ამის შემდეგ ფეხბურთელის კვალს ვერსად მივაკვლიეთ. ისე გამოვიდა, რომ მათეს მომავალზე საუბარს და მისი ადგილსამყოფელის დაკონკრეტებას ყველა ერიდებოდა.
და აი, მოულოდნელად, კვირკვიამ შეცვლაზე ითამაშა თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში და გიორგი მიქაძის გაწვრთნილ "ზესტაფონს" საგოლე პასითაც შეეწია.
სად იყო კვირკვია ამდენ ხანს? პირველად ფეხბურთელს ეს კითხვა დავუსვით და ძალიან საინტერესო ამბებიც შევიტყვეთ...
- როგორი სიტუაცია დაგხვდათ ყაზანურ კლუბში?
- ძალიან კარგი. ჯერ ერთი, საბა კვირკველია და მამუკა კობახიძე მაგრად დამიდგნენ გვერდში. სხვა ფეხბურთელებიც. რუსული არ მესმოდა თავიდან და ყველა მეხმარებოდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი დინიარ ბილიალეტდინოვი ძალიან კარგი, უშუალო ადამიანია.
- მას თუ ესაუბრეთ?
- კი, ველაპარაკე. მითხრა, ზაფხულამდე ჯანზე მოდი და გელოდებით, შენი იმედი გვაქვსო. მეც თავს არ დავზოგავ.
- გულწრფელად გვითხარით, არ გაგიჭირდათ? თუნდაც ფიზიკურად...
- საქართველოს ჩემპიონატისგან ძალიან დიდი სხვაობა არ არის. მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაშია სოლიდური განსხვავება. ეს "რუბინის" მესამე შეკრება იყო. ძირითადად, ბურთთან ვვარჯიშობდით და არ გამჭირვებია.
- გამოდის, რომ სერიოზულად გაქვთ "რუბინში" დამკვიდრების იმედი...
- რა თქმა უნდა. მჯერა, ზაფხულში კონტრაქტს დავიმსახურებ.
- ყაზახური "აქტობეს" ვარიანტი საბოლოოდ ჩაიშალა?
- 90 პროცენტით გადაწყვეტილი იყო "აქტობეში" ჩემი წასვლა. უცებ "რუბინის" ვარიანტი გამოჩნდა და ბევრი აღარ მიფიქრია - უარი ვუთხარი ყაზახებს. ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ "რუბინი" უკეთესი გუნდია.
- სეზონის ბოლომდე "ზესტაფონში" ითამაშებთ?
- კი, "ზესტაფონში" ვიქნები. ძალიან კარგი, ერთ მუშტად შეკრული გუნდია. გიორგი მიქაძესთან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მიმუშავია. მადლობის მეტი რა მეთქმის - სულ ახალი მისული ვიყავი გუნდში და შეცვლაზე მათამაშა...
მგონი, "დინამოსთან" მატჩმაც გვიჩვენა, რომ ამ გუნდს ბევრი შეუძლია. თანდათან კიდევ მოვუმატებთ. შეთამაშების მომენტიცაა. მოკლედ, ყველას დიდ ბრძოლას ვპირდებით.
- როგორ გგონიათ, შეძლებს "ზესტაფონი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას?
- ჩემი აზრით, "ზესტაფონის" გავარდნა გამორიცხულია. აქვე მინდა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვუსურვო ჩემს ყოფილ კლუბს, "ვიტ ჯორჯიას", რომელმაც ძალიან ბევრი მომცა. ვიცი, ცოტა ნაწყენები არიან ჩემზე.
- რატომ?
- სეზონი რომ არ დავასრულე ამ გუნდში. მართლა ძალიან მიყვარს "ვიტ ჯორჯია", მაგრამ ზაფხულისთვის "ზესტაფონში" უკეთ მოვემზადები.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"