გია ისიანი: გვპირდებიან, რომ "დილას" ნორმალური დაფინანსება ექნება

AutoSharing Option
გორის "დილას" ამბავს შეგახსენებთ - წინა სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს სახელმწიფომ 2 მილიონი ლარი გამოუყო, აქედან დაახლოებით 800 000 დავალიანების დაფარვას მოხმარდა, დარჩენილი თანხით "დილა" ხელახლა დაკომპლექტდა და ევროპალიგაზე სამი ეტაპი ითამაშა, რითიც კიდევ დაახლოებით მილიონი ლარი გამოიმუშავა.

სეზონის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კი კლუბი ისევ ელის დაფინანსებას, ფეხბურთელებს კონტრაქტები დაუსრულდათ, ირაკლი მოდებაძე თბილისის "დინამოში" გადავიდა, გრიგოლ დოლიძე და გიორგი გურული "ზესტაფონში" წავიდნენ და, საკითხავია, ვინ დარჩება "დილაში" და, საერთოდ, რა დაფინანსება ექნებათ გორელებს.

ამის გასაგებად "დილას" მენეჯერ გია ისიანს
დავუკავშირდით, რომელმაც ეს გვითხრა:

"ჯერაც ველოდებით ბიუჯეტის დამტკიცებას, რაც წლის დასაწყისშივე უნდა მოხდეს. გორის გამგეობა და მაჟორიტარი დეპუტატი გვპირდებიან, რომ "დილას" ნორმალური დაფინანსება ექნება.

იმედიანად ვართ, თურქული შეკრებაც გვაქვს დაგეგმილი. ვფიქრობ, კლუბების დაფინანსებამ სისტემური სახე უნდა მიიღოს, ისეთი პროექტი უნდა განხორციელდეს, რომელიც გრძელვადიანი იქნება და, შესაბამისად, იმის საშუალებასაც მოგვცემს, რომ დახარჯული ფული გაცილებით ნაყოფიერი აღმოჩნდეს საფეხბურთო კლუბებისთვის".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ