მისაღწევად, საკმარისია?
- ნამდვილად არ არის საკმარისი სტაბილური გუნდის ჩამოსაყალიბებლად. ასეთი ბიუჯეტი მხოლოდ იმისთვის თუ იკმარებს, რომ შექმნა ახალგაზრდული, არასტაბილური გუნდი, რომელსაც მოკლე სათადარიგო სკამი და, შესაბამისად, გამონათებებისა და ჩავარდნების პერიოდები ექნება.

როცა "დილაში" მივედი, წინა წლის ხელფას-პრემიების გაცემის შემდეგ, ორმილიონიანი ბიუჯეტიდან მხოლოდ 800 ათასი ლარი იყო დარჩენილი. გეგულებათ მსოფლიოში ერთი კლუბი მაინც, რომლის წლიური ბიუჯეტიც 800 ათასი ლარია და ჩავარდნა არ აქვს?!

- როგორი ბიუჯეტიც უნდა გქონდეს, შემადგენლობას ერთი წლით მაინც თუ ვერ შეინარჩუნებ, რომელ შედეგზეა ლაპარაკი?!
- სანამ კლუბის ხელმძღვანელები ამას არ გაითავისებენ, მანამდე არაფერი გვეშველება... ის, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, შემთხვევითი არ არის. უბედურება ის არის, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართულ ფეხბურთში მომუშავე ადამიანთა უმეტესობის მომავალი გაურკვეველია.

მწვრთნელი ან ხარ, ან არა! როცა ევროთასზე და საქართველოს ჩემპიონატში ზედიზედ ექვსი მატჩი მოვიგეთ, "დილას" მწვრთნელის მუშაობით ყველა კმაყოფილი იყო. რა გამოდის - მწვრთნელი ექვსი მატჩის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა, შემდეგ კი უცებ "დაჩლუნგდა" და არაფერი სცოდნია?!

რატომ არავინ უფიქრდება, იქნებ იმ ექვსი მატჩის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ლიდერების წასვლა მართლა დიდი დანაკლისი იყო? ჰკითხეთ გია გეგუჩაძეს, მას შემდეგ, რაც "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, "დინამოს" ფეხბურთელებს საქართველოს ჩემპიონატში ძველებური მოტივაცია ჰქონდათ თუ გუნდი ემოციისგან იყო დაცლილი და ჩავარდნა ჰქონდა?

შეიძლება, ძველებურად თამაში მოსთხოვო ფეხბურთელს, რომელმაც არ იცის, რა ელის ორი თვის შემდეგ?! თუ ეს ყოველივე არ აინტერესებთ, აბა, რა აინტერესებთ?!

- რას უკავშირდება  გიორგი დევდარიანის უახლოესი გეგმები? რეალური შეთავაზებები თუ გაქვთ?
- ჯერჯერობით არაფერი. დეკემბრის ბოლომდე ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად ვრჩები, მერე კი, ალბათ, "პრო-ლიცენზიას" ავიღებ და... ვნახოთ.

სიმართლე გითხრათ, სულ ვცდილობ, გია გეგუჩაძეს მივბაძო, რომელიც ჩინებულ მაგალითად გამოდგება ჩემთვის და ბევრი ჩემი კოლეგისთვის.

- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ უმუშევრობას ამჯობინებს ისეთ გუნდში მისვლას, სადაც მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, გაურკვეველია მომავალი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ესაუბრა რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"
მკითხველის კომენტარები / 13 /
დევდარიანი კარგი მწვრტნელია, მაგრამ სამწუხაროდ სადაც ოდნავი წინააღმდეგობა შეხვდა, ყველგან გუნდი დატოვა .
Tengo
16:09 17-10-2013
0
აბსოლიტურად სწორია ეს ადამიანი რა შუაშია მწვრთნელები ტვიტონ საქართველოში ფეხბურთის მიმართ მიდგომაა არასწორი და საწრაპოდ ფედერაცია უნდა გაიწმინდოს უვარგისი ადამიანებისგან როდის გაიგებს ამას ხალხი
NINA
12:17 17-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული