ცხინვალი-დინამო (თბ) 4:1 - მტკივნეული რევანში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ცხინვალი" პირველ წრეში აღმავლობის გზაზე იდგა, როცა თბილისის "დინამოსთან" 1:6 დამარცხდა. ეს კახა კაჭარავას გაწვრთნილებისთვის მტკივნეული დარტყმა კი იყო, მაგრამ გუნდი შოკიდან გამოვიდა, ათამაშდა და ახლა სამეულში მოსახვედრად იბრძვის.

დინამოელები უპირატესობასაც ფლობდნენ და ისე თამაშობდნენ, მათ გამარჯვებაში დაეჭვებაც ძნელი იყო და ანგარიშიც დასაწყისში გახსნეს: მარცხენა ფლანგიდან საბა ლობჟანიძემ საჯარიმო შეასრულა, ბურთი კარში კი თავით მათე ცინცაძემ გააგზავნა - 0:1.

შემდეგში აღმოჩნდა, რომ ეს თბილისელებისთვის საიუბილეო გოლი იყო. მათ ეროვნულ ჩემპიონატებში მეტოქეთა კარში უკვე 2000 გოლი გაიტანეს.

ეფექტური და დასამახსოვრებელი გამოდგა
ლობჟანიძის შეტევა, რომლის დარტყმული ბურთიც მეკარე გიორგი ნადირაძემ ნახტომში მოიგერია. ოთარ კაკაბაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის აღებას ვახტანგ ჭანტურიშვილი ძლიერი დარტყმით შეეცადა და ბურთი ძელს მოხვდა. "დინამოს" უპირატესობის გაზრდა მანუელ ოვნუსაც შეეძლო, რომელმაც ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარს ახლო მანძილიდან ააცილა.

გაუგებარი მიზეზის გამო დინამოელები მოეშვნენ და ამისთვის სამართლიანად დაისაჯნენ. "ცხინვალმა" კი სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა. კახა კაჭარავას შეფუცხუნებამ მოთამაშეები გამოაფხიზლა: ჯერ იყო გიორგი ივანიშვილის მწვავე შეტევა, როცა მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ გაანეიტრალა. მერე კი მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს: შეტევაში კარგად ჩაერთო მარცხენა მცველი ვასიკო ბაჩიაშვილი და ივანიშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა, ხოლო ამ უკანასკნელმა შანსი გოლად აქცია - 1:1.

მალე მანუელს კიდევ ერთი შანსი მიეცა, როცა ოთარ კიტეიშვილის შეტევის დასრულება სცადა - ამჯერად, "ცხინვალი" ძელმა იხსნა.

ვერ ვიტყვით, რომ მეორე ტაიმში თბილისელებმა მომენტები ვერ შექმნეს, თავიანთი შანსები გაანიავეს ჭანტურიშვილმა და მანუელმა, მაგრამ მთლიანობაში, "დინამო" ისე გამოიყურებოდა, როგორც ამ გუნდის სახელს არ შეშვენის. და ეს იმ დროს, როცა გორის "დილასა" და ბათუმის "დინამოსთან" საჩემპიონო დავაში თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს...

მეორე ტაიმში ცხინვალელები თითოეული ბურთისთვის იბრძოდნენ და მალე დაწინაურდნენ კიდეც. ივანიშვილმა შეტევაში მარჯვენა მცველი გიგა ცერცვაძე ჩართო, რომელიც საჯარიმოში მცველს გასცდა და კართან ნიკა კაჭარავა მოძებნა, რომელმაც მცველს პოზიციური ბრძოლა მოუგო - 2:1.

73-ე წუთზე "დინამო" ისევ ჰრდლიჩკამ გადაარჩინა - სლოვაკმა მეკარემ ვარლამ კილასონიას პენალტი აუღო.

სტუმართა გულშემატკივრებს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ. კიდევ ერთი შანსი ჰქონდა მანუელს, მაგრამ საჯარიმოს სიახლოვიდან მის ძლიერ დარტყმულს მასპინძელთა მეკარე ლამაზი ნახტომით გადაეღობა. ესპანელ თავდამსხმელს თავის გამოჩენა 85-ე წუთზეც შეეძლო, როცა ჭანტურიშვილმა მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ დაახანა და მცველმა ვითარება განმუხტა.

"ცხინვალმა" კი თავისი შანსები უნაკლოდ გამოიყენა: 87-ე წუთზე ბიძინა მახარობლიძემ ბურთი საჯარიმოს კუთხესთან მიიღო და ძლიერი დარტყმით ჰრდლიჩკასგან ახლო კუთხის "ცხრიანი" შეარხია.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი შეტევა უკვე ირაკლი ლექვთაძემ გაამწვავა - მართალია, თბილისელთა მეკარემ მას აჯობა, მაგრამ დამატებაზე რატი ცაცკრიალაშვილს ვეღარაფერი მოუხერხა - 4:1.

კაჭარავას გუნდმა ევროსაგზურისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმა "დინამოსთან" რევანშით მოახერხა. რაც მთავარია, გუნდმა ლამაზი, შემტევი და გამართული ფეხბურთი აჩვენა, რაც ნებისმიერი ქართული გუნდისგან სასიხარულო ამბავია.

დინამოელებმა კი ამ წაგებით საქმე ძალიან გაირთულეს. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ლიდერმა გორის "დილამ" კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებს 4 ქულით გაუსწრო და ახლა ძალზე ძნელი სათქმელია, მოახერხებს კი "დინამო" დარჩენილ ტურებში ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას?

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
24.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ცხინვალი-დინამო (თბ) 4:1
გოლები: 0:1 ცინცაძე (24. ლობჟანიძის პასით), 1:1 ივანიშვილი (39. ბაჩიაშვილის პასით), 2:1 კაჭარავა (59. ცერცვაძის პასით), 3:1 მახარობლიძე (87), 4:1 ცაცკრიალაშვილი (90)
გამოუყენებელი პენალტი: კილასონია (73. მეკარე)
ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კილასონია, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი - ქარდავა, თარხნიშვილი - მახარობლიძე, ივანიშვილი (75. ლექვთაძე), შინდაგორიძე (54. ცაცკრიალაშვილი) - კაჭარავა (87. კაჭკაჭიშვილი).
სათადარიგოები: იმედაშვილი, ჯიშკარიანი, ნანიევი, ბურძენაძე.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დინამო (თბ) (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე (75. ჯიღაური), რენე ფერეირა, თოთაძე, შერგელაშვილი - ცინცაძე, პარუნაშვილი (61. ჩირგაძე) - ლობჟანიძე, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი (88. ჯანელიძე) - მანუელი.
სათადარიგოები: გველესიანი, დაუშვილი, ბუკორაცი, ტაბატაძე
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
გაფრთხილება: თოთაძე (28), ფერეირა (65), კაკაბაძე (73), ბაჩიაშვილი (78), ცინცაძე (80)
მსაჯი: ა. ბასლეჰლო (სირია).

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 12
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები
28 აპრილი, სამშაბათი

მომდევნო (XXVI) ტური
1-ლი მაისი, პარასკევი
გურია-ზუგდიდი
შუქურა-მერანი
2 მაისი, შაბათი
სიონი-ცხინვალი
ჩიხურა-დინამო (ბთ)
დინამო (თბ)-ტორპედო
მეტალურგი-დილა
სამტრედია-კოლხეთი
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 0:3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეხლა რას იტყვის ის ზაკოო თუ ვიღაცა ძალიან მაინტერესებს
ilia
00:52 01-05-2015
0
სირცხვილია როცა ასეთი ბიუჯეტის მქონე გუნდი ასეთ მდგომარეობამდე მივიდა. მცირე შემოსავლიანი გუნდიც კი უგებს, იმიტომ რომ ბიჭები ფულს კი არ უყურებენ, არამედ ჯიგარს დებენ, უყვართ ფეხბურთი და თავის გულშემატკივარსაც ახარებენ.
dito
10:16 28-04-2015
0

სიახლეები პოპულარული