ამირან მუჯირი - 24 სეზონი დიდ ფეხბურთში!

AutoSharing Option
ვფიქრობთ, აღსანიშნავი ამბავია - 20 თებერვალს ბათუმის "დინამოს" კაპიტანი ამირან მუჯირი 40 წლის გახდა.

1991 წელს, 16 წლის ასაკში დაწყებულ კარიერას ის დღემდე აგრძელებს და თანაგუნდელი ახალგაზრდებისთვის სამაგალითოა ვარჯიშებზეც და ცხოვრებაშიც. სხვაგვარად, აქამდე ვერც ითამაშებდა - სპორტს ხომ შრომა, ვარჯიში და ჯანმრთელობა სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ 23-წლიან კარიერაში მუჯირმა 6 ქვეყნის (საქართველო, ისრაელი, ბულგარეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, აზერბაიჯანი) ათ კლუბში ითამაშა, 2-ჯერ კი ეროვნული ნაკრების ფორმა მოირგო - დებიუტი 1997 წლის 29 მარტს, სომხეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა, რომელიც "ჯვაროსნებმა" 7:0 მოიგეს.

მუჯირისთვის განსაკუთრებით წარმატებული სახელგანთქმულ ბულგარულ კლუბ სოფიის ცსკა-ში გამოსვლის პერიოდი იყო, როცა ის ამ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, 2005 წელს კი ბულგარეთის ჩემპიონის ოქროს მედალიც ხვდა წილად. თუმცა ჩემპიონის ტიტული პირველად 1999 წელს, თბილისის "დინამოს" მაისურით მოიპოვა.

40 წელს გადაცილებული ფეხბურთელებიდან საქართველოში ბევრს არ უთამაშია. მხოლოდ რამდენიმეს გახსენება შეიძლება - მერაბ მეგრელაძე, ალკაზარ ქანთარია, მელორ ბიგვავა, ზვიად ენდელაძე. ეს უკანასკნელი მოედნის მოთამაშეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული იყო - 2010 წელს, როცა მისი ვაჟი ავთო ენდელაძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში და ზუგდიდის "ბაიაში" იწყებდა კარიერას (2013 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს), დიდი ენდელაძე კარიერას ხარაგაულის "ჩხერიმელაში" ამთავრებდა - მაშინ ის 44 წლის გახლდათ.

მერაბ მეგრელაძე უფრო "ახალგაზრდა" წავიდა - ქუთაისის "ტორპედოსა" და ლანჩხუთის "გურიას" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ბუცები ლურსმანზე 43 წლის ასაკში ჩამოჰკიდა.

რეკორდსმენი კი მელორ ბიგვავაა - ის ჯერ ზუგდიდის "ოდიშში" თამაშობდა და 3-ჯერ ეროვნული ნაკრების ფორმაც მოირგო. მერე, მთელი 14 წელი, გერმანიის ქვედა ლიგებში ითამაშა, კარიერა კი 46 წლისამ "კოლერბახში" დაასრულა.

აქვე ვიტყვით, რომ 40 წლამდე ცოტა დააკლდათ ზურაბ იონანიძეს, ოთარ კორღალიძესა და მეკარეებს - რეზო ნაჭყეპიასა და გია ჭანტურიას.

სხვათა შორის, 1991/92 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატში გატანილი 40 გოლისთვის კორღალიძეს "ოქროს ბუცზეც" უნდა ჰქონოდა პრეტენზია, მაგრამ მაშინ ევროპაში საქართველოს ჩემპიონატს სათვალავში არ აგდებდნენ, ხოლო შემდგომი წლებიდან "ოქროს ბუცის" ლაურეატის გამოვლენა ახალი ფორმულით დაიწყეს...

გავიხსენოთ 1992/93 წლების სეზონი, როცა მეგრელაძემ 41, ხოლო 1995/96 წლებში ზვიად ენდელაძემ 40 გოლი გაიტანა. ამ წლებში მსგავსი შედეგი ევროპის არც ერთი ქვეყნის ბომბარდირს არ ჰქონია.

სხვათა შორის, ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე განაცხადში 3 წლის წინათ მოხვდა. პირველი ლიგის ერთ-ერთი გუნდის, ამბროლაურის "რაჭას" განაცხადში 50 წლის მეკარე ელდარ გობორელიანი შეიყვანეს. ცხადია, ამ შემთხვევაში მთავარი მონაწილეობა და რეკორდის გაუმჯობესება იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული