"ლამის ქუჩა-ქუჩა ვეძებდით მოთამაშეებს და ვარჯიშზე საჭმლით მოსვლას ვთხოვდით"

AutoSharing Option
გიორგი დემეტრაძე ქუთაისის "ტორპედოში" პრეზიდენტის პოსტზე მიიწვიეს. მაგრამ ამ თანამდებობაზე მისი დამტკიცება ჯერ ვერ მოხერხდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი შემტევი კლუბში არსებულ რთულ ვითარებაზე გვიყვება...

- სეზონი მალე განახლდება. როგორ შეაფასებდით "ტორპედოს" დღევანდელ მდგომარეობას?
- დაკომპლექტება უკვე დავასრულეთ, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ორიოდე ლეგიონერი დავიმატოთ. ყველაფერი ფინანსებსა და ბიუჯეტზეა დამოკიდებული. რა გვექნება, ეს ჯერ ზუსტად კიდევ არ ვიცით.

- "ვისოლის" დატოვებული 350 ათასი ლარი, პლუს ფედერაციის მხრიდან კლუბებისთვის დასარიცხი თანხა, სავარაუდოდ, 200 ათას ლარამდე, ამბიციურ კლუბს ეს არ ეყოფა...
- შეკრება ვერ
ჩავატარეთ, ფორსმაჟორში ვემზადებოდით. ასეთ პირობებში, საგაზაფხულო ეტაპის მატჩებში გაგვიჭირდება. 26 თებერვალს პირველი მატჩი ქუთაისში, მარტვილის "მერანთან" გვაქვს და ზურაბ იონანიძე გვემუქრება - გუნდი კარგად მოვამზადეთ და მოგიგებთო. ალბათ, სხვა გუნდები ჩვენზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან. მაგრამ სხვა რა გზაა, სეზონი უნდა ჩავამთავროთ. მალე ყველაფერი გაირკვევა.

- უცხოურ შეკრებაზე ვერ გაემგზავრეთ, მაგრამ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი კი მიიწვიეთ...
- ჩვენ რომ გვსურდა, ყველა ის მოთამაშე მაინც ვერ მოვიყვანეთ. ან როგორ უნდა ვიყო კმაყოფილი, როცა შეკრება, ფაქტობრივად, ვერ გავიარეთ. ვვარჯიშობდით, მაგრამ ეს სრულფასოვანი შეკრება არ არის. საღორიის ბაზის სასადილოში ვერ შევდიოდით. ფეხბურთელებს კვების საკითხი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, მერიასთან შეხვედრის შემდეგ მოვუგვარეთ. სახლებში ჭამდნენ და ისე მოდიოდნენ ბაზაზე. 21-ე საუკუნეში ასე არ ხდება. მაგრამ გამოცდილი მწვრთნელი გვყავს და იმედია, რეზო ძოძუაშვილი მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბებას მოახერხებს.

- ზოგადად ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე რას იტყვით?
- კატასტროფული სიტუაციაა. ძალიან გვიჭირს კლუბებსაც, ბავშვთა ფეხბურთსაც და, რაც ყველაზე ცუდია, ყოველდღე ვხედავთ, რომ უკან-უკან მივდივართ.

- ცნობილია, რომ სახელმწიფო ფეხბურთში ფულის დაბანდებას აპირებს. მაგრამ დეტალები უცნობია. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? კლუბებს დააფინანსებენ?
- ზოგადად ითქვა, რომ კლუბები ფულს მიიღებენ და პლუს ამას, ეროვნული ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეიქმნება, საიდანაც კლუბებში დამატებითი თანხები შევა. საერთოდ, სახელმწიფოს დაინტერესება ძალიან მაიმედებს. ეს სერიოზული განაცხადია საიმისოდ, რომ ფეხბურთი განვითარდეს. ჩვენ კი ახლა ერთი საზრუნავი გვაქვს - რამენაირად წლევანდელი სეზონი გადავიტანოთ და ამოვისუნთქოთ.

- რამდენად შეეფერება სიმართლეს მოსაზრება, რომ სახელმწიფო ფეხბურთში თანხებს არ ჩადებს, სანამ ფედერაციაში ზვიად სიჭინავა და დღევანდელი მმართველები იქნებიან?
- არ ვიცი, სიმართლეა თუ არა, მაგრამ სიჭინავა იქნება თუ სხვა ვინმე, დახმარება ფეხბურთს უნდა და არა კონკრეტულ პრეზიდენტს. სხვაგვარად გაგვიჭირდება. მე "ტორპედოს" მაგალითს ვიტყვი და თავად განსაჯეთ - გუნდი, რომელიც საქართველოს სამგზის ჩემპიონია და თბილისის "დინამოს" ყოველთვის ღირსეულ მეტოქეობას უწევდა, ჩვენი მისვლის დროს 22-მა მოთამაშემ დატოვა.

ფილმი რომაა, "ფეოლა", ხომ გახსოვთ? აი, იპოლიტე ხვიჩიას გმირივით, ჩვენც ლამის ქუჩა-ქუჩა ვეძებდით მოთამაშეებს და გასინჯვაზე ვიწვევდით, თანაც ვთხოვდით, ვარჯიშებზე თავიანთი საჭმლით მოსულიყვნენ.

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ბევრი კლუბია. პირველ და მეორე ლიგებშიც ხომ ჩვენი გუნდებია?! იქ საერთოდ, კატასტროფაა! არადა, ფეხბურთელები ამ გუნდებში უნდა გაიზარდონ. პირობები და შეკრებები თუ არ იქნება, ფეხბურთელი ციდან არ ჩამოვარდება.

- "ტორპედოში" ბევრი რამაა გაურკვეველი, მათ შორის, თქვენი ფუნქციაც...
- კლუბის პრეზიდენტობა შემომთავაზეს, მაგრამ ჯერ მხოლოდ სპორტული დირექტორი ვარ, რადგან ოფიციალურად კლუბი ისევ კომპანია "ვისოლს" ეკუთვნის. ასე რომ, პრეზიდენტად ჩემი დამტკიცება ჯერჯერობით არ გამოდის. კლუბის გადაბარების პროცესი რომ დასრულდება, ეს ფორმალური საკითხიც მოგვარდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
რატო წავიდეს? წარმატებები ტორპედოსთან ერთად....
გიგა
23:16 02-03-2014
0
წარმატებები დემე
ლუკა
20:24 23-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული