ტორპედო-ზუგდიდი 1:2 - კრიზისი გრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" წარუმატებლობა გრძელდება. ჟერარ სარაგოსას გაწვრთნილები შინ გიორგი დარასელიას "ზუგდიდთან" დამარცხდნენ.

არადა, ამ შეხვედრას მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დასავლეთ საქართველოში შექმნილი რთული კლიმატური პირობების გამო "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ წლის ბოლო საშინაო მატჩის გამართვა, ქუთაისის ნაცვლად, "მცხეთა პარკზე" გადაწყვიტა...

ქუთაისელებს ეს მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ. თითქოს ამის რეალური შანსიც ჰქონდათ, რადგან აუტსაიდერს ხვდებოდნენ, რომელსაც ზაფხულის შემდეგ არ მოეგო - ბოლო 13 თამაშიდან 4 ფრედ დაასრულა, 9-ში კი დამარცხდა და საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის შანსი, ფაქტობრივად, აღარ დარჩა; შესაბამისად, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის
შენარჩუნებაზე ფიქრობს, მაგრამ...

"ტორპედოსთვის" ეს ბარიერიც დაუძლეველი აღმოჩნდა...

Sportall.Geდისკვალიფიკაციის გამო "მასპინძელს" ვერ დაეხმარა მერაბ გიგაური. განაცხადში არც ნიკა საბანაძე და 19-წლამდელთა ნაკრების წევრი ნიკა ახვლედიანი იყვნენ. ტრავმირებულები არიან ვაჟა ტაბატაძე და ზაზა ჭელიძე. "ზუგდიდს" კი ყოფილი ტორპედოელი დათა რიგვავა, მაკარ აქუბარდია და ლევან წურწუმია აკლდნენ.

დარასელიამ კარგად იცის თავისი გუნდის ფიზიკური და მორალური მდგომარეობა და მეტოქეს ერთბაშად 5 მცველით დაუპირისპირდა.

პირველი ტაიმი უფერული გამოდგა და დაბალ ტემპში წარიმართა. უპირატესობას "ტორპედო" კი ფლობდა, მაგრამ ეფექტისა და შემართების გარეშე თამაშობდა.

შესვენებამდე ყველაზე რეალური სახიფათო მომენტი "ტორპედომ" შექმნა - 33-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან გიორგი ფანცულაიამ შეტევა ცენტრში კუხიანიძეს გაუგრძელა, რომელიც კარის წინ მცველებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს, მაგრამ იმდენი იტრიალა, მცველმა ბურთი მოიგერია და ვითარება განმუხტა.

ტაიმი კიდევ იმით დაგვამახსოვრდა, რომ ზუგდიდელები ძალიან ეუხეშებოდნენ ნიკა ჭანტურიას, რომელსაც მეორე ნახევარში მოედნის დატოვება მოუწია. მთავარი მოვლენები სწორედ ამ დროს განვითარდა. გაიბრწყინა ირაკლი ეხვაიამ, რომელმაც თამაშის განახლებისთანავე, ქუთაისელთა კარში აბსოლუტურად იდენტური გოლები გაიტანა.

უნდა ითქვას, რომ სტუმართა გამოცოცხლებაში თავისი როლი დარასელიასეულმა შეცვლებმაც ითამაშა: ნახევარდაცვის ცენტრში ადგილი ზვიად სიხარულიამ დაიკავა, რომელმაც შეტევები უფრო აზრიანი გახადა; მარცხენა ფლანგზე კი შოთა ლომია გააქტიურდა.

ამ უკანასკნელმა კუთხურის სიახლოვიდან ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ეხვაია მოპირდაპირე ფლანგიდან "შეიპარა" და მეკარისგან შორეულ კუთხეში თავურით ზუსტად დაარტყა - 0:1.

აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში ეს ზუგდიდელთა მე-200 გოლი გამოდგა.

ორ წუთში იგივე მოხდა. მარცხენა ფლანგზე ლომია ისევ გაექცა მცველს, ეხვაიამაც ანალოგიურ სიტუაციაში კვლავ თავურით გაიტანა, ოღონდ ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და მერეღა შეარხია ბადე - 0:2.

"ტორპედო" მხოლოდ ამის შემდეგ გამოცოცხლდა. თან, მატჩის მიწურულს ზუგდიდელებს დაღლა დაეტყოთ და ქუთაისელებმაც შტურმი მოაწყვეს მეტოქის კარზე. ამან შედეგი 79-ე წუთზე გამოიღო - მარცხენა ფლანგიდან უბილავას ჩაწოდებული ბურთი კარში თავით ბარაბაძემ გაგზავნა - 1:2. ტრავმის შემდეგ "ტორპედოს" თავდამსხმელმა უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

ბოლო წუთებიც "ტორპედოს" შტურმით მიმდინარეობდა. ხუთ წუთში ბარაბაძეს ასისტენტობა კვლავ უბილავამ გაუწია, მაგრამ ფორვარდს ამჯერად მიზანმა უმტყუნა.

კარის აღების შანსი ჰქონდათ ფირცხალავასა და კაპანაძესაც, მაგრამ ეს "ტორპედოს" დღე არ იყო.

სარაგოსას გუნდმა ბოლო 8 თამაშიდან 7 წააგო და ზედა ექვსეულში მოხვედრა ძალზე საეჭვო გახადა. ეს კი დასანანია, რადგან შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ ქუთაისელთა ასეთი ჩავარდნა წარმოუდგენელი ჩანდა.

დარასელიას გაწვრთნილებმა კი, 31 აგვისტოს შემდეგ, ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 9
ჩისკო (დინამო, თბ) 8

უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
18 დეკემბერი, ოთხშაბათი
ზუგდიდი-მეტალურგი
გურია-ზესტაფონი

19 დეკემბერი, ხუთშაბათი
სპარტაკი-დილა
ჩიხურა-სიონი
მერანი-დინამო
ვიტ ჯორჯია-ტორპედო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული