მათე ცინცაძე: თბილისის "დინამოში" თამაში ჩემი ოცნება იყო

AutoSharing Option
ფოტოზე: მათე ცინცაძე N13

თბილისის "დინამოში" ჩარიცხული 6 ახალი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი - ქუთაისის "ტორპედოს" აწ უკვე ყოფილი მოთამაშე, საყრდენი ნახევარმცველი მათე ცინცაძეა.

ის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლავთ. მისი დამსახურებაცაა, რომ ვასილ მაისურაძის გუნდმა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო;

ცინცაძის წვლილია 2013 წლის მიწურულს 19-წლამდელთა ნაკრების მიერ მოპოვებული ელიტრაუნდის საგზურშიც (ჩვენმა გუნდმა ჯგუფში ჰოლანდია ჩამოიტოვა და პირველი ადგილი დაიკავა).

ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ამ გუნდის თითოეული ფეხბურთელის ბედი მნიშვნელოვანია, რადგან 25, 27
და 30 მაისს 19-წლამდელებს ისრაელთან, ჯგუფის მასპინძელ შვეიცარიასა და კვიპროსთან გადამწყვეტი მატჩები ელით, შესაბამისად, ფეხბურთელების მზადყოფნასა და სათამაშო პრაქტიკაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ცხადია, "დინამოში" ტრანსფერით გახარებულია თავად ცინცაძეც:

"ქუთაისის "ტორპედოში" მომხდარი მოვლენების შემდეგ ჩემით, როგორც მითხრეს, რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული. მათ შორის იყვნენ რუსეთის პრემიერლიგისა და პირველი ლიგის გუნდები და იქ სინჯებსაც მთავაზობდნენ.

მათ გარდა, საქართველოს ჩემპიონატის წამყვანი კლუბებიც მიწვევდნენ, მაგრამ არ დავმალავ, თბილისის "დინამოს" ვარიანტი რომ გამოჩნდა, სხვა გუნდებზე ფიქრი დავამთავრე.

ეს ტრანსფერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, რადგან "დინამოში" თამაში ჩემი ოცნება იყო და ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს.

ისიც კარგად მესმის, რომ ქვეყნის საუკეთესო გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაჯავშნილი არავის აქვს, საამისოდ დიდი კონკურენციის დაძლევა და შრომა დამჭირდება. დიდ გუნდში სხვაგვარად არც იქნება და იმედია, "დინამოში" ადგილს მაინც დავიმკვიდრებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საინტერესო ტრანსფერები თბილისის "დინამოში"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული