სპონსორის გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ კლუბს ფინანსები გაუჩნდა, რაც ქართული საკლუბო ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის ფონზე, უთუოდ სასიხარულო ამბავია.
"ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფრუიძემ "ლელოსთან" საუბრისას დაადასტურა, რომ კლუბს ახალი სპონსორი ჰყავს:
"დიახ, ახალი წლიდან ჩვენი სპონსორი "ევროპაბეთი" გახდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ივალდებულა, რომ წლის განმავლობაში ერთხელ ახალ ეკიპირებას გვიყიდის ან შეკრებაზე გაგვამგზავრებს. გარ
გუნდს დიდი მოთხოვნა აქვს და შესაძლოა, მეტის სურვილი გვქონდა, მაგრამ ეს იმ დროს ხდება, როცა ქართული ფეხბურთით კერძო ბიზნესი არ ინტერესდება.
გარდა ამისა, დღეისთვის "ტორპედო" ეროვნულ ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა და ცხადია, ასეთი პოზიციით ჯერ სასურველ კონტრაქტს ვერ გავაფორმებდით. ამის გათვალისწინებით, სპონსორის მოძიების ფაქტი მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია. მთავარია, ურთიერთობები ჩამოყალიბდა და მჯერა, სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება", - ამბობს ფრუიძე.
"ტორპედოს" აღმასრულებელ დირექტორს სხვა სპონსორების მოზიდვის იმედიც აქვს:
"მოლაპარაკება კიდევ რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს. შედეგებს მალე შეიტყობთ. ყველაფერი ისევ ჩვენზეა დამოკიდებული - თუ გუნდი სატურნირო მდგომარეობას გამოასწორებს, სხვა სპონსორებიც გამოჩნდებიან".
ცნობილია, რომ კომპანია "ვისოლმა" "ტორპედოს" ანგარიშზე 500 ათასი დოლარი დატოვა. გარდა ამისა, ქუთაისურ კლუბს 100 ათასი ლარი ჩაურიცხა ქუთაისის მერიამ; გარკვეულწილად, გუნდს ფეხბურთის ფედერაციაც შეეშველა.
ფრუიძე მიიჩნევს, რომ ახლა გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ეკუთვნის:
"ფეხბურთის განვითარებისთვის ყველაზე მეტის გაკეთება სახელმწიფოს შეუძლია. წლევანდელი მწირი დაფინანსების მიუხედავად, მაინც მაქვს იმედი, რომ სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. სხვაგვარად ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია.
ახლა თავისი პირადი დამოკიდებულება თუ წყენა ყველამ უნდა დაივიწყოს და საქმეს მიხედოს. სამწუხაროდ, სწორედ ასე ჩანს, რომ საკითხები პიროვნული დამოკიდებულებებით წყდება. არადა, აქ პირადი ამბიციების ადგილი არ არის".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"