ვარლამ კილასონია: კლუბი "მეტალურგი", როგორც ასეთი, არც არსებობს!

AutoSharing Option
მთელი პირველი წრის განმავლობაში "მეტალურგი" ყველას აოცებდა: უმაღლესი ლიგის კლუბებიდან ფინანსურად ყველაზე შეჭირვებულ გუნდს სეზონის წინ არც მოსამზადებელი პერიოდი გაუვლია და ჩემპიონატის მსვლელობისასაც უამრავი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ, ყველასათვის მოულოდნელად, რუსთაველები ერთობ გააზრებულ და თვალსასეირო თამაშს უჩვენებდნენ და ზამთრის პაუზასაც ერთობ საპატიო, VI ადგილზე შეხვდნენ.

რაც მთავარია, გუნდის ძირითად ბირთვს ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღზრდილები შეადგენდნენ და "მეტალურგს" რომ მინიმალური ხელშეწყობა ჰქონოდა, დიდი იყო იმის ალბათობაც, რუსთაველებს პირველი წრე სულაც... ზედა სამეულში დაესრულებინათ.

ასეა თუ ისე, დიდი ხნის განმავლობაში ენთუზიაზმზე მოასპარეზე ახალგაზრდული
გუნდის ასპარეზობა პირველ წრეში მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულად უნდა შეფასდეს.

ამაში კი ლომის წილი "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას მიუძღვის, რომელსაც მშობლიური ქალაქის გუნდის გაძღოლა, როგორც წესი, არცთუ სახარბიელო პერიოდში უწევს ხოლმე.

ვარლამ კილასონიას 28 დეკემბერს, რუსთავში, "ფოლადის" სტადიონზე შევხვდით და პირველი წრის შეფასება ვთხოვეთ, თუმცა "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელთან სხვა საკითხებზეც ვისაუბრეთ, მით უფრო, რომ დღესდღეობით გუნდში კვლავაც გაურკვევლობაა...

- თუ გავითვალისწინებთ იმ სიტუაციას, "მეტალურგი" რომ სეზონის დასაწყისში იყო, პირველი წრის საბოლოო შედეგი, რაღა თქმა უნდა, წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში კლუბი მფლობელობაში კერძო პირებს გადაეცა, ამას მოჰყვა ფეხბურთელების გადინება სხვა გუნდებში, დაჩქარებული წესით მომზადება ახალი სეზონისათვის და აქცენტის აღება ადგილობრივ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე.

- ასეთ შემთხვევაში, გუნდის მიზანი რა უნდა ყოფილიყო?
- უმთავრესი მიზანი, რაღა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა ყოფილიყო; ამისათვის კი საჭირო იყო, რომ ყოველ კონკრეტულ მატჩში გუნდს ბოლომდე ებრძოლა და რაც შეიძლება მეტი ქულა მოეპოვებინა.

- ეს გეგმა "გადაჭარბებით" შესრულდა, თანაც "მეტალურგი" თასის მეოთხედფინალშიც გავიდა...
- ჩემი ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებს მუდამ იმას ვეუბნებოდი, რომ ბრძოლა და წარმატების მიღწევა ყველა გუნდთან შეიძლებოდა; მთავარი იყო, თავდადებით და სწორად გვეთამაშა და ასეც მოხდა.

- მოკლედ, შედეგების მიხედვით, უკმაყოფილების საბაბი არ უნდა გქონდეთ...
- არ დაგავიწყდეთ, რომ მესამე ადგილს მხოლოდ 2 ქულით ჩამოვრჩებით; თუმცა, ძალიან დიდი იყო იმის შანსიც, რომ პირველი წრე ზედა სამეულში დაგვესრულებინა...

- რას გულისხმობთ?
- გუშინ თუ გუშინწინ არ დამიწყია მწვრთნელობა და ჩემზე ვერავინ იტყვის, ამა თუ იმ წარუმატებლობას არბიტრებს აბრალებსო. თუმცა, პირველ წრეში, სულ მცირე, 6-7 ქულა "წაგვართვეს": ხან - არასწორად პენალტი დაგვინიშნეს (ან პირიქით - ჩვენ სასარგებლოდ არ დანიშნეს), ხან წესებით გატანილი გოლი არ ჩაგვითვალეს (ან - პირიქით), აღარაფერს ვამბობ "წვრილმან" ჯარიმებზე და ასე შემდეგ.

ეტყობა, "უპატრონო" გუნდი რომ ვიყავით. აი, ასეთი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ ჩვენ მიმართ, თუმცა მხოლოდ ეს არ იყო იმის მიზეზი, უფრო მეტი ქულა რომ ვერ მოვაგროვეთ.

- ალბათ, გუნდის არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობას გულისხმობთ...
- არამხოლოდ გუნდში, საერთოდ, კლუბშიც კატასტროფული სიტუაციაა და ძალიან მეეჭვება, "მეტალურგმა" ლიცენზირების მოთხოვნები რომ დააკმაყოფილოს. რამდენი შემთხვევა იყო, როცა სტადიონს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდებოდა (გადაუხდელობის გამო); აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გუნდს არც მოსამზადებელი პერიოდი გაუვლია, თამაშის წინა დღეს შეკრებებიც მონატრებული გვქონდა და საერთოდაც, როგორც მწვრთნელს, არც ერთი დაგეგმილი დღე არ მქონია.

მეტსაც ვიტყვი: კლუბი, როგორც ასეთი, არც არსებობს! ისე, როგორც არ არსებობს კლუბის მენეჯმენტი...

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ფეხბურთელებთან სახელფასო დავალიანება აღარ არსებობს...
- ორი თვის (ივლისისა და დეკემბრის) ხელფასები ჯერ კიდევ დასარიგებელია, თუმცა, ფეხბურთელების გარდა, ამ კლუბში ხომ სხვებიც არიან დასაქმებულნი: თქვენც კარგად ამჩნევთ, რა ანტისანიტარიაა ჩვენს ბაზაზე; "ფოლადის" სტადიონის ტრიბუნები ბოლოს როდის დასუფთავდა, ალბათ, ესეც ბევრს აღარ ახსოვს.

ისე, ფეხბურთის ფედერაციას ფული რომ არ ჩაერიცხა ჩვენთვის, ვერ გეტყვით, მოვლენები როგორ განვითარდებოდა.

- პირველ წრეში რამდენჯერმე გაიჟღერა ცნობამ იმის შესახებ, რომ სახელფასო დავალიანების გამო "მეტალურგი", საერთოდ, თამაშ(ებ)ზე გასვლას არ აპირებდა...
- მე იმას დაგიდასტურებთ, რომ სავარჯიშო პროცესი რამდენჯერმე მართლაც ჩაიშალა და, სხვათა შორის, სწორედ ეს იყო კიდეც "მერანთან" საშინაო მარცხის ერთ-ერთი მიზეზი. რაც შეეხება ამა თუ იმ მატჩის ბოიკოტს, კლუბის ხელმძღვანელებს, ალბათ, ეს პრობლემად არ მიაჩნდათ...

- ბოიკოტის შემთხვევაში ხომ გუნდს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვლებოდა?
- არა, მატჩი მაინც შედგებოდა: თურმე, ჩვენი ძირითადი გუნდის სანაცვლოდ II ლიგაში მოასპარეზე "მეტალურგი 2" გამოვიდოდა, როგორც ფარმკლუბი. ახლა კი ის ინფორმაცია მინდა გავაჟღერო, სულ ახლახან შევიტყვე: "მეტალურგის" ძირითადი გუნდის ფეხბურთელები საახალწლოდ იმ დარჩენილი ორი თვის (ივლისი-დეკემბერი) ხელფასს ვერ მიიღებენ; სამაგიეროდ, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, მეორე ლიგაში მოასპარეზე "მეტალურგი 2"-ის ყველა წევრს ხელფასი აუღია!

აი, ასეთ სრულ გაურკვევლობაში ვართ და რა იქნება ხვალ და ზეგ, ძნელი სათქმელია.

- და როგორ ფიქრობთ, რა იქნება ხვალ თუ ზეგ?
- მიჭირს პასუხის გაცემა, თუმცა იმას კი დანამდვილებით გეტყვით, რომ ჩვენი კლუბიდან გათავისუფლების ფურცელი აიღო ყველა იმ ადგილობრივმა მოთამაშემ, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს "მეტალურგის" წარმატებულ ასპარეზობაში: ვარლამ კილასონიამ (უმცროსმა), გიორგი ქავთარაძემ, კახაბერ კაკაშვილმა, გიორგი ნარიმანიძემ, დავით გელაშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ორ რუსთაველ ახალგაზრდას, გიორგი კილასონია და ოთარ კიტეიშვილი თბილისის "დინამოდან" იჯარით გვყავდა და ამ გუნდს უბრუნდებიან.

- აბა, ვინღა რჩება "მეტალურგში?
- ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე ჩვენი გუნდის 16-17 წლის ბიჭები და გამოცდილი მეკარე გრიგოლ ბედიაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ ამ სეზონის დაწყების წინ აპირებდა კარიერის დასრულებას, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა გაითვალისწინა და პირველი წრეც შეუცვლელად ჩაატარა.

თუმცა, რომელ ვარჯიშზეა ლაპარაკი, როცა ბოლო ტურის მერე სტადიონზე არც შუქი იყო და არც წყალი?!. ახლაც, ბიჭების თხოვნითა და ხათრით ჩამოვდივარ სტადიონზე; არადა, მინდა ყველამ იცოდეს, რომ "მეტალურგის" ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას მსურველი არ აკლია, მაგრამ ბიჭები მაინც ფეხს ითრევენ: იქნებ რუსთავში სიტუაცია გამოსწორდესო.

- თვითონ თქვენ რას აპირებთ?
- თუ ასე გაგრძელდება, ალბათ, მეც მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას - რა დასამალია და მეც მაქვს რამდენიმე ქართული გუნდიდან შემოთავაზება. თუმცა, ჩემთვის ეს ქალაქი და ეს გუნდი ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ზოგიერთს წარმოუდგენია.

თანაც, თუ ფეხბურთელი არ მეყოლება, რაც უნდა ვიშრომო, შედეგს ვერ მივაღწევ.

ისე, ზოგიერთ ჩემს "კეთილისმსურველსაც" ეგონა, რომ 6-7 ტურის მერე საკუთარი სურვილით წავიდოდი "მეტალურგიდან" - მოუმზადებელი და უფულო გუნდით შედეგს მაინც ვერ მიაღწევსო, ალბათ, ასე ფიქრობდნენ...

- ბოლოს და ბოლოს, დღესდღეობით კლუბის მფლობელი ვინ არის?
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამა წლის ზაფხულიდან კლუბის 100 პროცენტის მფლობელი კახა მენთეშაშვილი გახლავთ, თუმცა, ის უკვე აღარ ვიცი, მის უკან ვინ თუ რამდენი ადამიანი დგას. მაგრამ ფაქტია, ბევრს ჰქონდა კლუბის სათავეში ყოფნის სურვილი...

- არცთუ დიდი ხნის წინათ "მეტალურგის" ხელმძღვანელობაში მოსვლის სურვილი გამოთქვეს თბილისის "დინამოს" დირექტორატის ყოფილმა წევრებმა - ლერი სულაბერიძემ და ნუკრი კაკილაშვილმა...
- ყველამ კარგად ვიცით "დინამოში" მათი მოღვაწეობის შესახებ და, აქედან გამომდინარე, გარკვეული იმედიც გაგვიჩნდა. ანუ ეს პიროვნებები ტყუილად არ დაინტერესდებოდნენ და ისიც ვიცით, რომ გარკვეულ გზებს ეძებენ "მეტალურგის" ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად. თანაც, ისიც ვიცით, რომ თუ ისინი რაიმეს შეგვპირდებიან, ესე იგი, გააკეთებენ კიდეც...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სადამდე უნდა გაგრძელდეს სამინისტროს უმოქმედობა-ალბათ ფედერაციის გაახლებამდე.არიან კი სამინისტროში დარწმუნებულები,რომ ფედერაციის გაახლებამდე თვითონ იქნებიან კი თანამდებობაზე?აფსუს მიშა,ერთს დაურეკავდა და ერთმანეთს გაასწრებდნენ ფედერაცია და სამინისტრო
geronti
02:15 30-12-2014
0
16-ანი არ ვარგა და იმიტომაც არის მე-6
farsunka
16:49 29-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული