კლუბის მეპატრონის გადაწყვეტილება "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახი გოგიჩაიშვილმა ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე გაახმოვანა:
"რადგან "დინამოს" გაახალგაზრდავება გადაწყდა, სწორედ ამის შედეგია "დინამო 2"-ის დაშლა. გუნდმა მიიჩნია, რომ ეს ზედმეტი შუა რგოლი იყო. ვისაც საჭიროდ ჩავთვლით, მთავარ გუნდში დავაწინაურებთ".
ამ გადაწყვეტილების შედეგად, "დინამოს" მიღმა დარჩა თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომლმაც შარშან გია ცეცაძის გაწვრთნილ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.
"სეზონი დასრულებული იყო და ვისვენებდი, როცა მითხრეს, რომ დიღმის
საწყენია, "დინამოში" თავის გამოჩენა მსურდა... სხვა რა გზა იყო, დავთანხმდი. ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტეთ", - ამბობს ზივზივაძე.
წინა სეზონში 20 წლის თავდამსხმელმა მაშინდელი პირველი ლიგის ბინადარ "დინამო 2"-ის შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა, თან ორივე ზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ზივზივაძე უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ბათუმის "დინამოში" გაუშვეს, მაგრამ ეს სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, თბილისის "დინამოდან" ჩეხი სპეციალისტი მიხალ ბილეკი რომ დაითხოვეს და გუნდის გაახალგაზრდავება დაიწყეს. მის ნაცვლად დანიშნულმა კახი გოგიჩაიშვილმა კი პერსპექტიული ფეხბურთელების შეკრება დაიწყო და ზივზივაძე უკან დააბრუნა. თუმცა ფორვარდმა ახალი ფორმაციის "დინამოში" ფეხი ვერ მოიკიდა.
ზივზივაძე იმ მიზეზზე ლაპარაკობს, რამაც, მისი აზრით, თავის გამოჩენაში შეუშალა ხელი:
"ყველაფრის მიზეზი სათამაშო პრაქტიკის არქონაა. თითქმის არც მითამაშია და მერე "დინამო 2"-ში დამაბრუნეს.
მთავარ გუნდში ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ ვითამაშე, როცა რუსთავის "მეტალურგთან" 0:3 წავაგეთ. მაშინაც, ბოლო 23 წუთი მათამაშეს. მანამდე, გორის "დილასთან" ამხანაგურ შეხვედრაში დამაყენეს, რაც არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ გუნდს შევგუებოდი.
დასამალი რა არის, იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან "დინამოს" აკადემიიდან მოყოლებული, გუნდის ძირითადში მოსახვედრად ვიბრძოდი და მეგონა, ეს რეალური იყო.
ისე, თავიდან ყველაფერი კარგადაც ამეწყო, როცა დუბლებში გადამიყვანეს. თუ გუნდს სადმე ვჭირდებოდი, ვთამაშობდი და გულდასაწყვეტია, ასე რომ წამოვედი".
ზივზივაძეს ახლა რამდენიმე ვარიანტი აქვს:
"რადგან საკითხი ასე დადგა, წამოსვლა მეც სასურველად ჩავთვალე, რადგან ახლა ყველაზე მეტად სათამაშო პრაქტიკა მჭირდება და არა - კარგი ხელფასით რომელიმე გუნდში მოწყობა. 20 წლის ვარ და ახლა თუ არ ვითამაშე, ვერ გავიზრდები.
ქუთაისის "ტორპედოდან" და მარტვილის "მერანიდან" უკვე დამიკავშირდნენ, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია, რომელ გუნდში გადავალ და არჩევანის გაკეთებას არც ვჩქარობ.
ხომ გახსოვთ, ზაფხულში ბათუმის "დინამოში" რომ ვიყავი და დამაბრუნეს? მეგონა, ვითამაშებდი, მაგრამ თბილისში დამაბრუნეს და ისევ პირველ ლიგაში თამაში მომიხდა. ასე რომ, ახლა უნდა დავფიქრდე და ისეთ გუნდში წავიდე, სადაც მათამაშებენ".
აქვე გეტყვით, რომ ზივზივაძის მიმართ ინტერესი "ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფრუიძემ დაგვიდასტურა:
"ბუდუ კარგი თავდამსხმელია და გარდა ამისა, ვიცით, რომ წესიერი ახალგაზრდაა. მისი მიწვევა იმიტომაც გვსურს, რომ ქუთაისელია. საკუთარ სახლში კი ფეხბურთელი სულ სხვაგვარად იხსნება და თამაშობს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"